ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა
გამოფენა „ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე“

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა — საგამოფენო გალერეა, რომელიც დაარსდა 2016 წელს. ეკუთვნის იუსტიციის სამინისტრის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივს.

საგამოფენო გალერეის შენობა მდებარეობს ეროვნული არქივის შენობის გვერდით (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40).

გალერეაში იმართება ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების გამოფენები, საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, კონფერენციები, გამოცემათა პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები.

საგამოფენო სივრცესთან ერთად შენობაში განთავსებულია მედიათეკა და წიგნების მაღაზია. მედიათეკაში თავმოყრილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენახვის საკითხებთან დაკავშირებული რესურსები წიგნების, პერიოდული გამოცემების, ელექტრონული წყაროების, საგანმანათლებლო პოსტერების, ფილმების DVD და CD დისკების სახით. გალერეა გაიხსნა გამოფენით − „ჩვენი არქივი − ჩვენი საუნჯე“.

მასზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი ექსპონატები: IX-XIX საუკუნეების ხელნაწერები და ისტორიული საბუთები, XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამსახველი მასალა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტები, საბჭოთა პერიოდის ფოტო - თუ წერილობითი საბუთები, XX საუკუნის 90-იანი წლების დოკუმენტური ქრონიკა. გალერეაში გამოფენების დათვალიერება, ისევე, როგორც მედიათეკით სარგებლობა, უფასოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]