ესპერანტოს ისტორია
ესპერანტო ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა შექმნა 1870-1880-იან წლებში. „უნუა ლიბრო“ (პირველი წიგნი), პირველი ბეჭდური განხილვა ამ ენისა, გამოჩნდა 1887 წელს. ესპერანტოზე მოლაპარაკეთა რაოდენობა მას შემდეგ თანდათანობით იზრდებოდა, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე. ზოგ შემთხვევაში, მისი გამოყენება აკრძალული ან სხვაგვარად შეზღუდული იყო.
სტანდარტიზებული იდიში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაახლოებით 1880 წელს, მოსკოვში ყოფნისას და ესპერანტოზე მუშაობის პარალელურად, ზამენჰოფმა წარუმატებელი მცდელობა განახორციელა იდიშის სტანდარტიზაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა მის მშობლიურ ბიალისტოკის (ჩრდილო-აღმოსავლეთ) დიალექტს, როგორც რუსეთის იმპერიის ებრაელების გამაერთიანებელ ენას. იგი იყენებდა ლათინურ ანბანსაც კი, თუმცა, დაასკვნა, რომ ასეთ პროექტს მომავალი არ ჰქონდა და მიატოვა იგი, თავი მიუძღვნა ესპერანტოს, როგორც მთელი კაცობრიობის გამაერთიანებელ ენას.[1] პოლ ვექსლერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ესპერანტო არ იყო მთავარი ევროპული ენების შემთხვევითი ნაზავი, არამედ იდიშის (მისი შემქმნელის მშობლიური ენის) ლათინიზებული რელექსიფიკაცია.[2] ამ მოდელს არ იზიარებს ლინგვისტთა დიდი ნაწილი.[3]
ენის განვითარება პუბლიკაციამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამატებითი ინფორმაცია: პროტო-ესპერანტო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოგვიანებით ზამენჰოფმა თქვა, რომ მსოფლიო ენაზე ოცნებობდა ბავშვობიდან. თავდაპირველად იგი ფიქრობდა ლათინურის აღდგენაზე, მაგრამ სკოლაში მისი შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ძალიან რთული იყო მისი გამოყენება საერთაშორისო კომუნიკაციის საერთო საშუალებად. ინგლისურის შესწავლისას მიხვდა, რომ ზმნის უღლება არ იყო აუცილებელი და გრამატიკული სისტემები შეიძლება ბევრად უფრო მარტივი ყოფილიყო. მას კვლავ ჰქონდა სიტყვათა დიდი მარაგის დამახსოვრების პრობლემა, სანამ არ შეამჩნია ორი რუსული აბრა წარწერით «Швейцарская» (შვეიცარსკაია, პორტიეს სადგური — სიტყვიდან «швейцар» შვეიცარ, პორტიე) და «Кондитерская» (კონდიტერსკაია, საკონდიტრო მაღაზია — სიტყვიდან «кондитер» კონდიტერი). მიხვდა, რომ აფიქსების გონივრული გამოყენება საგრძნობლად შეამცირებდა კომუნიკაციისთვის საჭირო ძირეული სიტყვების რაოდენობას. მან გადაწყვიტა, ლექსიკა რომანული და გერმანული ენებიდან ესესხა, ეს ენები ყველაზე ფართოდ ისწავლებოდა მსოფლიოს სკოლებში და ამიტომ ყველაზე მეტი ადამიანისთვის იქნებოდა ცნობილი.
ზამენჰოფმა ენის ადრეული ვერსია თანაკლასელებს ასწავლა. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა თარგმანებსა და პოეზიაზე, რათა დაეხვეწა თავისი ქმნილება. 1895 წელს მან დაწერა: „მე ექვსი წელი ვმუშაობდი ენის სრულყოფასა და ტესტირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 1878 წელს მას უკვე სრულიად მზად მიმაჩნდა.“ როდესაც პუბლიკაციისთვის მზად იყო, მეფის ცენზორებმა არ დაუშვეს გამოცემა. დროს უთმობდა ისეთი ნაწარმოებების თარგმნას, როგორიცაა ბიბლია და შექსპირი. ამ იძულებითმა დაყოვნებამ განაპირობა მუდმივი გაუმჯობესება. 1887 წლის ივლისში მან გამოაქვეყნა თავისი „უნუა ლიბრო“ (პირველი წიგნი), ენის ძირითადი შესავალი. ეს იყო არსებითად ის ენა, რომელზეც დღეს საუბრობენ.
„უნუა ლიბრო“-დან ბულონის დეკლარაციამდე (1887-1905)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„უნუა ლიბრო“ გამოქვეყნდა 1887 წელს. თავდაპირველად მოძრაობა ყველაზე მეტად რუსეთის იმპერიასა და აღმოსავლეთ ევროპაში განვითარდა, მაგრამ მალე გავრცელდა დასავლეთ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ: არგენტინაში — 1889 წელს; კანადაში 1901 წელს; ალჟირში, ჩილეში, იაპონიაში, მექსიკასა და პერუში 1903 წელს; ტუნისში 1904 წელს; ავსტრალიაში, შეერთებულ შტატებში, გვინეაში, ინდოჩინეთში, ახალ ზელანდიაში, ტონკინსა და ურუგვაიში 1905 წელს.
პირველ წლებში ესპერანტო გამოიყენებოდა ძირითადად ზამენჰოფისა და ადრეული მიმდევრების, როგორიცაა ანტონი გრაბოვსკი, პუბლიკაციებში, ვრცელ მიმოწერაში (უმეტესად ახლა დაკარგულია), ჟურნალში „ლა ესპერანტისტო“, რომელიც გამოიცემოდა 1889-1895 წლებში, და მხოლოდ იშვიათად — პირად შეხვედრებში.
1894 წელს, ვილჰელმ ტრომპეტერის, ჟურნალ „ლა ესპერანტისტოს" გამომცემლის, და ზოგიერთი სხვა წამყვანი მომხმარებლის ზეწოლით, ზამენჰოფმა წარმოადგინა რადიკალური რეფორმა. მან შესთავაზა ანბანის შემცირება 22 ასომდე (აქცენტირებული ასოებისა და მათი ბგერების უმეტესობის აღმოფხვრით), მრავლობითი რიცხვის შეცვლა -i-თი, პოზიციური ბრუნვის გამოყენება -n დაბოლოების ნაცვლად, ზედსართავებსა და ზმნიზედებს შორის განსხვავების მოშლა, მიმღეობათა რაოდენობის შემცირება ექვსიდან ორამდე და კორელატივების ცხრილის შეცვლა ლათინური სიტყვებით ან ფრაზებით. ეს რეფორმები დიდი უმრავლესობით უარყოფილ იქნა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შემდგომ რეფორმებსა (როგორიცაა იდო) და ენის კრიტიკაში იქნა გამოყენებული. მომდევნო ათწლეულში ესპერანტო გავრცელდა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. 1905 წლისთვის უკვე 27 ჟურნალი გამოიცემოდა (ოლდი 1988).
1904 წელს გაიმართა მცირე საერთაშორისო კონფერენცია, რასაც მოჰყვა პირველი მსოფლიო კონგრესი 1905 წლის აგვისტოში ბულონ-სიურ-მერში, საფრანგეთში. კონგრესს ესწრებოდა 688 ესპერანტისტი 20 ქვეყნიდან. ამ კონგრესზე ზამენჰოფმა ოფიციალურად უარი თქვა ესპერანტოს მოძრაობის ლიდერობაზე, რადგან არ სურდა, პირად წინასწარგანწყობას მის (ან ანტისემიტიზმის) მიმართ დაბრკოლება შეექმნა ენის პროგრესისთვის. მან შესთავაზა დეკლარაცია ესპერანტოს მოძრაობის დამფუძნებელი პრინციპების შესახებ, რომელსაც კონგრესის დამსწრეებმა მხარი დაუჭირეს.
ბულონის დეკლარაციიდან (1905) დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წლიდან დღემდე მსოფლიო ესპერანტოს კონგრესი ყოველწლიურად ტარდება, გარდა ორი მსოფლიო ომისა და COVID-19 პანდემიის პერიოდისა.
ავტონომიურ ტერიტორიას ნეიტრალური მორესნეტი, ბელგიასა და გერმანიას შორის, ჰყავდა ესპერანტოფონების საკმაოდ დიდი წილი თავის მცირე და მრავალეთნიკურ მოსახლეობაში. 1908 წელს ესპერანტო საბოლოოდ მიღებულ იქნა ჰოლანდიურის, გერმანულისა და ფრანგულის გვერდით.[4] ასევე იყო დიდი ესპერანტოს ჯგუფი ანა ტუშინსკის ხელმძღვანელობით თავისუფალ ქალაქ დანციგში.[5][6]

1920-იანი წლების დასაწყისში, დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ესპერანტოსთვის, როდესაც ირანის დელეგაციამ ერთა ლიგაში წარადგინა წინადადება, რომ იგი მიღებულიყო საერთაშორისო ურთიერთობებში გამოსაყენებლად.[7] ათმა დელეგატმა მიიღო წინადადება მხოლოდ ერთი ხმის, ფრანგი დელეგატის, გაბრიელ ჰანოტოს, წინააღმდეგ, რომელმაც გამოიყენა საფრანგეთის საბჭოს ვეტოს პრივილეგია, რათა ჩაეხშო ლიგის ყველა მცდელობა ესპერანტოს აღიარებისა, დაწყებული პირველი კენჭისყრიდან, 1920 წლის 18 დეკემბრიდან შემდეგი სამი წლის განმავლობაში. ჰანოტოს არ მოსწონდა, როგორ კარგავდა ფრანგული ენა თავის პოზიციას საერთაშორისო ასპარეზზე და ესპერანტოს საფრთხედ მიიჩნევდა. თუმცა, ორი წლის შემდეგ ლიგამ რეკომენდაცია გაუწია თავის წევრ სახელმწიფოებს, რომ ესპერანტო ჩაერთოთ საგანმანათლებლო პროგრამებში. სანაცვლოდ, ფრანგებმა ფრანგულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში ესპერანტოს ყველანაირი სწავლება აკრძალეს. საფრანგეთის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპერანტოს მიღება ნიშნავდა, რომ „ფრანგული და ინგლისური დაიღუპებოდა და მსოფლიოს ლიტერატურული სტანდარტი დაქვეითდებოდა“.მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი 1920-იან წლებს ესპერანტოს მოძრაობის ოქროს ხანად მიიჩნევს.
1941 წელს საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, დეპორტაციები და მრავალი ესპერანტისტისა და მათი ნათესავების მკვლელობა ანტინაციონალისტური მოძრაობის შიშით, მაგრამ ეს შეწყდა ნაცისტური ინვაზიის გამო.[8]
ჰიტლერმა დაწერა „მაინ კამპფ“-ში[9], რომ ესპერანტო შეიქმნა, როგორც უნივერსალური ენა ებრაული დიასპორის გასაერთიანებლად.
ებრაელებისგან თავისუფალი ეროვნული გერმანული ესპერანტოს ლიგის შექმნა არ აღმოჩნდა საკმარისი ნაცისტების დასაშოშმინებლად. ესპერანტოს სწავლება არ დაიშვებოდა გერმანულ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში მეორე მსოფლიო ომის დროს. ესპერანტისტები ზოგჯერ ახერხებდნენ აკრძალვისთვის გვერდის ავლას: დარაჯებს არწმუნებდნენ, რომ ისინი ასწავლიდნენ იტალიურს, გერმანიის უახლოესი მოკავშირის ენას.
საბჭოთა კავშირის ადრეულ წლებში, ესპერანტოს გარკვეულწილად მთავრობის მხარდაჭერა ჰქონდა და ოფიციალურად აღიარებული საბჭოთა ესპერანტოს ასოციაცია შეიქმნა.[10] თუმცა, 1937 წელს სტალინმა შეცვალა ეს პოლიტიკა და ესპერანტოს გამოყენება ფაქტობრივად აიკრძალა 1956 წლამდე.[10] მართალია, ესპერანტო თავისთავად არ იყო საკმარისი მიზეზი სიკვდილით დასჯისთვის, მაგრამ მისი გამოყენება გავრცელებული იყო ებრაელებსა თუ პროფკავშირის წევრებს შორის და ხელს უწყობდა უცხოელებთან კონტაქტებს. ფაშისტური იტალია, მეორე მხრივ, გარკვეულ ძალისხმევას იჩენდა იტალიაში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ესპერანტოზე შექმნილი ბროშურების საშუალებით და აფასებდა იტალიურსა და ესპერანტოს შორის არსებულ მსგავსებებს. პორტუგალიის მემარჯვენე მთავრობები ენის წინააღმდეგ იბრძოდნენ 1936 წლიდან, სანამ არ დაამხეს 1974 წლის „მიხაკების რევოლუციაში“.[11][12] ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ფრანკოს ესპანეთმა რეპრესიები დაიწყო ანარქისტებისა და კატალონიელი ნაციონალისტების წინააღმდეგ, რომელთა შორისაც ესპერანტოზე საუბარი საკმაოდ გავრცელებული იყო; მაგრამ 1950-იან წლებში ესპერანტო მოძრაობა კვლავ გახდა შემწყნარებლური,[13] ფრანცისკო ფრანკომ მადრიდის მსოფლიო ესპერანტო კონგრესის საპატიო მფარველობაც კი მიიღო.
ცივმა ომმა, განსაკუთრებით 1950-1960-იან წლებში, ასევე შეაფერხა ესპერანტო მოძრაობა, რადგან ორივე მხარეს ეშინოდა, რომ ესპერანტო შეიძლება გამოეყენებინათ მტრული პროპაგანდისთვის. თუმცა, ენამ ერთგვარი რენესანსი განიცადა 1970-იან წლებში და გავრცელდა მსოფლიოს ახალ ნაწილებში, როგორიცაა მისი ნამდვილი აფეთქება პოპულარობის მხრივ ირანში 1975 წელს. 1991 წლისთვის საკმარისი რაოდენობის აფრიკელი ესპერანტისტები იყვნენ, რომ გამართულიყო პან-აფრიკული კონგრესი. ენა განაგრძობს გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად არ არის აღიარებული და მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია.
2022 წელს დაარსდა ესპერანტოს კლუბი ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგურზე, რითაც ანტარქტიდა გახდა ბოლო კონტინენტი ორგანიზებული ესპერანტისტებით.[14]
ენის ევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბულონის დეკლარაციამ (1905) შეზღუდა ცვლილებები ესპერანტოში. ეს დეკლარაცია, სხვა საკითხებთან ერთად, აცხადებდა, რომ ენის საფუძველი უნდა დარჩენილიყო „ფუნდამენტო დე ესპერანტო“ („ესპერანტოს საფუძველი“, ზამენჰოფის ადრეული ნაშრომების ჯგუფი), რომელიც სავალდებულოა სამუდამოდ: არავის აქვს უფლება, შეიტანოს მასში ცვლილებები. დეკლარაცია ასევე უშვებს ახალი ცნებების გამოხატვას მოსაუბრის შეხედულებისამებრ, მაგრამ რეკომენდაციას უწევს ამის გაკეთებას ორიგინალური სტილის შესაბამისად.
ბევრი ესპერანტისტი მიიჩნევს, რომ ეს დეკლარაცია, რომელიც ასტაბილურებს ენას, არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ესპერანტოს მოსაუბრეთა საზოგადოება გაიზარდა სხვა ხელოვნური ენების მიერ მიღწეულ დონეზე მეტად და განავითარა აყვავებული კულტურა. სხვა კონსტრუირებულ ენებს ხელი შეუშალა სტაბილური მოსაუბრე საზოგადოების განვითარებაში მუდმივმა წვრილმანმა ცვლილებებმა. ასევე, კონსტრუირებული ენების ბევრი შემქმნელი მესაკუთრეობრივად იყო განწყობილი თავისი ქმნილების მიმართ და ყველანაიარად ცდილობდა, სხვებისთვის არ მიეცა ენაში წვლილის შეტანის საშუალება. ერთ-ერთი ასეთი საბოლოოდ კატასტროფული შემთხვევა იყო შლაიერის ვოლაპუკი. ამის საპირისპიროდ, ზამენჰოფმა განაცხადა, რომ „ესპერანტო ეკუთვნის ესპერანტისტებს“ და გადავიდა მეორე პლანზე, როგორც კი ენა საჯარო გახდა, რაც სხვებს საშუალებას აძლევდა, მონაწილეობა მიეღოთ ენის ადრეულ განვითარებაში.
გრამატიკული აღწერა ადრეულ წიგნებში რამდენადმე ბუნდოვანი იყო, ამიტომ გამოყენების კონსენსუსი (რომელზეც გავლენა მოახდინა ზამენჰოფის პასუხებმა ზოგიერთ კითხვაზე) დროთა განმავლობაში განვითარდა საწყისი ჩარჩოს (ოლდი 1988) მიერ დადგენილ საზღვრებში. ბულონის დეკლარაციამდეც კი ენა საოცრად სტაბილური იყო; ლექსიკური ცვლილებების მხოლოდ ერთი ნაკრები გაკეთდა პუბლიკაციიდან პირველი წლის განმავლობაში. ამგვარად, ესპერანტომ მიაღწია სტრუქტურისა და გრამატიკის სტაბილურობას, რითაც ერთგვარად ბუნებრივ ენებს დაემსგავსა მშობლიური მოსაუბრეებისა და ტრადიციული ლიტერატურის წყალობით. შესაძლებელი იყო ესპერანტოს სწავლა ისე, რომ ის არ შეცვლილიყო. ცვლილებები შეიძლება მომხდარიყო და მართლაც მოხდა ენაში, მაგრამ მხოლოდ ფართო პოპულარული მხარდაჭერის მოპოვებით; არ არსებობდა ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც თვითნებურ ცვლილებებს შეიტანდა, როგორც ეს მოხდა ვოლაპუკსა და ზოგიერთ სხვა ენასთან.
დიალექტები, რეფორმის პროექტები და წარმოებული ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ ასევე: ესპერანტიდო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ესპერანტო არ დაშლილა რეგიონულ დიალექტებად ბუნებრივი ენის გამოყენების გზით. ეს შეიძლება იმის გამო, რომ ის ყოველდღიური კომუნიკაციის ენაა მხოლოდ მისი მოსაუბრეების მცირე უმცირესობისთვის. თუმცა, სულ მცირე, სამი სხვა ფაქტორი მოქმედებს დიალექტების წინააღმდეგ, კერძოდ: ფუნდამენტოს ცენტრიპეტული ძალა, პლენა ვორტაროსა და მისი მემკვიდრეების გამაერთიანებელი გავლენა, რომლებიც იყენებდნენ ზამენჰოფისა და წამყვანი მწერლების ნაშრომებს, და თავად სამეტყველო საზოგადოების ტრანსნაციონალური ამბიციები. სლენგი და ჟარგონი გარკვეულწილად განვითარდა, მაგრამ ასეთი თვისებები ხელს უშლის უნივერსალურ კომუნიკაციას — ესპერანტოს მთავარ არსს — და ამიტომ ძირითადად თავიდან იქნა აცილებული.
თუმცა, XX საუკუნის დასაწყისში შემოთავაზებულ იქნა მრავალი რეფორმის პროექტი. თითქმის ყველა მათგანი მკვდრადშობილი იყო, მაგრამ სულ პირველმა, იდომ („შთამომავალი“), მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რამდენიმე წლის განმავლობაში. იდო შემოთავაზებულ იქნა საერთაშორისო დამხმარე ენად პარიზში 1907 წლის ოქტომბერში. მისი ძირითადი რეფორმები გულისხმობდა ანბანის, სემანტიკისა და ზოგიერთი გრამატიკული მახასიათებლის რომანულ ენებთან უფრო მჭიდრო შესაბამისობაში მოყვანას, ასევე ზედსართავი შეთანხმებისა და ბრალდებითი ბრუნვის მოშორებას, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა. თავდაპირველად, ბევრმა წამყვანმა ესპერანტისტმა მხარი დაუჭირა იდოს პროექტს, მაგრამ მოძრაობამ მარცხი განიცადა და ამჟამინდელი მოსაუბრეების რაოდენობა ძალიან მცირეა. თუმცა, იდო აღმოჩნდა ესპერანტოს ლექსიკის მდიდარი წყარო.
ზოგიერთ სხვა მსგავს პროექტსაც გაუჩნდა მიმდევრები. ერთ-ერთი ასეთია რიიზმი, რომელიც ცვლის ენას არასექსისტური ენისა და გენდერულად ნეიტრალური ნაცვალსახელების ჩართვით. თუმცა, ამ პროექტების უმეტესობა სპეციფიკურია ცალკეული ეროვნებებისთვის (რიიზმი ინგლისურენოვანი მოსაუბრეებისგან, მაგალითად).
ესპერანტოს მიეწერება რამდენიმე უფრო გვიანდელი კონკურენტი ენის პროექტზე გავლენა ან შთაგონება, როგორიცაა ოქციდენტალი (1922) და ნოვიალი (1928). ისინი ყოველთვის ჩამორჩებოდნენ ესპერანტოს პოპულარობით. საპირისპიროდ, ინტერლინგვამ (1951) ბევრად გადააჭარბა იდოს პოპულარობის თვალსაზრისით. თუმცა, მასზე ნაკლებად იგრძნობა ესპერანტოს გავლენა.[15]
ესპერანტოს ქრონოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1859: ლ. ლ. ზამენჰოფი, ესპერანტოს შემქმნელი, იბადება ბიალისტოკში, რუსეთში (ახლანდელი პოლონეთი).
- 1873: ზამენჰოფის ოჯახი გადადის ვარშავაში.
- 1878: ზამენჰოფი თავისი უნივერსალური ენის პროექტის, ლინგვე უნივერსალას, დასრულებას აღნიშნავს საშუალო სკოლის მეგობრებთან ერთად.
- 1879: ზამენჰოფი სწავლობს სამედიცინო სკოლაში მოსკოვში. მისი მამა წვავს მის ენის პროექტს, სანამ ის შორსაა. ამასობაში შლაიერი აქვეყნებს ვოლაპუკის ესკიზს, პირველი კონსტრუირებული საერთაშორისო დამხმარე ენის, რომელმაც შეიძინა მოსაუბრეთა გარკვეული რაოდენობა. ბევრი ვოლაპუკის კლუბი მოგვიანებით გადავა ესპერანტოზე.
- 1881: ზამენჰოფი ბრუნდება ვარშავაში სამედიცინო სკოლის გასაგრძელებლად და იწყებს თავისი პროექტის აღდგენას.
- 1887: ზამენჰოფი ქორწინდება. ივლისში, ცოლის ფინანსური დახმარებით, აქვეყნებს „უნუა ლიბროს“, პირველ პუბლიკაციას, რომელიც წარადგენს ესპერანტოს რუსულ ენაზე. პოლონური, გერმანული და ფრანგული თარგმანები ქვეყნდება იმავე წელს.
- 1888: ლევ ტოლსტოი ხდება ადრეული მხარდამჭერი. ზამენჰოფი აქვეყნებს „დუა ლიბროს“, ასევე „უნუა ლიბროს“ პირველ ინგლისურენოვან გამოცემას, რომელიც აღმოჩნდა შეცდომებით სავსე.
- 1889: „უნუა ლიბროს“ მეორე ინგლისურენოვანი გამოცემა ქვეყნდება იანვარში, რიჩარდ ჰ. გეოჰეგანის თარგმანით, და ხდება სტანდარტული ინგლისური თარგმანი. ჰენრი ფილიპს უმცროსი, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოებიდან, ასევე თარგმნის „უნუა ლიბროს“ ინგლისურად. „ლა ესპერანტისტოს“ პირველი ტომი ქვეყნდება სექტემბერში. იწყება ენის ესპერანტოს სახელით მოხსენიება.
- 1894: ზამენჰოფი, ზეწოლის შემდეგ, აყენებს რადიკალურ რეფორმას კენჭისყრაზე, მაგრამ იგი დიდი უმრავლესობით უარყოფილია. ესპერანტოს იმ ვერსიას ხშირად უწოდებენ ესპერანტო 1894.
- 1895: „ლა ესპერანტისტო“ წყვეტს გამოცემას. „ლინგვო ინტერნაცია“ იწყებს გამოცემას დეკემბერში.
- 1901: ზამენჰოფი აქვეყნებს თავის იდეებს უნივერსალური რელიგიის შესახებ, დაფუძნებულს ჰილელ უფროსის ფილოსოფიაზე.
- 1905: „ფუნდამენტო დე ესპერანტო“ ქვეყნდება გაზაფხულზე. პირველი მსოფლიო ესპერანტოს კონგრესი ტარდება ბულონ-სიურ-მერში, 688 მონაწილით და მთლიანად ესპერანტოზე. ბულონის დეკლარაცია შემუშავდა და რატიფიცირებულ იქნა კონგრესზე.
- 1906: მეორე მსოფლიო ესპერანტოს კონგრესი ტარდება ჟენევაში, შვეიცარიაში, 1200 მონაწილით. იწყება „ლა რევუოს“ გამოცემა.
- 1907: ბრიტანეთის პარლამენტის თორმეტი წევრი წარადგენს ზამენჰოფს ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ჩეკბანკო ესპერანტისტა (ესპერანტისტული ბანკი) ფუძნდება ლონდონში, იყენებს სპესმილოს, ესპერანტოს დამხმარე ვალუტას, რომელიც დაფუძნებულია ოქროს სტანდარტზე. ლუი კუტურას მიერ ორგანიზებული კომიტეტი პარიზში წამოჭრის იდოს რეფორმის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ესპერანტოს პირველ მსოფლიო ომამდე.
- 1908: ჰექტორ ჰოდლერმა, 19 წლის შვეიცარიელმა ესპერანტისტმა, დააარსა უნივერსალური ესპერანტოს ასოციაცია.
- 1909: ბარსელონაში დაარსდა ესპერანტისტი რკინიგზის მუშაკების საერთაშორისო ასოციაცია.
- 1910-იანები: ესპერანტო ისწავლება სახელმწიფო სკოლებში ჩინეთის რესპუბლიკაში, სამოსსა და მაკედონიაში.
- 1910: ფრანგული პარლამენტის 42 წევრი წარადგენს ზამენჰოფს ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.
- 1914: „ლინგვო ინტერნაცია“ და „ლა რევუო“ წყვეტენ გამოცემას.
- 1917: ზამენჰოფი გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის დროს.
- 1920: პირველი ესპერანტოს ჟურნალი უსინათლოებისთვის, „აურორო“, იწყებს გამოცემას მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში. ის დღემდე იბეჭდება.
- 1921: მეცნიერებათა ფრანგული აკადემია რეკომენდაციას უწევს ესპერანტოს გამოყენებას საერთაშორისო სამეცნიერო კომუნიკაციისთვის.
- 1922: ესპერანტო იკრძალება ფრანგულ სკოლებში.
- 1924: ერთა ლიგა რეკომენდაციას უწევს წევრ სახელმწიფოებს, დანერგონ ესპერანტო, როგორც დამხმარე ენა.
- 1920-იანები: ბრაზილიის განათლების სამინისტროს ოფისები იყენებენ ესპერანტოს თავიანთი საერთაშორისო კორესპონდენციისთვის. ლუ სინი, თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელი, ხდება ესპერანტოს მხარდამჭერი. მონტეგიუ ს. ბატლერი არის პირველი, ვინც ზრდის ესპერანტოზე მოლაპარაკე ბავშვებს.
- 1933/34: საერთაშორისო (ნეიტრალური) ესპერანტოს მოძრაობის რეორგანიზაცია, სახელწოდებით UEA.
- 1934: ესპერანტოს ენციკლოპედია პირველად გამოიცა ბუდაპეშტში.
- 1935: კალოჩაი და ვარინგიენი აქვეყნებენ გავლენიან „პლენა გრამატიკო დე ესპერანტო“ (ესპერანტოს სრული გრამატიკა). ესპერანტო და სხვა ხელოვნური ენები დე ფაქტო აკრძალულია ნაცისტურ გერმანიაში[16] მაისში.
- 1936: ივნისში ესპერანტოს ყველა ორგანიზაცია აიკრძალა ნაცისტურ გერმანიაში აკრძალულია ჰაინრიჰ ჰიმლერის მიერ.
- 1937: ესპერანტოს ორგანიზაციის ლიდერები საბჭოთა კავშირში დააპატიმრეს.
- 1938: დაარსდა მსოფლიო ესპერანტოს ახალგაზრდული ორგანიზაცია TEJO.
- 1939-1945: მეორე მსოფლიო ომში ბევრი ქვეყანა ოკუპირებულია გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ, სადაც ესპერანტოს ორგანიზაციები ხშირად აკრძალული იყო ან ესპერანტოს აქტივობები შეზღუდული იყო სხვა გზებით.
- 1948: რკინიგზის მუშაკთა ასოციაცია ხელახლა ფუძნდება, როგორც IFEF, ინტერნაცია ფერვოისტა ესპერანტო-ფედერაციო (რკინიგზის მუშაკთა ესპერანტოს საერთაშორისო ფედერაცია), რათა ხელი შეუწყოს ესპერანტოს გამოყენებას მსოფლიოს (ამ ეტაპზე ევრაზიის) რკინიგზების ადმინისტრაციაში.
- 1954: UNESCO ამყარებს საკონსულტაციო ურთიერთობებს უნივერსალურ ესპერანტოს ასოციაციასთან.
- 1966: პასპორტა სერვოს წინამორბედი იწყება არგენტინაში. პასპორტა სერვო არის ესპერანტოზე მოლაპარაკეთა გლობალური ქსელი, რომლებიც მასპინძლობენ მათ ქვეყნებში მოგზაურობ ესპერანტისტებს.
- 1967: იშტვან ნემერე აფუძნებს რენკონტიჯო დე ესპერანტო-ფამილიოს, პირველ ორგანიზაციას ესპერანტოზე მოლაპარაკე ოჯახებისთვის.
- 1975: ესპერანტოს მოძრაობა ვრცელდება ირანში, სამი ათასი ადამიანი სწავლობს ენას თეირანში.
- 1980: ინტერნაცია იუნულარა კონგრესო (საერთაშორისო ახალგაზრდული კონგრესი) რაუმაში, ფინეთში რატიფიცირებას უკეთებს რაუმას მანიფესტს, მთავარი არსით, რომ ესპერანტო თავისთავად მიზანია.
- 1985: UNESCO მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, დაამატონ ესპერანტო თავიანთ სასკოლო პროგრამებში.
- 1987: 6000 ესპერანტისტი ესწრება მსოფლიო ესპერანტოს 72-ე კონგრესს ვარშავაში, რომელიც აღნიშნავს ესპერანტოს ასწლეულს.
- 1991: პირველი პან-აფრიკული ესპერანტოს კონფერენცია ტარდება ლომეში, ტოგოში.
- 1992: PEN International-მა მიიღო ესპერანტოს სექცია.
- 1999: ესპერანტოელი პოეტი უილიამ აულდი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
- 2001: დაიწყო „ვიკიპედიოს“ პროექტი (ესპერანტოს ვიკიპედია), რამაც შედეგად მოიტანა პირველი ზოგადი ენციკლოპედია, დაწერილი ხელოვნურ ენაზე. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებგვერდია ესპერანტოზე.
- 2004: პარტია „ევროპა-დემოკრატია-ესპერანტო“ მონაწილეობს ევროპარლამენტის არჩევნებში საფრანგეთში, პლატფორმით, რომელიც ითვალისწინებდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის ესპერანტოს ქცევას მეორე ენად, ხმების 0.15% მოიპოვა.
- 2007: ისრაელმა გამოსცა მარკა ესპერანტოს 120 წლისთავის აღსანიშნავად (1887-2007). ზამენჰოფის გამოსახულება შექმნილია მისი ცხოვრების აღმწერი ტექსტით, რომელიც გადმობეჭდილია ვიკიპედიის სტატიიდან ესპერანტოს შესახებ. მარკის კუთხეში ნაჩვენებია ესპერანტოს მოძრაობის დროშა.
- 2009: ბრაზილიის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ესპერანტოს სახელმწიფო სკოლების სასწავლო პროგრამის არჩევით ნაწილად აქცევდა.
- 2010 წლისთვის კანონპროექტი ჯერ არ იყო მიღებული დეპუტატთა პალატის მიერ.[17][18][19]
- 2015: მე-100 მსოფლიო ესპერანტოს კონგრესი გაიმართა ლილში, საფრანგეთში. Duolingo-მ დაიწყო ესპერანტოს პროგრამა.
- 2017: გაეშვა Amikumu, აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს ესპერანტისტებს სხვა ადგილობრივ ესპერანტისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Auld, William. La Fenomeno Esperanto. Rotterdam: UEA, 1988.
- Dijk, Ziko van. Historio de UEA. Partizánske: Espero, 2012.
- Forster, Peter Glover. The Esperanto Movement. Den Haag et al. 1982 (Hull 1977).
- Gobbo, Federico. Is It Possible for All People to Speak the Same Language? The Story of Ludwik Zamenhof and Esperanto დაარქივებული 2020-08-14 საიტზე Wayback Machine. (PDF დაარქივებული 2018-04-13 საიტზე Wayback Machine. ).
- König, Malte. Esperanto. In: 1914-1918-online. International Encyclopedia of the First World War, ed. by Ute Daniel, Peter Gatrell, Oliver Janz, Heather Jones, Jennifer Keene, Alan Kramer, and Bill Nasson, issued by Freie Universität Berlin, Berlin 2024-02-05.
- Korĵenkov, Aleksander. Historio de Esperanto. Kaliningrad 2005.
- Lins, Ulrich. La Danĝera Lingvo. Gerlingen, Germany: Bleicher Eldonejo, 1988. (Also available in Polish [1] დაარქივებული 29 October 2008 საიტზე Wayback Machine. )
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ronald Creagh & Karine Tourraton. A Short History of Anarchist Participation in the Esperanto Movement.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Christer Kiselman, "Esperanto: Its origins and early history", in Andrzej Pelczar, ed., 2008, Prace Komisji Spraw Europejskich PAU, vol. II, pp. 39–56, Krakaw.
- ↑ Wexler, Paul (2002). Two-Tiered Relexification in Yiddish: Jews, Sorbs, Khazars, and the Kiev-Polessian Dialect (en). Berlin: Mouton de Gruyter. ISBN 3-11-017258-5.
- ↑ Spolsky, Bernard (2014). The Languages of the Jews: A Sociolinguistic History (en). Cambridge: Cambridge University Press, გვ. 157, 180ff, 183. ISBN 978-1-139-91714-8.
- ↑ Carter, Dylan. (2023-10-16) The forgotten tale of Neutral Moresnet en. ციტირების თარიღი: 2025-04-07
- ↑ Anna Eliza Tuschinski (1841–1939) pl-PL (2021-03-26). ციტირების თარიღი: 2023-06-02
- ↑ Daniluk, Jan. (2017-08-13) 90 lat od spotkania esperantystów w Gdańsku pl. ციტირების თარიღი: 2023-06-02
- ↑ Zaft, Sylvan (2002). „Chapter Two: From a Dream to a Reality“, Esperanto: A Language for the Global Village. Calgary: Esperanto Antauen Publishing.
- ↑ Sutton, Geoffrey (2008). Concise Encyclopedia of the Original Literature of Esperanto 1887–2007 (en). New York: Mondial, გვ. 162. ISBN 978-1-59569-090-6.
- ↑ Hitler, Adolf (1941). „Chapter XI“, Mein Kampf (en). New York: Reynal & Hitchcock, გვ. 423.
- ↑ 10.0 10.1 Donald J. Harlow, The Esperanto Book, chapter 7 დაარქივებული 1 December 2010 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Melo, Daniel (2022-04-01). „‘Living Normally’: Everyday Life Under Salazarism“. European History Quarterly (ინგლისური). 52 (2): 200–220. doi:10.1177/02656914221085129. hdl:10362/138560. ISSN 0265-6914.
- ↑ Nelsson, Richard; Nelsson, compiled by Richard (2024-04-24). „Portugal’s Carnation Revolution – archive, April 1974“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2025-02-13.
- ↑ La utilización del esperanto durante la Guerra Civil Española, Toño del Barrio and Ulrich Lins. Paper for the International Congress on the Spanish Civil War, (Madrid, 27–29 November 2006).
- ↑ Week 19 at the Pole (20 May 2022).
- ↑ Malmkjaer, Kirsten (2005). Linguistics Encyclopedia, 2nd (en), London: Routledge, გვ. 113. ISBN 978-0-203-64464-5.
- ↑ Sadler, Victor; Lins, Ulrich (1972) „Regardless of Frontiers: A Case Study in Linguistic Persecution“, Man, Language and Society: Contributions to the Sociology of Language. The Hague: Mouton, გვ. 209.
- ↑ PLS 27/2008 pt. ციტირების თარიღი: 2022-04-18
- ↑ PL-6162/2009 pt. ციტირების თარიღი: 2022-04-18
- ↑ Entidades manifestam apoio à proposta de incluir ensino de Esperanto na grade de disciplinas da rede pública pt (2009-06-18). ციტირების თარიღი: 2022-04-18