ესპერანტო ლიტერატურა
ესპერანტო ლიტერატურა — ესპერანტო ენაზე ლიტერატურის შექმნა დაიწყო ჯერ კიდევ 1887 წელს, ესპერანტოს პირველ ოფიციალურ პუბლიკაციამდე: ენის შემქმნელი, ლ. ლ. ზამენჰოფი, თარგმნიდა პოეზიასა და პროზას ამ ენაზე, ენის სისრულისა და გამომსახველობის შესამოწმებლად, მისი განვითარების პროცესში.ლ. ლ. ზამენჰოფმა გამოაქვეყნა რამდენიმე თარგმანი და მოკლე ორიგინალური ლექსი, როგორც დანართი პირველი წიგნისა ამ ენაზე, Unua Libro („პირველი წიგნი“). ესპერანტოზე ადრეული მოსაუბრეები მანამდე წერდნენ პოეზიას, მოთხრობებსა და ესეებს ამ ენაზე; იყო არაერთი მცდელობა. ანრი ვალიენი იყო პირველი, ვინც რომანები შექმნა ესპერანტოზე. პირველი ქალი რომანისტი ესპერანტოზე იყო ედიტ ალეინ სინოტი თავისი წიგნით Lilio („შროშანი“), რომელიც 1918 წელს გამოიცა.[1] რამდენიმე ლექსის გარდა, ესპერანტოს პირველი ორი ათწლეულის ლიტერატურა ახლა მხოლოდ ისტორიული ინტერესს ატარებს და მისით მკვლევართა მცირე ჯგუფი ინტერესდება.
პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში რამდენიმე ახალმა პოეტმა და რომანისტმა გამოაქვეყნა თავიანთი პირველი ნაშრომები. რამდენიმე მათგანმა მართლაც გამორჩეული ნამუშევრები შექმნა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნონ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ენაზე ტექსტების შემქმნელები ჯულიო ბაგი, ეუჯენო მიხალსკი, კალმან კალოჩაი, ჰაინრიხ ლუიკენი და ჟან ფორჟი.
თანამედროვე ავტორებს შორის არიან კლოდ პირონი და უილიამ ოლდი (რომელიც ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული ლიტერატურის დარგში), სტენ იოჰანსონი, ტრევორ სტილი, მიგელ ფერნანდესი, იულია ზიგმუნდი, სენ როდინი, ეჟენ დე ზილა, ლივენ დეკი, მანუელ დე სეაბრა, ბალდურ რაგნარსონი, ხორხე კამაჩო, ვიქტორ სადლერი, ედვინ დე კოკი, მაო ძიფუ, ბენუა ფილიპე და სხვები. ესპერანტოზე ბრაილის შრიფტით ადაპტირებულია უსინათლო რუსი ესპერანტისტის, ვასილი ეროშენკოს ნამუშევრები. ვასილი ეროშენკო წერდა და ასწავლიდა იაპონიასა და ჩინეთში 1910-იან და 1920-იან წლებში. აღსანიშნავია ასევე [[ჰაროლდ ბრაუნ]]ის მიერ შექმნილი რამდენიმე თანამედროვე პიესა ესპერანტოზე.
უნივერსალური ესპერანტო ასოციაციის უდიდესი ესპერანტო წიგნების ბიბლიოთეკის კატალოგში დაახლოებით 4,000-მდე წიგნია თავმოყრილი. დაახლოებით 130 რომანი ეპერანტოზეა დაწერილი.[2] რეგულარულად გამოიცემა ორი მთავარი ლიტერატურული ჟურნალი: Literatura Foiro („ლიტერატურული ბაზრობა“) და Beletra Almanako („ბელეტრისტული ალმანახი“); ზოგიერთი სხვა პერიოდული გამოცემა, როგორიცაა, მაგალითად, Monato („თვე“), ასევე აქვეყნებს მხატვრულ ნაწარმოებებს.
ენის ლიტერატურის ყველაზე ყოვლისმომცველი გზამკვლევია ჯეფრი სატონის Concise Encyclopedia of the Original Literature of Esperanto („ესპერანტოს ორიგინალური ლიტერატურის მოკლე ენციკლოპედია“), რომელიც გამოქვეყნდა ესპერანტოზე მოლაპარაკე მწერალთა ასოციაციის ეგიდით Mondial-ის მიერ.
ესპერანტო ავტორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ედიტ ალეინ სინოტი
- მარჯორი ბოულტონი
- უილიამ ოლდი
- ჯულიო ბაგი
- კაზიმიეჟ ბეინი (თარგმანები)
- ხორხე კამაჩო
- ვასილი ეროშენკო
- ანტონი გრაბოვსკი (ძირითადად თარგმანები)
- სტენ იოჰანსონი
- კალმან კალოჩაი
- ნიკოლაი ნეკრასოვი
- მაურო ნერვი
- კლოდ პირონი
- ფრედერიკ პუჟულა ი ვალესი
- ბალდურ რაგნარსონი
- რაიმონდ შვარცი
- ტრევორ სტილი
- ვლადიმირ ვარანკინი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sutton, Geoffrey (2008). Concise Encyclopedia of the Original Literature of Esperanto, 1887–2007 (en). Mondial, გვ. 67. ISBN 978-1-59569-090-6.
- ↑ Current trends in literary production in Esperanto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-27. ციტირების თარიღი: 2025-04-01.