შინაარსზე გადასვლა

ესქიფაზარის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესქიფაზარის ციხე — ციხე თურქეთში, ეს ციხე იიდერესა და ბალთაჯს შორის მდებარე სოფელ ესქიფაზარშია. ესქიფაზარის ძეგლი საშუალო სკოლასთან სამხრეთით მდებარე ფერდობზეა დაშენებული. ციხე ცენტრალური გზიდან, სოფელ ქუმლუდერეს შესახვევიდან, 100 მეტრში მდებარეობს. შედარებით კარგადაა შემონახული ციხის აღმოსავლეთი კედელი. აღმოსავლეთ ნაწილის სიგრძე დაახლოებით 50-60 მეტრია, სიმაღლე კი — 3,5-4 მ-ია. მონგრეულია ამ კედლის სამხრეთი მონაკვეთი. იგი უბანში საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის დროს მოიშალა. კედლის გარე წყობებში გამოყენებულია ზედაპირ ჩამოსწორებული საშუალო ზომის ქვები. მათი დიდი ნაწილი ამჟამად ჩამოშლილია. კარგად ჩანს მხოლოდ პერანგებ შორისი შიგთავსი, რომელშიც საშუალო და მცირე ზომის ქვების, ქვიშის თუ დუღაბის ნარევია გამოყენებული. პერანგებ შემოცლილი კედლის სიგანე თითქმის ერთი მეტრია. ზოგგან დაცულია დასავლეთი კედლის საძირკვლის ნაშთებიც. რაც შეეხება სამხრეთ მხარეს, აქ კედლების არსებობის კვალი საერთოდ გამქრალია. როგორც ჩანს, ამ ტერიტორიაზე ჩაის პლანტაციის გაშენების დროს ნარჩენებიც კი დაშალეს. რაც შეეხება ჩრდილოეთ მხარეს, აქაც ზოგგან დაცულია გალავნის კედლის ნაშთები, ისიც მთლიანად ეკალ-ბარდითაა დაფარული. ციხე დიდი ზომის სჩანს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებს შორის დაცილება 100-110 მეტრია. გზის ჭრილისა და ზედაპირულად არსებული კერამიკული მასალის ფრაგმენტების მიხედვით, ციხე საკმაოდ ადრეული ნაგებობა სჩანს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობთ, იგი გვიან ანტიკური ხანისა უნდა იყოს, სადაც არაა გამორიცხული რომაული გარნიზონი მდგარიყო.

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 50 ISBN 978-9941-0-6458-6.