შინაარსზე გადასვლა

ერთნაირსქესიანთა კავშირები უნგრეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო კავშირების შესახებ კანონი (უნგრ. bejegyzett élettársi kapcsolat) — ძალაში შევიდა 2009 წლის 1 ივლისს.[1] ერთნაირსქესიანთა წყვილებს მიენიჭათ პრაქტიკულად იგივე უფლებები, რაც ჰეტეროსექსუალური წყვილების სამოქალაქო პარტნიორობას მოიცავს — მათ შორის მემკვიდრეობითი და საგადასახადო უფლებები — თუმცა მათ არ გააჩნიათ უფლება შვილად აყვანაზე, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებზე წვდომასა და პარტნიორის გვარის მიღებაზე.

კანონის ამოქმედების პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში გაფორმდა სულ 44 ერთნაირსქესიანთა კავშირი (31 მამაკაცთა და 13 ქალთა წყვილი). კავშირების შედარებით მცირე რაოდენობა, ძირითადად, აიხსნება იმით, რომ ყოფილი სოციალისტური ქვეყნის საზოგადოებაში კვლავ ძლიერად არის წარმოდგენილი ჰომოფობიური განწყობები.[2]

ლეგალიზაციის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი დემოკრატების ალიანსისა და უნგრეთის სოციალისტური პარტიის მონაწილეობით დაკომპლექტებულმა მთავრობამ, პარლამენტში შეიტანა სამოქალაქო კავშირების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ტერმინის „სრულწლოვანი მამაკაცი და ქალი“ ჩანაცვლება ფორმულირებით „ორი სრულწლოვანი პირი“, რაც შესაძლებელს გახდიდა კანონში ერთნაირსქესიანთა წყვილების ჩართვასაც.[3] 2007 წლის 17 დეკემბერს უნგრეთის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო — 185 ხმით „მომხრე“ და 159 ხმით — „წინააღმდეგი“.[4][5]

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ამოქმედება თავდაპირველად 2009 წლის 1 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, 2008 წლის 15 დეკემბერს უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ იგი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით იქნა გამართლებული, რომ ახალი კანონი, რომელიც კავშირებს ასევე განსხვავებული სქესის წყვილებისთვისაც ითვალისწინებდა, არსებითად იმეორებდა ქორწინების კანონმდებლობას და ამით „ამცირებდა ქორწინების ღირებულებას“, რაც ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას, რომელიც ქორწინებას განსაკუთრებულ დაცვას ანიჭებს. ამასთანავე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტს შეეძლო მიღებული ჰქონოდა ახალი კანონი სამოქალაქო პარტნიორობების შესახებ, რომელიც სპეციალურად ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის იქნებოდა განკუთვნილი.[6]

2008 წლის 23 დეკემბერს უნგრეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიმუშავებდა ახალ კანონპროექტს,[7] რომელიც გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის და უზრუნველყოფდა ქორწინების უმეტეს უფლებებს — შვილად აყვანისა და საერთო გვარის მიღების უფლების გამოკლებით. აღნიშნული კანონპროექტი წარდგენილ იქნა 2009 წლის 12 თებერვალს.[8]

2009 წლის 20 აპრილს უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი — მომხრე 199 ხმით (უნგრეთის სოციალისტური პარტია და თავისუფალი დემოკრატების ალიანსი) და მოწინააღმდეგე 159 ხმით (ფიდეს – უნგრეთის სამოქალაქო კავშირი და ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტია). კანონს 2009 წლის მაისში მოაწერა ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ლასლო შოიომმა, ხოლო 2009 წლის 1 ივლისს ის ძალაში შევიდა.[1]

ერთნაირსქესიანთა ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის დეკემბერში უნგრეთის მთავრობის საინფორმაციო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრებოდა, როგორც მხოლოდ განსხვავებული სქესის პირებს შორის კავშირი. ამგვარად, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების ლეგალიზაციის აკრძალვას კონსტიტუციური ხასიათი მიენიჭა.[9]

2018 წლის თებერვალში ბუდაპეშტის ოლქის სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა უნდა ცნოს საზღვარგარეთ დადებული ერთნაირსქესიანთა ქორწინებები, როგორც რეგისტრირებული პარტნიორობა.[10]

  1. 1.0 1.1 Президент Венгрии Ласло Шойом подписал закон об однополых союзах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-18. ციტირების თარიღი: 2010-10-11.
  2. С июля в Венгрии заключили однополые союзы 44 пары. ციტირების თარიღი: 2010-12-08
  3. Социалисты Венгрии предлагают узаконить однополые браки. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-18. ციტირების თარიღი: 2010-10-11.
  4. В Венгрии разрешили однополые союзы. ციტირების თარიღი: 2010-10-11
  5. Парламент Венгрии принял закон об однополых гражданских союзах[მკვდარი ბმული]
  6. Конституционный суд Венгрии аннулировал закон о гражданских однополых партнёрствах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-12. ციტირების თარიღი: 2010-10-11
  7. Gov’t to submit new bill on civil unions დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  8. Hungarian government proposes registered same-sex partnerships დაარქივებული 2011-11-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  9. Венгрия закрепила запрет на гей-браки в Конституции. ციტირების თარიღი: 2010-12-08
  10. Hungarian court rules to acknowledge same-sex marriages abroad as equivalent to civil partnership (2018-02-08).