ერუშეთის საეპისკოპოსო
ერუშეთის საეპისკოპოსო — ეპარქია შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ არტაანის მხარეში.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ერუშეთი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული რელიგიური ცენტრი იყო ქართლში. ლეონტი მროველის ცნობით, აქ ააგეს პირველი ეკლესია მირიან მეფის თხოვნით კეისარ კონსტანტინეს მიერ მოვლენილმა მშენებლებმა. აქვე დატოვეს განძის ნაწილი და ქრისტეს სამსჭვალნი, რომლებიც შემდეგ წაიღო ჰერაკლე კეისარმა ქართლში ლაშქრობის შემდეგ (628). ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალს (V საუკუნე) საეპისკოპოსოთა დაარსებისას ერთი ეპისკოპოსი დაუსვამს „არტან ერუშეთს“. „ერუშნელი ეპისკოპოსი“ (სახელის გარეშე) ასევე მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გვარამ მამფლის მიერ ჯავახეთში მოწვეული საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის. XVI საუკუნის 70-იან წლებში ოსმალთა შემოსევისას მგელციხის გმირულ დამცველთა შორის მოხსენიებულია ერუშნელი ბერი.
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) განმარტებით ერუშნელი ეპისკოპოსი ყოფილა მწყემსი ერუშეთისა და არტანისა, მტკვრის დასავლეთით. XVI საუკუნის დასაწყისის სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის მიხედვით, ერუშნელის სამწყსო მოიცავდა მტკვრის მარცხენა სანაპირო არტანს კოლის საზღვრამდე („ტალაშოს ზეითი, სულა არტანა კოლის სამზღურამდინ“[1]). XIII საუკუნეში დარბაზობის დროს ქართველ მღვდელმთავართა შორის ერუშნელს ეჭირა XV, ხოლო XVI საუკუნეში სამცხე-საათაბაგოს ეპისკოპოსთა შორის — VIII ადგილი. XVI საუკუნის ბოლოს ოსმალთა მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ერუშეთის საეპისკოპოსო მოიშალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53.