შინაარსზე გადასვლა

ესტონეთის ხელოვნების აკადემია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტონეთის ხელოვნების აკადემია
დაფუძნდა 1914
ტიპი საჯარო
ქალაქი ტალინი
ქვეყანა ესტონეთი
https://www.artun.ee/et/avaleht/

ესტონეთის ხელოვნების აკადემია — ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი ესტონეთში, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებას ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურის, მედიის, ხელოვნების ისტორიისა და კონსერვაცია-რესტავრაციის სფეროებში. აკადემია მდებარეობს ესტონეთის დედაქალაქში, ტალინში.

აკადემიის წესდების თანახმად, ესტონეთის ხელოვნების აკადემიის საქმიანობის მთავარი მიზანია შემოქმედებისა და კვლევის ხელშეწყობა, რაც იძლევა თანამედროვე უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ინტეგრირებული სწავლების საფუძველზე. სასწავლო მოდულები აკმაყოფილებენ უმაღლესი განათლების სტანდარტს სახვითი ხელოვნების, დიზაინის, მედიის, არქიტექტურის, ხელოვნების ისტორიის, კონსერვაცია-რესტავრაციისა და მასწავლებელთა განათლების სფეროში.

ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრის 2007 წლის 10 თებერვლის №145 აქტით, საერთაშორისო ექსპერტთა კომიტეტმა EKA-ს, როგორც ინსტიტუციას, აკრედიტაცია მისცა.

ესტონეთის ხელოვნების აკადემიას ხელი აქვს მოწერილი დაახლოებით 80 ორმხრივ შეთანხმებაზე უნივერსიტეტებთან, რომლებიც მონაწილეობენ ERASMUS პროგრამაში, მაგრამ ასევე ჰყავს პარტნიორი ინსტიტუციები ERASMUS-ის უმაღლესი განათლების სივრცის გარეთაც – შვეიცარიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რუსეთში, ავსტრალიაში და ასევე, ზოგიერთ კერძო უნივერსიტეტთან ევროკავშირის შიგნით.

EKA-ს დაარსება უკავშირდება 1914 წელს, როდესაც ესტონეთის ხელოვნების საზოგადოებამ დააფუძნა ტალინის სამრეწველო ხელოვნების სკოლა.[1]

სამრეწველო ხელოვნების სკოლა იყო პირველი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადერთი სახელოვნებო სკოლა ესტონეთში. დამფუძნებლებმა თავდაპირველი სასწავლო პროგრამა შეიმუშავეს ბარონ ალექსანდრ ფონ შტიგლიცის მიერ სანკტ-პეტერბურგში დაარსებული სახელოვნებო სკოლის პროგრამის მიხედვით. სწავლების მეთოდოლოგია პრიორიტეტს ანიჭებდა ტექნიკური და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

1920 [1] წელს, ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ, ტალინის სამრეწველო ხელოვნების სკოლა გახდა სახელმწიფო სამრეწველო ხელოვნების სკოლა, რომელიც უზრუნველყოფდა განათლების მიღების შესაძლებლობას გამოყენებითი ხელოვნების ყველა სპეციალობაში. 1922 წელს ესტონეთში დასრულდა საგანმანათლებლო რეფორმა და გადავიდა ევროპული მრავალსაფეხურიანი სკოლის ტიპზე. შედეგად შესაძლებელი გახდა სპეციალისტის დიპლომის ან გამოყენებითი ხელოვნების ოსტატის მოპოვება (1934 წლიდან). 1920-იანი წლების პერიოდში გაიხსნა ახალი სახელოსნოები და დეპარტამენტები (ბეჭდვის, ქანდაკების, გრაფიკის, კერამიკის, ლითონის, მინის დამუშავებისა და გრავირების, ქსოვილის ქსოვის შესწავლა), რამაც უფრო მრავალფეროვანი გახადა სასწავლო მოდულები. მასწავლებელთა უმრავლესობას კი განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული. 1938 წელს სახელმწიფო სამრეწველო ხელოვნების სკოლა გარდაიქმნა ორ ცალკეულ დაწესებულებად: სახელმწიფო სამრეწველო და სახვითი ხელოვნების სკოლად და უმაღლეს სახელმწიფო ხელოვნების სკოლად. [2]

საბჭოთა კავშირის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წლის საბჭოთა ოკუპაციამ გამოიწვია ესტონეთის სახელოვნებო კავშირები გაწყვეტა დანარჩენ მსოფლიოსთან. ლიკვიდირებულ იქნა სახელმწიფო სახელოვნებო სკოლები , სკოლას იან კოორტის სახელობის სახელმწიფო გამოყენებითი ხელოვნების სკოლა დაერქვა. მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლა ბევრჯერ დაიხურა და სწავლება მეტად ეპიზოდური გახდა.

1944 წელს სკოლას გადაერქვა სახელი და დაერქვა ესტონეთის სსრ-ის ტალინის სახელმწიფო გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი.[1] 1951 წელს ტარტუში პალასის ხელოვნების სკოლა დაიხურა და სახვითი ხელოვნების სპეციალობები ტალინში გადავიდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ესტონეთში სახელოვნებო განათლება ახლა მთლიანად ტალინში იყო თავმოყრილი. სკოლას კვლავ გადაერქვა სახელი ესტონეთის სსრ-ის სახელმწიფო ხელოვნების ინსტიტუტად (SAIE/ესტონური აბრევიატურა ERKI). საგანმანათლებლო სისტემამ შეიძინა საბჭოთა უნივერსიტეტისთვის დამახასიათებელი ახალი ნიშნები და საგნობრივი დაყოფა, მათ შორის სამი მთავარი ციკლი – საზოგადოებრივი მეცნიერებები, ზოგადი და თეორიული სახელოვნებო საგნები და პრაქტიკული სახელოვნებო საგნები.

1949 წელს არქიტექტურის დეპარტამენტი ტალინის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან (ამჟამად ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) ERKI-ში გადავიდა, უკვე არსებულ არქიტექტურის ფაკულტეტთან კოლაბორაციით ახალი სფერო შექმნა. 1966 წელს სამრეწველო ხელოვნების განყოფილებას დაერქვა დიზაინის დეპარტამენტი. ამ ფაქტით ERKI გახდა ერთადერთი სკოლა ესტონეთში, რომელიც უზრუნველყოფდა უმაღლეს განათლებას ხელოვნებისა და არქიტექტურის ყველა სფეროში.

1959-დან 1989 წლამდე ERKI-ს რექტორი იყო იან ვარესი, რომლის ხელმძღვანელობით სკოლა, საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლის მიუხედავად, გახდა პოპულარული საგანმანათლებლო ინსტიტუცია ლიბერალური დამოკიდებულებითა და ევროპული სტანდარტებით, სადაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 20-მდე ეროვნების სტუდენტები სწავლობდნენ და სადაც ესტონელი ხელოვანების რამდენიმე თაობამ მიიღო განათლება. ERKI-ს რეპუტაცია გავრცელდა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, ხდებოდა სტუდენტთა ჯგუფების გაცვლა, სტუდენტები და პედაგოგები მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში, იღებდნენ დიდ გამოხმაურებასა და ჯილდოებს. 1978 წელს პროფესორ კალიო პოლლუს ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა ERKI-ს ფინო-უნგრული ექსპედიციების უნიკალურ ტრადიციას. [3] თავდაპირველი შენობა ძალიან პატარა აღმოჩნდა სწრაფად განვითარებადი სკოლისთვის და ინსტიტუტის მთავარი შენობა რეკონსტრუირებულ იქნა არქიტექტორ ტარვასის ნახაზების მიხედვით (I ეტაპი 1965-1967, II ეტაპი 1974), ასევე შეიძინეს ახალი სასწავლო შენობა სუურ-კლოოსტრის ქუჩაზე, ტალინის ძველ უბანში.

1989 წელს ERKI-ს დაერქვა ტალინის ხელოვნების უნივერსიტეტი, რაც სკოლის ისტორიაში აღნიშნავდა ახალი პერიოდის დასაწყისს. რექტორად აირჩიეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ესტონელი ხელოვნების ისტორიკოსი იააკ კანგილასკი. დაიწყო საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირება სახელმწიფოს უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პოლიტიკის ცვლილებების შესაბამისად. სწავლის პერიოდი თავდაპირველად შემცირდა 4,5 წლამდე. კურსის სისტემა შენარჩუნდა, მაგრამ შემოიღეს კრედიტ-ქულების ახალი სისტემა. ამ ცვლილებების პროცესში ასევე კლასიფიცირდა განათლების ახალი დონეები: დიპლომი, ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები.

1990-იანი წლების შუა პერიოდის ეკონომიკური კრიზისის დროს სკოლაში გაიზარდა საერთო რეცესია. 1995 წელს ტალინის ხელოვნების უნივერსიტეტს გადაერქვა ესტონეთის ხელოვნების აკადემია (EKA). სახელი დამტკიცდა 1996 წელს. საგრძნობლად გაიზარდა სკოლის საერთაშორისო კონტაქტები: სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლები, მონაწილეობა SOCRATES, Leonardo da Vinci, Tempus Phare და სხვა პროგრამებში, კონფერენციების, სემინარების, ფესტივალების და ა.შ. ორგანიზება. დაიწყო მანამდე არარსებული საგამომცემლო საქმიანობა. აკადემიის განვითარებას ხელი შეუწყო ახალმა ეკონომიკურმა და ფინანსურმა სისტემამ, რომელმაც საბოლოოდ დაიწყო სკოლის გამოყვანა რეცესიიდან. ერთ-ერთი მთავარი გარდატეხის წერტილი იყო სწავლების ახალი კონცეფციის შემოღება, რომელიც დაფუძნებული იყო დასავლურ მოდელზე – მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლაზე ან უწყვეტ განათლებაზე. ამ მიზნით 1996 წელს დაიწყო ხელოვნების პედაგოგების დამატებითი მომზადება. EKA-ს ღია აკადემიამ მუშაობა დაიწყო 1997 წელს. გაიხსნა ტალინის კონსერვაციის სკოლა, როგორც აკადემიის ნაწილი. აკადემიის სხვა ქვე-ინსტიტუციებში შედის გამოყენებითი ხელოვნების კოლეჯი, რომელიც სახელოვნებო განათლებას უზრუნველყოფს რუსულენოვანი სტუდენტებისთვის, და Academia Non Grata პარნუში, რომელმაც გააფართოვა სწავლების არეალი ტალინის გარეთ.

1994 წელს გაიხსნა ახალი ცენტრები სწავლების მოდერნიზაციისთვის: ელექტრონული მედიის ცენტრი და ფოტოგრაფიის დეპარტამენტი, ასევე ახალი კათედრები – მედიახელოვნება, ინტერდისციპლინური ხელოვნება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. შეიქმნა სპეციალობათაშორისი ინტეგრირებული სასწავლო გეგმა (დიზაინის ფაკულტეტი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი). 1997-დან 2000 წლამდე სკოლაში აშენდა ახალი და თანამედროვე ბიბლიოთეკა. 1999 წელს ესტონეთის ხელოვნების აკადემია შეუერთდა SOCRATES/ERASMUS პროგრამას. 2002 წელს EKA-ს სასწავლო გეგმა განახლდა ბოლონიის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად, რითაც ისინი შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირში დანერგილ უმაღლესი განათლების დონეების სტანდარტულ სისტემასთან.

პირველმა სტუდენტებმა, რომლებმაც ისწავლეს განახლებული სასწავლო გეგმის საფუძველზე, სწვლა დაამთავრეს 2006 წელს. 2005 წელს ტექსტილის ხელოვანი სიგნე კივი აირჩიეს ესტონეთის ხელოვნების აკადემიის რექტორად (ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი 1999-2001; პარლამენტის წევრი 2002-2005). რექტორმა დაიწყო ახალი პროგრამებისა და სტრატეგიების განვითარება, რის შედეგადაც 2006 წლის 31 იანვარს EKA-ს საბჭოზე დამტკიცდა ესტონეთის ხელოვნების აკადემიის განვითარების პროგრამა 2006-2010 წლებისთვის.


2006 წლის საგაზაფხულო სემესტრში (31 მარტს), EKA-ს საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება ესტონეთის ხელოვნების აკადემიისთვის ახალი შენობის მშენებლობის დაწყების შესახებ, ისტორიულ ადგილას ტარტუში, მაანტე 1-ში. თუმცა, 2013 წელს საბჭომ გადაწყვიტა შეეცვალა ადგილმდებარეობა: სუვას წინდების ფაბრიკის ყოფილი შენობა, კოტცებუე ტანავისა და პოჰია პუიესტეს კუთხეში, კალამაიას უბანში.[4][5] შენობის რენოვაციის პერიოდში აკადემია განთავსებული იყო ესტონეთის რაინდთა ორდენის ყოფილ სახლში ტოომპეაზე. 2018 წელს სასწავლებელმა გადაინაცვლა თავის ახალ შენობაში.

  1. 1.0 1.1 1.2 Rosenfeld, Alla (2001). Art of the Baltics. Rutgers University Press, გვ. 368. ISBN 0-8135-3042-3. 
  2. Raun, Toivo (2001). Estonia and the Estonians, Studies of nationalities. Hoover Press, გვ. 167. ISBN 0-8179-2852-9. 
  3. “Of Borders and Spirit”, an exhibition about the XXXVI Finno-Ugric expedition of the Estonian Academy of Arts is open at the Museum of Occupations en-US (2015-01-09). ციტირების თარიღი: 2024-01-06
  4. ‘Arts Academy decides new location’, Postimees, 19-9-2013.
  5. A new building for the EAA.