შინაარსზე გადასვლა

ერთნაირსქესიანთა ქორწინება სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთნაირსქესიანთა ქორწინება სომხეთში ოფიციალურად არაა აღიარებული. მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული არც ერთნაირსქესიანთა, არც სხვადასხვასქესიანთა წყვილთათვის სხვა სახის ოჯახური კავშირი, მათ შორის ფაქტობრივი ქორწინება.

სომხეთის მოსახლეობის და საზოგადოებრივი ლიდერების უმრავლესობა წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინებების აღიარების. აღნიშნული თემა ხშირად გამოიყენება პოლიტიკოსების მიერ სპეკულაციებისათვის. საკითხი აქტუალურია კონსტიტუციური რეფორმების პროცესშიც.

კონსტიტუცია და მისი რეფორმირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამოუკიდებელი სომხეთის პირველი წლების განმავლობაში 1978 წლის სომხეთის სსრ-ის კონსტიტუცია მოქმედებდა, რომელიც მოდელირებული იყო 1977 წლის სსრკ-ის კონსტიტუციის მიხედვით. ამ დოკუმენტის 51-ე მუხლში ნათქვამი იყო: „ქორწინება ეფუძნება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით თანხმობას“.[1]

1995 წელს რეფერენდუმის გზით მიღებულ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში, 32-ე მუხლის თანახმად, „ქალებსა და მამაკაცებს ქორწინებაში შესვლისას, საოჯახო ცხოვრებისა და განქორწინების დროს აქვთ თანაბარი უფლებები“.[2]

2005 წლის რეფერენდუმისთვის ახალი ძირითადი კანონის პროექტის განხილვისას, დაისვა ერთნაირსქესიან პირთა შორის ქორწინების შესაძლო ლეგალიზების საკითხი.[3] საბოლოოდ, მიღებული კონსტიტუციის 35-ე მუხლში აღნიშნულია: „ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ბუნებრივ და საფუძველშექმნილ ერთეულს. ქორწინების ასაკს მიღწეულ ქალსა და მამაკაცს, მათი თავისუფალი ნებისა და სურვილის საფუძველზე, აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება. ქორწინებაში შესვლისას, საოჯახო ცხოვრებისა და განქორწინებისას, ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით“.[4]

2015 წლის რეფერენდუმის წინ, როგორც მმართველი რესპუბლიკური პარტია, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტიურად გამოდიოდნენ ერთნაირსქესიანთა ოჯახების სამართლებრივი აღიარების წინააღმდეგ. ამასთან, ახალი კონსტიტუციის პროექტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ მუხლში ცვლილებების მიზანი ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა იყო, ხოლო მათი ოპონენტები შიშობდნენ, რომ ცვლილებები, პირიქით, შეიძლება გამხდარიყო მათი ლეგალიზაციის საფუძველი.[5] საბოლოოდ მიღებული კონსტიტუცია აცხადებს:[6]

ვიკიციტატა
„მუხლი 16. ოჯახის დაცვა

ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეული, მოსახლეობის შენარჩუნებისა და გამრავლების საფუძველი, ისევე როგორც დედობა და ბავშვობა, სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვისა და მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

მუხლი 35. ქორწინების თავისუფლება 1. ქორწინების ასაკს მიღწეულ ქალსა და მამაკაცს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება მათი თავისუფალი და ურთიერთშეთანხმებული ნების საფუძველზე. ქორწინების ასაკს, ქორწინებაში შესვლისა და განქორწინების წესს არეგულირებს კანონი. 2. ქორწინებაში შესვლისას, ქორწინების დროს და განქორწინებისას ქალსა და მამაკაცს გააჩნიათ თანაბარი უფლებები.

3. ქორწინების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით — ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის მიზნით.“

სომეხი პოლიტიკოსების უმრავლესობა და ზოგიერთი უფლებადამცველი[7] აღნიშნულ მუხლებს აღიქვამენ, როგორც ქორწინების მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირის სახით განსაზღვრისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვის ცალსახა ფორმულირებას.[8] მეორე მხრივ, ვენეციის კომისიის წევრებმა კონსტიტუციის პროექტის ანალიზისას განაცხადეს, რომ ეს ფორმულირებები „არ უნდა ინტერპრეტირდეს როგორც სამართლებრივი დაბრკოლება ერთნაირსქესიანთა ქორწინებების აღიარებისთვის“.[9][10] მსგავს შეფასებებს იძლევიან ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსებიც[11] და ლგბტ აქტივისტები.[12] აღსანიშნავია, რომ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გაგიკ არუთიუნიანიმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავი შეიკავა ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონიერების შესახებ პასუხისგან,[13] ხოლო იუსტიციის სამინისტრომ, მოქალაქეთა რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელის, არგამ სტეპანიანის სახელით, აქტივისტების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა კანონმდებლობაში პირდაპირ არ არის მოცემული, ხელისუფლება რეგისტრაციას ახორციელებს მხოლოდ იმ ქორწინებებზე, რომლებიც პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, შესაბამისად — ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაცია არ არის შესაძლებელი.[14]

დამოუკიდებლობის პირველ წლებში სომხეთში მოქმედებდა 1970 წლის „სომხეთის სსრ-ის ქორწინებისა და ოჯახის კოდექსი“, რომელიც დაფუძნებული იყო 1968 წლის „სსრკ-ისა და კავშირის რესპუბლიკების ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საკანონმდებლო საფუძვლებზე“. დოკუმენტი აცხადებდა ოჯახური ურთიერთობების საფუძვლად ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ქორწინებით კავშირს. იურისტ-მეცნიერების მოსაზრებით, ეს ფორმულირება ასახავდა ტრადიციულ მიდგომას ქორწინებისადმი, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის კავშირისადმი.

2004 წელს მიღებული სომხეთის ოჯახის კოდექსი აცხადებს:[15]

ვიკიციტატა
„მუხლი 1. ოჯახური კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები

3. ქალსა და მამაკაცს ქორწინებაში შესვლისას, ქორწინების დროსა და განქორწინებისას გააჩნიათ თანაბარი უფლებები. 4. ოჯახური ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ქორწინებითი კავშირის პრინციპების შესაბამისად…

მუხლი 10. ქორწინების დადების პირობები

1. ქორწინების დასადებად აუცილებელია ქორწინებაში შემსვლელი მამაკაცისა და ქალის ურთიერთნებაყოფლობითი თანხმობა…“

სომხეთის კანონმდებლობა აღიარებს მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ ქორწინებას, მაშინ როდესაც ფაქტობრივი ქორწინება არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს.[16]

2017 წელს, მთავრობის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრმა დავით არუთუნიანმა, გამოთქვა მოსაზრება ოჯახის კოდექსში შესატანი იმგვარი ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქორწინებას მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირს დაუკავშირებდა. სომხეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინებების შესაძლო კანონიერებაზე გაკეთებულმა ვარაუდმა პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანში გაკვირვება გამოიწვია.[17]

2018 წელს პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატმა, ტიგრან ურიხანიანმა, შემოიტანა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ოჯახის კოდექსში უნდა შეტანილიყო ჩანაწერი, რომელიც აკრძალავდა ერთნაირსქესიან პირთა ქორწინებას. თუმცა, მთავრობის პასუხით, ინიციატივა უარყოფილი იქნა იმ მოტივით, რომ კონსტიტუცია და ოჯახის კოდექსი უკვე გამორიცხავენ მსგავს შესაძლებლობას.[18][19] ჟურნალისტებმა დეპუტატი დაადანაშაულეს პიარ-კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავდა დროულად ჩატარებული არჩევნებისთვის მხარდაჭერის მოპოვებას.

უცხოეთში შემდგარი ქორწინების აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის „ოჯახის კოდექსის“ თანახმად, ქორწინება, რომლებიც შედგა სხვა ქვეყნებში, აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ, თუმცა, თუ უცხო ქვეყნის ნორმები ეწინააღმდეგება სომხეთის კანონმდებლობას, მაშინ გამოიყენება სომხეთის კანონები. ამრიგად, საერთაშორისო ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარება, უფლებადამცველების აზრით, შეუძლებელია.[20]

2017 წლის 3 ივლისს საინფორმაციო სააგენტომ „PanARMENIAN.Net“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთის იუსტიციის სამინისტროში უჩინარი წყაროს თქმით, შესაძლოა სომხეთმა აღიაროს უცხოეთში ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება.[21] ამ ინფორმაციამ გავრცელება ჰპოვა გარკვეული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ,[22][23] თუმცა მისი დადასტურება არ მომხდარა. 2019 წელს, იუსტიციის მინისტრმა, რუსთამ ბადაშიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ აღიარებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.[24]

საზოგადოებრივი აზრი და დისკურსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-2016 წლებში ჩატარებული „Pew Research Center“-ის კვლევის თანახმად, სომხეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია: მათი აღიარებისათვის მხოლოდ 3% მოსახლეობა გამოდის. ამასთან, დაბალი მხარდაჭერა აღინიშნებოდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.[25]

სომხეთის აპოსტოლური ეკლესია, რომელიც ქვეყანაში დომინანტური კონფესიაა, წინააღმდეგია ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების. 2006 წელს, საფრანგეთში მცხოვრები სომხური წყვილი სამშობლოში ჩამოვიდა და ეჩმიაძინის კათედრალურ ტაძარში იმპროვიზირებული ქორწინება გამართა. ამას მოჰყვა საზოგადოების მნიშვნელოვანი რეზონანსი, ხოლო მათი ქმედებები ეკლესიის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.[26][27][28] 2017 წელს გავრცელდა ამბავი სომხური დიასპორიდან აშშ-ში მყოფი მღვდლის, ვაზქენ მოვსესიანის შესახებ, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერად გამოდიოდა და ამ საკითხზე თანამშრომლობას აწარმოებდა ადგილობრივ ლგბტ ორგანიზაციასთან.[29] საბოლოოდ, ეკლესიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით მან შეწყვიტა ეს თანამშრომლობა.[30]

სომხეთში საზოგადოებრივი ლიდერების უმრავლესობის თვალსაზრისით არსებობს კონსენსუსი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგ.[31] ერთადერთი გამონაკლისი იყო უფლებადამცველი მიკაელ დანიელიანი, რომელიც ღიად გამოდიოდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების მხარდასაჭერად.[32] ლგბტ პირთა უფლებების მხარდაჭერის გამო იგი კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, როგორც კოლეგების, ისე პოლიტიკოსების მხრიდან. ლგბტ პირთა უფლებები და ერთნაირსქესიანი ქორწინებები ხშირად გამოიყენება სომხეთში პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით. ეს მოხდა, როგორც 2015 წლის რეფერენდუმის წინ, ასევე 2018 წლის არჩევნების წინ.[33][34] ამასთან, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში საერთაშორისო ლგბტ-კონფერენციის ჩატარების შესაძლო სკანდალის მიმართ, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა პასუხი ლგბტ პირთა პრობლემებზე, არ სურდა მათი ძიება და რომ ამ საკითხზე მთავრობა მხოლოდ ათეულობით წლის შემდეგ დაიწყებდა მის გადაწყვეტას.[35] ამავე დროს, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენელმა არმენუი კურეგიანმა დაადანაშაულა პრემიერის პარტია ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის ხელშეწყობაში.[36] მთავრობის წევრებმა ეს ბრალდებები „ქარის წისქვილებთან ბრძოლის“ ტოლფასად მიიჩნიეს.[37] დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრის ასეთი სიფრთხილე განპირობებული იყო მისი ბალანსირებით, რომელიც ხორციელდებოდა ექსტრემალურად კონსერვატიულ მოსახლეობასა და ლიბერალურ ელიტას შორის, რომელმაც იგი ხელისუფლებაში რევოლუციით მოიყვანა.[33][34]

  1. Статья 51 // , Государственное издательство АССР, 1979.
  2. Конституции республики Армения 1995 года, Правительство Республики Армения, 1995, დაარქივებულია ორიგინალიდან (21 სექტემბერი, 2018)
  3. Forced Out : LGBT People in Armenia, ILGA-Europe/COC, 2009, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  4. Конституции республики Армения 2005 года, Президент Республики Армения, 2005, დაარქივებულია ორიგინალიდან (3 დეკემბერი, 2018)
  5. Annual Review: Human Rights Situation of LGBT People in Armenia, 2015, Pink Armenia, 2016.  გვ. 25.
  6. Конституции республики Армения 2015 года, Президент Республики Армения, 2015, დაარქივებულია ორიგინალიდან (29 ნოემბერი, 2018)
  7. «Менее равные»: ЛГБТИ-правозащитники в Армении, Беларуси, Казахстане и Кыргызстане, Лондон: Amnesty International.  გვ. 75.
  8. Armenian Constitution to ban same-sex marriage, Радио Свобода, 2015, დაარქივებულია ორიგინალიდან (18 აგვისტო, 2018)
  9. Европейские эксперты считают, что однополые браки в Армении можно разрешить, ИА REGNUM, 2015, დაარქივებულია ორიგინალიდან (15 ივნისი, 2020)
  10. Article 34. Freedom of Marriage; Equality of Rights of Spouses // First Opinion on the Draft Amendments to the Constitution (Chapters 1 to 7 and 10) of the Republic of Armenia endorsed by the Venice Commission at its 104th Plenary Session (Venice, 23-24 October 2015). Opinion no. 757/2014, Strasbourg: European Commission for Democracy through Law, 2015.  P. 9, 29 p.
  11. Nazik Armenakyan., Gender Issue: Officials say constitutional amendments not to open way for same-sex marriages, ArmeniaNow, 2015, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  12. Evil Wolf, Nif-Nif., The problem of same-sex marriage and union within a new constitutional context, Lgbtnews.am, 2016, დაარქივებულია ორიგინალიდან (28 აპრილი, 2019)
  13. Constitution doesn’t give the right, any person has the right. Gagik Harutyunyan, LGBTnews.am, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (5 დეკემბერი, 2018)
  14. The Ministry of Justice’s response on same-sex marriage, LGBTnews.am, 2016, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  15. Семейный кодекс Армении, Национальное собрание Армении, 2004, დაარქივებულია ორიგინალიდან (3 ნოემბერი, 2018)
  16. Выборнова М. М., Современное законодательство европейских стран о фактических брачных отношениях разнополых лиц, Семейное и жилищное право, 2011, № 3, გვ. 7—9, დაარქივებულია ორიგინალიდან (1 დეკემბერი, 2018)
  17. Рубен Гюльмисарян, Армяне застраховали себя от однополых браков: кому теперь рвать рубаху?, Спутник, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (1 დეკემბერი, 2018)
  18. Правительство отклонило законопроект, запрещающий однополые браки., RusArmInfo, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (1 დეკემბერი, 2018)
  19. Вопрос Пашиняна: Допустим, 2 мужчин приходят в ЗАГС для заключения брака, есть закон, позволяющий регистрацию?, Panorama.am, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (1 დეკემბერი, 2018)
  20. Гор Алексанян., Геи и Уриханян: зачем депутат решил запретить то, чего нет, Гала-ТВ, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (1 დეკემბერი, 2018)
  21. В Армении действительны заключенные за границей однополые браки, PanARMENIAN.Net, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (13 ნოემბერი, 2018)
  22. Dan Avery., Armenia Recognizes Same-Sex Marriages Performed Abroad, NewNowNext.com, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (7 მაისი, 2019)
  23. Герман Бергер., Армения признает однополые браки, заключённые в других странах, Vesti.lv, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (5 დეკემბერი, 2018)
  24. Глава Минюста Армении исключил, что государство признает однополые браки после ратификации Стамбульской конвенции, Panorama.am, 2019, დაარქივებულია ორიგინალიდან (13 სექტემბერი, 2019)
  25. 5. Social views and morality // Religious Belief and National Belonging in Central and Eastern Europe, Pew Research Center, 2017.
  26. Пара французских армян-геев попыталась благословить свой брак в армянском соборе Эчмиадзина, Интерфакс, 2006, დაარქივებულია ორიგინალიდან (11 ივნისი, 2015)
  27. Vahan Ishkhanyan., ArmeniaNow, 2006, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  28. Николай Алексеев., В Армении сыграли первую однополую свадьбу. Эксклюзивное интервью проекта GayRussia.Ru с армянским гей-активистом и одним из участников церемонии, GayRussia.Ru, 2006, დაარქივებულია ორიგინალიდან (26 მაისი, 2008)
  29. Vic Gerami., Father Vazken Movsesian Joins Equality Armenia Board, Asbarez.com, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (26 აპრილი, 2019)
  30. Christopher Atamian., Reaching Out to All Armenians: ‘Equality Armenia’ and the Fight for LGBTQ Rights, Armenian Weekly, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  31. Арпине Симонян., Пришло время для заключения однополых браков в Армении, считает правозащитник, Аравот — Новости Армении, 2013, დაარქივებულია ორიგინალიდან (5 დეკემბერი, 2018)
  32. Гомофобия на постсоветском пространстве — доклад Amnesty, Amnesty International, 2017, დაარქივებულია ორიგინალიდან (5 დეკემბერი, 2018)
  33. 1 2 Raffi Elliott., Is Armenia Really Post-Ideological?, Armenian Weekly, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (24 მაისი, 2019)
  34. 1 2 Ани Меджлумян., На фоне угроз форум ЛГБТ в Армении отменен (Eurasianet, США), ИноСМИ/Eurasianet, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  35. Это головная боль — Пашинян не знает, что делать с геями и что это за ЛГБТ-форум, Спутник, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (15 ივნისი, 2020)
  36. Армянский депутат обеспокоена тем, что Никол Пашинян может узаконить однополые браки, NEWS.am, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)
  37. Министр ушел от конкретного ответа по поводу легализации марихуаны и однополых браков, Еркрамас, 2018, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 დეკემბერი, 2018)