ერეკლე მეფის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერეკლე მეფის თეატრიერეკლე II-ის (1720-98) დროის მრავალ კულტურულ წამოწყებას შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ეჭირა თეატრალურ ხელოვნებას. XVII საუკუნეში ინტენსიურად ვითარდებოდა თეატრალურ-სანახაობითი კულტურა. ხანგრძლივი ფორმირების პროცესში გამოიკვეთა ორი ტენდენცია: ერთი — თეატრი ღია ცის ქვეშ, და მეორე — თეატრი შენობაში. ხალხური სანახაობანი, საიმპროვიზაციო თეატრი და სახიობის სხვა ფორმები არსებობას განაგრძობდნენ თეატრალური ფოლკლორის ფორმით, ხოლო შენობა-ნაგებობაში შეიქმნა პროფესიონალური თეატრი თავისი დასით, რეპერტუარით, ადმინისტრაციით. სათეატრო ცხოვრებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა სასკოლო დრამამ, რომელიც შეიქმნა თბილისის (1755) და თელავის (1782) სემინარიებში. ის ფაქტი, რომ სემინარიის წესდებით დაშვებული იყო კვირაში ერთხელ "კომედიის ან სხვა რაიმე საჩინო თამაშობის" ჩვენება, გარკვეულ იმპულსს აძლევდა თეატრის განვითარებას. XVIII საუკუნის თეატრზე თავისებურ გავლენას ახდენდა რუსეთთან ურთიერთობა. გაბრიელ მაიორს (მსახიობი და არტილერისტი) რუსეთში ჰქონდა მიღებული განათლება. ერეკლე II-ის ხელშეწყობით რუსეთში მიიღეს განათლება აგრეთვე გ. ავალიშვილმა, ა. თურქესტანიშვილმა, დავით ბატონიშვილმა და სხვებმა, რომლებმაც შემდეგ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სათეატრო ხელოვნების განვითარებაში. 90-იანი წლების დასაწყისში თბილისსა და თელავში იმართებოდა წარმოდგენები. მაჩაბლის, გაბრიელ მაიორისა და გ. ავალიშვილის თეატრი ერეკლე II-ის სათეატრო ხელოვნების ძირითად სახეს ქმნიდა. გ. ავალიშვილის თეატრში ძლიერი იყო კლასიცისტური ტენდენციები, ხოლო მაჩაბელთან უფრო სახიობა და ხალხური თეატრი ვითარდებოდა. ორივე კი ერთი სათეატრო კულტურის სხვადასხვა ეტაპს წარმოადგენდა. გ. ავალიშვილი თარგმნიდა კლასიცისტურ პიესებს. 1791 წელს სამჯერ წარმოადგინეს ა. სუმაროკოვის "რქის მატარებელი". დადგეს მისივე "დედა რაყიფი ქალისა". ერეკლე II-ს გაბრიელ მაიორისთვის უბოძებია არეშაშვილის გვარი. იგი თავისი დროისათვის განათლებული ადამიანი იყო. გამოირჩეოდა მახვილგონიერებით. უთამაშია კომედიებშიც. მაჩაბელთან ერთად მონაწილეობდა 1795 წელს კრწანისის ომში როგორც მსახიობი და არტილერისტი. მაჩაბლისა და გაბრიელ მაიორის სპეკტაკლები არ იყო ერთსახოვანი. თეატრში მისტერიების გვერდით იდგმებოდა საერო ხასიათის ნაწარმოებებიც. სახალხო თეატრში მოღვაწეობდნენ ქეშიშდარდიმანდიანი (იოსებ ამირიძე), ოთარ ნორიელი, ოიანა-ბუიანა და სხვები. მათი მოღვაწეობა იწვვდა სანახაობითი კულტურისადმი ინტერესს, აფართოებდა სათეატრო ხელოვნების თვალსაწიერს და ამდიდრებდა მის ფორმებს. 1761 წელს დაიწერა ერთ-ერთი უსათაურო მცირე პიესა, რომლის ავტორია ერეკლე II-ის დროის მოხელე იასე მიქაძე. 1795 წელს კრწანისის ტრაგედიით დასრულდა პირველი ქართული პროფესიონალური თეატრის ისტორია. ამ ფაქტის გამო თეიმურაზ ბატონიშვილი მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„"მცხოვრებთაგან თბილისისათა აღმოაჩინეს წინამოძღვრად თვისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსაც საზანდრად უხმობდნენ. წარმჩინებულთა მესაკრავეთა და მსახიობთა მეფისათა, მუსიკი და კომედიანტი და იყო უფროსი მსახიობთა და ცნობილი იყო სამეფოსა სახელსა შინა. ეს იყო გვარეულობით და სარწმუნოებით ქართველი, რომელსაც სახელს სდებდნენ მაჩაბელად. ეს მიუძღვოდა გუნდსა მას თბილისელთა მტერთა მიმართ და ეპყრა ხელთ ბარბითა, ესე იგი დაირა, და უკრავდა მასზედა შადიანსა, ესე იგი ხმასა, რომელსაც ლხინსა შინა უკრავენ, ჟამსა შინა უმეტეს სიხარულისასა, ვინაიდან ხმაჲ ესე განამხიარულებს მსმენეთ. იხილა რა აღა-მაჰმად-ხანმა სიმხნე ესე ვითარი ქართველთა მხედრობისა, განკვირდა ფრიად და ეტყოდა: სიყრმეთაგან ჩემით ვიდრე აქომამდე დამიყოფია ბრძოლასა შინა და არსად მიხილავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კაცნი ჩემთა მიმართ ჰყოფდნენ ბრძოლასა. მაჩაბლისა გუნდი შეეწირა მსხვერპლად საყვარელსა მამულსა თვისას. სახელოვნად დასთხელდნენ სისხლნი თვისნი". “

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 446