ერნესტ შონეკანი
| ერნესტ შონეკანი | |
|---|---|
| ინგლ. Ernest Shonekan | |
| დაბადების თარიღი | 9 მაისი, 1936 |
| დაბადების ადგილი | ლაგოსი |
| გარდაცვალების თარიღი | 11 იანვარი, 2022[1] (85 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლაგოსი[2] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Harvard Business School, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი, CMS Grammar School, Lagos და Igbobi College |
| მეუღლე/ები | Margaret Shonekan |
| ჯილდოები | Order of the Federal Republic |
მეთაური ერნესტ ადეგუნლე ოლადეინდე შონეკანი (დ. 9 მაისი, 1936 — გ. 11 იანვარი, 2022) — ნიგერიის იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ნიგერიის სახელმწიფოს დროებითი მეთაურის თანამდებობას იკავებდა 1993 წლის 26 აგვისტოდან 17 ნოემბრამდე. 1981 წელს მას ეგბალანდის „აბესეს“ (Abese — ტრადიციული ტიტული) წოდება მიენიჭა.[3]
პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე შონეკანი იყო ნიგერიის გაერთიანებული აფრიკული კომპანიის (კომპანია „ნიგერის“ მემკვიდრე) თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. ეს იყო გიგანტური ნიგერიული კონგლომერატი, რომელიც იმ დროისთვის სუბსაჰარულ აფრიკაში აფრიკელთა მფლობელობაში არსებულ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენდა.[4]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შონეკანი დაიბადა ლაგოსში, 1936 წლის 9 მაისს. იგი იყო აბეოკუტაში დაბადებული საჯარო მოხელის შვილი და ოჯახში ექვსი დეადმამიშვლიდან ერთ-ერთი.[5]
შონეკანმა განათლება CMS Grammar School-სა და იგბობის კოლეჯში მიიღო.[6] მოგვიანებით მან ლონდონის უნივერსიტეტში სამართლის ხარისხი მოიპოვა და ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა. ამის შემდეგ მან სწავლა ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.[5] [7]
ადრეული ბიზნეს კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შონეკანი „ნიგერიის გაერთიანებულ აფრიკულ კომპანიას“ (UACN) 1964 წელს შეუერთდა. იმ პერიოდში იგი წარმოადგენდა „გაერთიანებული აფრიკული კომპანიის“ შვილობილ სტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბრიტანული კოლონიზაციის პროცესში. მან კომპანიაში კარიერული კიბის ყველა საფეხური გაიარა და იურიდიული მრჩევლის ასისტენტის თანამდებობაზე დაწინაურდა. მოგვიანებით იგი მრჩევლის მოადგილე გახდა, 40 წლის ასაკში კი დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. 1980 წელს იგი კომპანიის თავმჯდომარედ და მმართველ დირექტორად დაინიშნა, რის შემდეგაც მან საერთაშორისო ბიზნესსა და პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების დამყარება დაიწყო.[8]
მესამე რესპუბლიკის კრიზისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წლის 2 იანვარს შონეკანმა ერთდროულად დაიკავა გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარისა და მთავრობის მეთაურის თანამდებობები იბრაჰიმ ბაბანგიდას მმართველობის პერიოდში. იმ დროისთვის, გარდამავალი საბჭო განიხილებოდა, როგორც დასკვნითი ფაზა ნიგერიის მესამე რესპუბლიკის არჩეული დემოკრატიული ლიდერისთვის ხელისუფლების გეგმიური გადაბარების გზაზე.[9]
თანამდებობაზე ყოფნისას შონეკანი გაეცნო სახელმწიფო ფინანსების სავალალო მდგომარეობას, რომლის გამოსწორებაც მან ვერ შეძლო. მთავრობა საერთაშორისო საგარეო ვალების ზეწოლის ქვეშ იყო და ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ მუდმივი მოლაპარაკებების წარმოება უწევდა.[10]
1993 წლის აგვისტოში, 12 ივნისის არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ, ბაბანგიდა გადადგა. მან ხელი მოაწერა დეკრეტს დროებითი ეროვნული მთავრობის შექმნის შესახებ, რომელსაც სათავეში შონეკანი ჩაუდგა. მოგვიანებით იგი ოფიციალურად წარადგინეს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე.[11]
დროებითი მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შონეკანმა ვერ შეძლო არჩევნების შედეგების გაუქმებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის მართვა. ხელისუფლებაში ყოფნის ხანმოკლე პერიოდში იგი ცდილობდა დაენიშნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანა დემოკრატიული მმართველობისთვის დაებრუნებინა, თუმცა მის ადმინისტრაციას მუშაობას საყოველთაო ეროვნული გაფიცვები უძნელებდა. ოპოზიციის ლიდერი, მოშუდ აბიოლა, შონეკანის დროებით მთავრობას არალეგიტიმურად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, შონეკანმა გაათავისუფლა ბაბანგიდას მმართველობისას დაკავებული პოლიტიკური პატიმრები. მისმა ადმინისტრაციამ ასევე მოამზადა კანონპროექტი სამხედრო მთავრობის მიერ მიღებული სამი უმკაცრესი დეკრეტის გასაუქმებლად. თუმცა, ბაბანგიდამ წინასწარვე დაასუსტა დროებითი მთავრობა, როდესაც იგი სამხედროების კონტროლს დაუქვემდებარა.[12]
შონეკანი აქტიურად ლობირებდა საგარეო ვალების ჩამოწერის საკითხს, თუმცა არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ დასავლურმა სახელმწიფოებმა ნიგერიას ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ქვეყანაში ინფლაცია უკონტროლო გახდა, ხოლო არასანავთობო სექტორში არსებული თითქმის ყველა უცხოური ინვესტიცია შეწყდა. ამასთანავე, მთავრობამ წამოიწყო ნავთობის გიგანტის, ორგანიზაცია NNPC-ის ანგარიშების აუდიტი, რომელიც მრავალი ოპერაციული ხარვეზითა და არაეფექტურობით გამოირჩეოდა.[13] აღსანიშნავია, რომ ნიგერიის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, შონეკანი კვლავ იკავებდა მაღალ პოზიციას ნავთობკომპანია Royal Dutch Shell-ში.[14]
შონეკანი შეეცადა შეემუშავებინა განრიგი ლიბერიიდან ECOMOG-ის სამშვიდობო მისიის ჯარების გამოსაყვანად. თუმცა, იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის შტაბის უფროსის თანამდებობებს გენერალი სანი აბაჩა იკავებდა, რომელიც სამხედრო ძალებს სრულად აკონტროლებდა.
შონეკანის მთავრობას ასევე მოუხდა გამკლავება Nigeria Airways-ის თვითმფრინავის გატაცების ინციდენტთან 1993 წელს.[15]
ხელისუფლების დატოვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1993 წლის 18 ნოემბერს, ადმინისტრაციის სათავეში ჩადგომიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, შონეკანი გენერალმა სანი აბაჩამ „სასახლის გადატრიალების“ შედეგად ჩამოაგდო.[16][17] იმავე წელს, სხვა გამოჩენილ ნიგერიელ მოღვაწეებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად, მან დააფუძნა „ნიგერიის ეკონომიკური სამიტის ჯგუფი“ (NESG), გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი, რომლის მიზანიც ნიგერიის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა და კერძო სექტორის ინტერესების დაცვაა.[18]
პირადი ცხოვრება და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შონეკანი დაქორწინებული იყო მარგარეტ შონეკანზე. იგი 2022 წლის 11 იანვარს, 85 წლის ასაკში, ლაგოსის „ევერქეარის“ (Evercare) კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტისთვის, ასაკის მიხედვით, იგი ნიგერიის სახელმწიფოს მეთაურთა შორის მესამე ყველაზე ხანდაზმული ცოცხალი ლიდერი იყო ელისაბედ II-ისა და იაკუბუ გოვონის შემდეგ.[19]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Military swears in transitional government", Agence France Presse—English, 4 January 1993
- "Nigeria prepares medium-term plan", Financial Times (London, England), 28 January 1993
- "NIGERIA: HARD ROAD AHEAD FOR INTERIM GOVERNMENT", IPS-Inter Press Service, 26 August 1993
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.channelstv.com/2022/01/11/former-nigerian-leader-ernest-shonekan-dies-at-85/
- ↑ https://guardian.ng/news/former-nigerian-leader-ernest-shonekan-is-dead/
- ↑ „40 Egba chiefs we hardly talk about“. City People Magazine. 4 September 2017.
- ↑ "Stronger Moves Towards Manufacturing", Financial Times (London, England), 3 March 1986.
- ↑ Abe, Bankole. (11 January 2022) Ernest Shonekan (1936-2022): His role in Third Republic debacle. ციტირების თარიღი: 11 January 2022
- ↑ „Ernest Shonekan (1936 – 2022)“. The Guardian. 21 January 2022. ციტირების თარიღი: 10 March 2022.
- ↑ „Ernest Shonekan Celebrates His 84th Birthday Today“. Latest Nigerian News. ციტირების თარიღი: 30 May 2020.
- ↑ „Tsohon shugaban rikon kwarya na Najeriya Cif Shonekan ya rasu“. BBC News Hausa (ჰაუსა). ციტირების თარიღი: 11 January 2022.
- ↑ Opara, Bartholomew Nnamdi (2007). June 12, 1993 Presidential Election. Subavic International. ISBN 978-978-028-666-8.
- ↑ „A Leader in Time of Real Crisis“. This Day. ციტირების თარიღი: 12 September 2022.
- ↑ Noble, Kenneth B. (27 August 1993). „Nigerian Ruler Cedes Power to Civilian (Published 1993)“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 25 February 2021.
- ↑ „Shonekan's life and 'interim' honour in politics“. The Guardian. 12 January 2022. ციტირების თარიღი: 26 May 2022.
- ↑ "Government Probes Oil Industry Corruption", The Associated Press, 16 September 1993
- ↑ WikiLeaks cables: Shell's grip on Nigerian state revealed. The Guardian (8 December 2010). ციტირების თარიღი: 25 February 2021
- ↑ Adetunji, Temitope. (2024-10-26) My son, three friends don’t regret hijacking Nigerian Airways plane with toy guns over annulment of 1993 election – Pa Ogunderu en-US. ციტირების თარიღი: 2024-11-02
- ↑ Akpan, Samuel. (11 January 2022) FLASHBACK: 'We brought honour to government' — Shonekan's resignation speech after Abacha deposed him. ციტირების თარიღი: 4 July 2024
- ↑ Shibayan, Dyepkazah. (11 January 2022) Ernest Shonekan, former head of interim government ousted by Abacha, is dead. ციტირების თარიღი: 4 July 2024
- ↑ The Nigerian Economic Summit Group | About Us. ციტირების თარიღი: 25 February 2021
- ↑ Okocha, Chuks (10 May 2020). „Jonathan Felicitates with Chief Shonekan at 84“. This Day. ციტირების თარიღი: 15 September 2024.