ენ ჰუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენ ჰუი
დაბადების თარიღი 23 მაისი, 1947 (1947-05-23) (76 წლის)
ლიაონინი, მანჯურია
ალმა-მატერი ლონდონის კინოსკოლა
საქმიანობა კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი
აქტიური 1979-დღემდე

ენ ჰუი (ჩინ.: 許鞍華; დ. 23 მაისი, 1947) — ჰონგკონგელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი. იგი ჰონგკონგური ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული რეჟისორია. მის კინონამუშევრებში გვხვდება ლიტერატურული ადაპტაციები, ფილმები საბრძოლო ხელოვნების შესახებ, ნახევრად-ავტობიოგრაფიული ნამუშევრები, თრილერები, ფილმები სოციალური პრობლემებისა და პოლიტიკური ცვლილებების შესახებ. 2004-2006 წლებში ჰუი ჰონგ-კონგის კინორეჟისორთა გილდიის პრეზიდენტი იყო.[1]

რეჟისორი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მან საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გამარჯვებისთვის სამჯერ მიიღო ოქროს ტაიჭი (1999, 2011, 2014). ჰონგ-კონგის კინოდაჯილდოების ამავე ნომინაციაში რეჟისორმა ექვჯერ მოიპოვა გამარჯვება (1983, 1996, 2009, 2012, 2015, 2018). მისი „ზაფხულის თოვლი“ და „უბრალო ცხოვრება“ ერთადერთი ფილმებია, რომლებმაც ჰონგ-კონგის კინოდაჯილდოების „დიდი ხუთეული“ მოიპოვეს, რაც ყველა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებას გულისხმობს, ესენია: საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მსახიობი კაცი და საუკეთესო მსახიობი ქალი. 2017 წელს ჰუი კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში მიიწვიეს.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუი 1947 წლის 23 მაისს მანჯურიაში, ლიაონინის პროვინციის ქალაქ ანშანში დაიბადა. მისი მამა ჩინელი, ხოლე დედა იაპონელი იყო. 1952 წელს მისი ოჯახი ჯერ მაკაოში, შემდეგ კი ჰონგ-კონგში გადავიდა. ჰუი პავლე მოციქულის სახელობის ქალთა კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა.

1972 წელს ჰუიმ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ინგლისური და შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, რის შემდეგაც ორი წელი ლონდონის კინოსკოლაში სწავლობდა. მან სადისერტაციო ნაშრომი ფრანგი მწერლისა და რეჟისორის, ალან რობ-გრიიეს შემოქმედების შესახებ დაიცვა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონიდან ჰონგ-კონგში დაბრუნებული ჰუი გამოჩენილი ჩინელი კინორეჟისორის, კინგ ჰუს ასისტენგი გახდა. მან სარეჟისორო მოღვაწეობა დრამატული სერიალებისა და მოკლე დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაიწყო. 1977 წელს ჰონგ-კონგის კორუფციის საწინააღმდეგო დამოუკიდებელი კომისიისთვის ჰუიმ არაერთი ფილმი გადაიღო, რომელთა შორის ორი ფილმის ტელევიზიით გაშვება აიკრძალა. 1978 წელს ჰუიმ სამი ეპიზოდი გადაიღო დოკუმენტური სერიალისთვის „ლომის კლდის ქვემოთ“, რომელიც ჰონგ-კონგელი ადამიანების ცხოვრებას ასახავს. სერიალის ყველაზე ცნობილი ეპიზოდია ჰუის გადაღებული „ბიჭი ვიეტნამიდან“, რომელიც მოგვიანებით მისი „ვიეტნამის ტრილოგიის“ პირველი ნაწილი გახდა.[3]

1979 წელს ჰუიმ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საიდუმლო“ გადაიღო, რომელმაც საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისთვის ოქროს ტაიჭის ჯილდო მიიღო.[4]

1980-იან წლებში ჰუი საერთაშორისო კინოასპარეზზე გაიჭრა. იმ პერიოდში აზიაში ჰოლივუდური განგსტერული და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების აღმოსავლური ვერსიები იყო პოპულარული, თუმცა ჰუი თანამედროვე ტენდენციებს არ აჰყოლია და თავისი სტილი შექმნა. მან მრავალი ფილმი გადაიღო კულტურული გარემოს ცვლილების შესახებ. მისი პერსონაჟები ხშირად იძულებულნი ხდებიან სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. რეჟისორი ცდილობს გამოიკვლიოს უცხო მხარეში მოხვედრილი პერსონაჟების განცდები, მათი სახლში დაბრუნების სურვილი და რეაქცია განსხვავებული გარემოს მიმართ. „ახალი ტალღის“ პერიოდში ჰუის ფილმებისთვის სატირული და პოლიტიკური მეტაფორები იყო დამახასიათებელი; მათი საშუალებით რეჟისორი თავის დამოკიდებულებას გამოხატავდა ქალების, ომისაგან დაობლებული ბავშვებისა და ვიეტნამელი ლტოლვილების მიმართ.[5] ამ კატეგორიის მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევრებია „ვუ ვიეტის ამბავი“ და „ადამიანები ნავებში“, რომლებიც „ვიეტნამის ტრილოგიის“ დარჩენილ ორ ნაწილს წარმოადგენენ. ჰონგ-კონგის კინოდაჯილდოებაზე ფილმმა „ადამიანები ნავებში“ საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში გაიმარჯვა. ჰუის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემაა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც მის 1990 წლის ფილმში „ჩემი ამერიკელი შვილიშვილი“ გვხვდება.

ჰუის აღუნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ნამუშევრებში სოციალური პრობლემები წარმოაჩინოს. მისთვის რთული იყო ისეთი პროექტების პოვნა, რომლებიც „ინვესტორებსაც დააკმაყოფილებდა და საზოგადოებასაც მოერგებოდა“. რეჟისორის მიზანს წარმოადგენდა შეექმნა „მიმზიდველი და ყურებადი“ კინოპროდუქტი, რომელიც მაყურებელს სოციალური პრობლემების გააზრების საშუალებას მისცემდა. ჰუი საკამათო ფილმების გადაღებითაა ცნობილი. მაგალითისთვის, მას კრიმინალისა და უმუშევრობის ზრდის პრობლემები წარმოჩენილი აქვს შემდეგ ფილმებში:„როგორები ვართ“ (2008) და „ღამე და ნისლი“ (2009).[6]

ვიეტნამის ტრილოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის ტრილოგიის პირველი ფილმია „ვიეტნამელი ბიჭი“, რომელიც 1978 წელს გამოვიდა. ფილმს ისტორიული მოტივები აქვს: 1970-იანი წლების ბოლოს უამრავი ვიეტნამელი ნავის საშუალებით ჰონგ-კონგში არალეგალურად მიგრირდებოდა. ფილმი აღწერს იმ ადამიანების გამოცდილებას, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეებს რისკავდნენ, რათა არალეგალურად ეცხოვრათ ჰონგ-კონგში, სადაც უამრავ დაბრკოლებას და წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, განიცდიდნენ დისკრიმინაციასა და ექსპლუატაციას.[7]

1981 წლის „ვუ ვიეტის ამბავი“ კვლავ ვიეტნამელი მიგრანტების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში ლტოლვილთა ბანაკებში არსებული მძიმე მდგომარეობაა ასახული.[7]

1982 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ვიეტნამთან ომი დაასრულა, რის შემდეგაც ჰუის ნება დართეს ტრილოგიის მომდევნო ფილმი ჰაინანის კუნძულზე გადაეღო. ფილმში „ადამიანები ნავში“ მოქმედება 1978 წელს ხდება. რეჟისორი იაპონელი ფოტოჟურნალისტის პერსპექტივიდან ვიეტნამში ომის შემდგომ არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ქაოსს აღწერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hong Kong Film Directors' Guild. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-26. ციტირების თარიღი: 2020-11-11.
  2. Stedman, Alex. (2017-06-28) Academy Invites Record 774 New Members en. ციტირების თარიღი: 2019-08-09
  3. „Ann Hui“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-23. ციტირების თარიღი: 2020-11-11.
  4. Lee, Edmund. (May 21, 2017) Ann Hui, most celebrated director in Hong Kong film history, turns 70. ციტირების თარიღი: October 17, 2020.
  5. zh:许鞍华电影中的人文情怀解读 - 中国期刊全文数据库. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-13. ციტირების თარიღი: 2020-11-11.
  6. Director Ann Hui (許鞍華) completes Tin Shui Wai diptych. YouTube (22 April 2009). ციტირების თარიღი: 10 December 2012.
  7. 7.0 7.1 "許鞍華", 维基百科,自由的百科全书, 2018-10-15, https://zh.wikipedia.org/w/index.php?title=%E8%A8%B1%E9%9E%8D%E8%8F%AF&oldid=51652648. წაკითხვის თარიღი: 2018-11-14