ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
| ესპანეთის პრემიერ-მინისტრი Presidente del Gobierno de España | |
|---|---|
|
ესპანეთის გერბი | |
| მიმართვის სტილი | მისი აღმატებულება |
| სტატუსი | მთავრობის მეთაური |
| ანგარიშვალდებულია | მეფე, გენერალური კორტესები |
| რეზიდენცია | მონკლოის სასახლე |
| წარმდგენი | ესპანეთის მეფე |
| დამნიშვნელი | ესპანეთის დეპუტატთა კონგრესი |
| ვადის ხანგრძლივობა | არ არის ფიქსირებული; დამოკიდებულია თანამდებობის პირის უნარზე, შეინარჩუნოს საპარლამენტო ნდობა. |
| ხელფასი | 90 000 ევრო წელიწადში |
| საიტი | lamoncloa.gob.es |
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად მთავრობის პრეზიდენტი[1] (ესპ. Presidente del Gobierno) — ესპანეთის მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი წარადგენს მინისტრთა კანდიდატურებს და თავმჯდომარეობს მინისტრთა საბჭოს. ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის პოლიტიკას და კოორდინაციას უწევს კაბინეტის წევრთა საქმიანობას. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, პრემიერ-მინისტრი ასევე კონსულტაციას უწევს მონარქს სამეფო პრეროგატივების განხორციელებისას.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, თუ როდის წარმოიშვა ეს თანამდებობა, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი ისტორიის მანძილზე ვითარდებოდა და ჩამოყალიბდა იმ სახით, როგორიც დღეს არის. პრემიერ-მინისტრის (რომელსაც მაშინ სახელმწიფო მდივანი ერქვა) როლი, როგორც მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტისა, პირველად გვხვდება მეფე ფერდინანდ VII-ის 1824 წლის სამეფო დეკრეტში.[2] თანამედროვე თანამდებობა შეიქმნა ხუან კარლოს I-ის მმართველობისას, 1978 წლის კონსტიტუციით, რომელიც განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციურ როლსა და უფლებამოსილებებს, თანამდებობის დაკავებისა და გადაყენების წესს, ასევე ურთიერთობას პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის.
ვაკანსიის წარმოქმნისას, მონარქი წარადგენს კანდიდატს დეპუტატთა კონგრესის — გენერალური კორტესების ქვედა პალატის — მიერ ნდობის გამოსაცხადებლად. ეს პროცესი წარმოადგენს საპარლამენტო ინვესტიტურას, რომლის მეშვეობითაც მთავრობის მეთაურს დეპუტატთა კონგრესი ირჩევს. პრაქტიკაში, პრემიერ-მინისტრი თითქმის ყოველთვის არის კონგრესში უდიდესი პარტიის ლიდერი, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური რეზიდენცია და ოფისია მადრიდში მდებარე მონკლოის სასახლე.[3]
ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წარმომადგენელი პედრო სანჩესი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 2 ივნისიდან იკავებს. იგი ხელისუფლებაში პირველად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის წინააღმდეგ უნდობლობის ვოტუმის წარმატებით გამოცხადების შემდეგ მოვიდა.[4] მას შემდეგ სანჩესი სამ მთავრობას ედგა სათავეში, რაც — ადოლფო სუარესთან ერთად — ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მისი თანაპარტიელი სოციალისტის, ფელიპე გონსალესის შემდეგ, რომელიც პრემიერ-მინისტრი 1982-1996 წლებში იყო.[5] მეფე ფილიპე VI-მ სანჩესი მესამედ დანიშნა 2023 წლის 17 ნოემბერს,[6] მას შემდეგ, რაც მან კოალიციურ შეთანხმებას მიაღწია „სუმართან“ და სხვა მცირე პარტიების მხარდაჭერა მოიპოვა.[7] მისი მესამე მთავრობა უფლებამოსილების განხორციელებას 2023 წლის 21 ნოემბერს შეუდგა.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ La Moncloa. Pedro Sánchez Pérez-Castejón, President of the Government of Spain [President/Biography].
- ↑ Escudero López, José Antonio (1972). „The creation of the Presidency of the Council of Ministers“. History of Spanish Law Yearbook (ესპანური). XLII: 757–767.
- ↑ Rodríguez, Jesús. (2018-04-20) Moncloa Confidential: A peek inside the Spanish PM's seat of power en. ციტირების თარიღი: 2023-12-03
- ↑ Jones, Sam (2018-06-02). „Pedro Sánchez sworn in as Spain's prime minister after no-confidence vote“. The Observer (ინგლისური). ISSN 0029-7712. ციტირების თარიღი: 2023-12-03.
- ↑ Tres investiduras, dos elecciones ganadas, dos mociones... las cifras de un Sánchez que ya amenaza los récords de Felipe González es. 20minutos (2023-11-18). ციტირების თარიღი: 2023-12-03
- ↑ R, J. A.. (2023-11-17) Pedro Sánchez promete ante el Rey su tercer mandato como presidente del Gobierno es. ციტირების თარიღი: 2023-12-03
- ↑ Spain's parliament confirms Pedro Sánchez as prime minister en (2023-11-16). ციტირების თარიღი: 2023-12-03
- ↑ CABALLERO, ÁLVARO. (2023-11-21) El Gobierno echa a andar con la toma de posesión de los ministros es. ციტირების თარიღი: 2023-12-03
| ||||||||||||||||||||||
