ესპანური კიბეები

ესპანური კიბეები (იტალ. Scalinata di Trinità dei Monti) — ცნობილი მონუმენტი, მდებარეობს რომში, იტალიაში. მისი საშუალებით ტურისტები ადიან ციცაბო ფერდობზე. 135 საფეხურისგან[1] შემდგარი კიბე უკავშირდება ტრინიტა დე მონტის ეკლესიას, რომელიც საფრანგეთის მეფეების მფარველობის ქვეშ იყო, ხოლო უფრო მაღლა მდებარეობდა ესპანეთის საელჩო. ის დააპროექტეს არქიტექტორებმა ფრანჩესკო დე სანქტისმა და ალეჰანდრო სპეჩიმ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიბეების მშენებლობას წინ უძღოდა მრავალწლიანი ცხარე კამათი იმის შესახებ, თუ როგორ გაელამაზებინათ ციცაბო, 29 მეტრიანი ეკლესიამდე ასასვლელი ფერდობი.[2] 1580-იანი წლების საარქივო ნახატები აჩვენებს, რომ პაპი გრიგოლ XIII დაინტერესებული იყო ამ ადგილას კიბის აგებით.
აქ მოღვაწე ფრანგი დიპლომატი, ეტიენ გეფიე გარდაიცვალა 1660 წელს და ქონების ნაწილი კიბის მშენებლობისთვის დატოვა. რომში განათლებამიღებული კარდინალი მაზარინი დაინტერესდა პროექტით და მისი განხორციელება საკუთარ ქვეშევრდომს დაავალა. გეგმა მოიცავდა ფრანგი მეფის, ლუი XIV-ის ცხენოსანი ძეგლის დადგმას ფერდობის ცენტრში, რამაც აურზაური გამოიწვია რომში. მაზარინი გარდაიცვალა 1661 წელს, რომის პაპი კი 1667 წელს. მოგვიანებით, გეფიეს ანდერძს დაუპირისპირდა მისი ძმისშვილი, რომელსაც თანხის ნახევრის ფლობაზე ჰქონდა ამბიცია. ასე რომ, პროექტი მიძინებული იყო მანამ, სანამ მოცემულმა ფერდობმა პაპი კლემენტ XI ალბანის ყურადღება არ მიიპყრო მე-18 საუკუნის დასაწყისში.
1717 წელს ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა ფრანჩესკო დე სანქტისმა, თუმცა ალეჰანდრო სპეჩიც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა გამარჯვებულ არქიტექტორად. ცოტა რამ არის ცნობილი იმაზე, თუ რომელ არქიტექტორს ემხრობოდა ხალხი. კიბეზე ამოტვიფრულია 1726 წელს შესრულებული ნახატიც, რომელიც გამოხატავს ლუი XV-ისადმი პატივისცემას.[3]
მე-18 საუკუნის შუა პერიოდის მწერლებმა, ჯოზეფ დე ლალანდიმ[4] და შარლ დე ბროსმა აღნიშნეს, რომ საფეხურები უკვე ცუდ მდგომარეობაში იყო.[5] მას შემდეგ კიბე რამდენჯერმე აღადგინეს, მათ შორის 1995 წლის მაისიდან დეკემბრამდე.[6]
იტალიური ბრენდის „Bulgari“-ს მიერ დაფინანსებული ახალი რესტავრაცია დაიწყო 2015 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო კიბე კვლავ გაიხსნა ვიზიტორებისთვის 2016 წლის 21 სექტემბერს.[7] თითქმის 3,000 მ2-ის ტრავერტინის ქვის, ასევე აგურის, მარმარილოსა და თაბაშირისგან გაკეთებული კიბის აღდგენას 80-ზე მეტი ადამიანი დასჭირდა და 1,5 მილიონი ევრო დაჯდა.[8]
ინციდენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წლების განმავლობაში, ქალაქის ადმინისტრაცია ცდილობდა, აეკრძალა მნახველებისთვის კიბეზე დგომისას უყურადღებო ქცევა, მაგრამ მათ არავინ უგდებდა ყურს. თუმცა, 2019 წლის ივლისში მერის ვირჯინია რაგის ადმინისტრაციამ, ვანდალებთან გამკლავების მიზნით, შემოიღო უფრო მკაცრი განკარგულებები „დეკორის, უსაფრთხოებისა და კანონიერების გარანტიისთვის“. ეს რეგულაციები ითვალისწინებს ჯარიმას 250 ევროს ოდენობით კიბეებზე დაჯდომისთვის და 400 ევრომდე კიბეების დაბინძურების ან დაზიანებისთვის.
2022 წლის მაისში, საუდის არაბეთის მოქალაქემ დაქირავებული ავტომობილით კიბე გადაიარა და დააზიანა მე-16 და 29-ე საფეხურები. მან მანქანა მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დააკავეს მილანის მალპენსას აეროპორტში მას შემდეგ, რაც სათვალთვალო კამერების საშუალებით მისი იდენტიფიცირება მოხდა და კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლებისთვის ზიანის მიყენების ბრალი წაუყენეს.[9]
2022 წლის ივნისში, ორმა ამერიკელმა ტურისტმა სკუტერით სამჯერ გაიარა კიბეებზე, რის შედეგადაც დააზიანა და დაშალა 10 სანტიმეტრიანი მარმარილო, რომლის შეკეთებაც 25,000 ევრო (27,000 აშშ დოლარი) დაჯდა. წყვილი პოლიციამ დააკავა, თითოეული 400 ევროთი დააჯარიმა და ორი დღით აუკრძალა მონუმენტთან მიახლოება.[10]
2023 წლის აპრილში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამოსულმა აქტივისტებმა შავი ფხვნილი შეაყარეს ახლომდებარე შადრევანს, რამაც გამოიწვია კიბის მარმარილოს ზედაპირის დალაქავება. აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა.[11]
ესპანური კიბე მედიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მედიაში ესპანური კიბე მრავალჯერაა ნახსენები,მათ შორის:
- „The Amazing Race 24“-ში (2014), სადაც კონკურსანტებს საფეხურების დათვლა უწევდათ.[12]
- 2000 წელს გადაღებულ ფილმში „It Had To Be You“
- ფილმში „The Man From U.N.C.L.E.“ (2015)
- ანიმაციურ ფილმში „Love Live! The School Idol Movie: Over the Rainbow“ (2019)
- ფილმში „Fast X“ (2023).
- ფილმში „Mission: Impossible - Dead Reckoning“
- ვიდეო თამაშში „Mario Kart Tour“ და შემდგომ „Mario Kart 8 Deluxe“
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის 16 იანვარს იტალიელმა მხატვარმა გრაციანო ჩეჩინიმ კიბე ასობით ათასი ფერადი პლასტმასის ბურთით დაფარა. მისი თქმით, ეს მიანმარში მცხოვრები კარენელი ხალხის[13] მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებლად გააკეთა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Spanish Steps in Rome. ციტირების თარიღი: 12 November 2023
- ↑ Worldwide Elevation Map Finder, Elevation of Spanish Steps
- ↑ Gillies 1972:181f
- ↑ Lalande, Voyage d'un français en Italie (1769)
- ↑ Gillies 1972:182
- ↑ „Spanish Steps ready for tourists“. The Guardian. Reuters. 21 December 1995. p. 9. ციტირების თარიღი: 8 June 2021 – წარმოდგენილია newspapers.com-ის მიერ.
- ↑ „Rome reopens historic Spanish steps after renovation“. The Local. 23 September 2016. ციტირების თარიღი: 15 May 2022.
- ↑ Povoledo, Elisabetta. (26 September 2016) Bulgari Welcomes Public to Restored Spanish Steps. New York Times. ციტირების თარიღი: 15 April 2022.
- ↑ Borghese, Livia. (14 May 2022) Saudi man charged after Maserati driven down Rome’s Spanish Steps. CNN. ციტირების თარიღი: 20 December 2023.
- ↑ Ruotolo, Nicola. (9 June 2022) US tourists fined for damaging Rome’s Spanish Steps with scooters. CNN. ციტირების თარიღი: 20 December 2023.
- ↑ Latza Nadeau, Barbie. (1 April 2023) Climate activists dye Spanish Steps fountain water black. CNN. ციტირების თარიღი: 25 December 2023.
- ↑ Field, Sonya. (13 April 2014) 'The Amazing Race' season 24, episode 7 recap: The Roman holiday. ციტირების თარიღი: 9 January 2020
- ↑ Fraser, Christian (16 January 2008). „Officials unamused by Rome stunt“. BBC News. BBC. ციტირების თარიღი: 18 June 2019.