ენ ცუკამოტო
| ენ ცუკამოტო | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
6 ივლისი, 1952 კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ღეროვანი უჯრედების ბიოლოგი |
ენ ს. ცუკამოტო ვაისმანი[1] (დ. 6 ივლისი, 1952) — აზიური წარმოშობის ამერიკელი ღეროვანი უჯრედების მკვლევარი და გამომგონებელი.[2]. 1991 წელს მან დააპატენტა პროცესი, რომელიც ადამიანის ღეროვანი უჯრედების იზოლირების საშუალებას იძლევა და დაასაბუთა მათი პოტენციალი მეტასტაზური ძუძუს კიბოთი[1][3][4] დაავადებული პაციენტების მკურნალობაში. თავისი კარიერის განმავლობაში ცუკამოტომ სულ 13 პატენტი[3][5] მიიღო, რომელთა უმრავლესობა ადამიანის სისხლმბად (ჰემატოპოეზურ) ღეროვან უჯრედებს ეხება.
ცუკამოტოს კვლევებმა და სამედიცინო სფეროში შეტანილმა წვლილმა გარდამტეხი როლი ითამაშა ღეროვანი უჯრედების შესწავლაში, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებული პაციენტების სისხლის მიმოქცევის სისტემის გაგებაში. მისმა ნამუშევრებმა აჩვენა კიბოსა და ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობის პოტენციური გზები, რის შესახებაც მანამდე მიიჩნევდნენ, რომ მკურნალობის მეთოდები არ არსებობდა[1][4][5][6][7].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენ ცუკამოტო დაიბადა კალიფორნიაში 1952[3][8] წლის 6 ივლისს. მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი (Ph.D.) იმუნოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში — ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში. ცუკამოტომ სადოქტორო კვლევების შემდგომი სამუშაოების უდიდესი ნაწილი შეასრულა სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტში. აქ ის მუშაობდა wnt-1 გენზე და შეიმუშავა ძუძუს კიბოს ტრანსგენური მოდელი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ Wnt-1 საკვანძო როლს ასრულებს ღეროვანი უჯრედების თვითგანახლების გზაზე[9]. იგი შეუერთდა ბიოტექნოლოგიურ კომპანია SyStemix-ს 1989-დან 1997 წლამდე, სადაც სხვებთან ერთად აღმოაჩინა ადამიანის სისხლმბადი ღეროვანი უჯრედი (hHSC) და წამყვანი როლი ითამაშა ამ უჯრედის კლინიკური კვლევის პროგრამის გაშვებაში. დადასტურდა, რომ გასუფთავებული hHSC არ შეიცავდა კიბოს უჯრედებს მაშინაც კი, როდესაც ის გამოყოფილი იყო გავრცელებული კიბოს მქონე პაციენტების კიბოთი დაბინძურებული სისხლმბადი მობილიზებული სისხლიდან, და მან წარმატებით აღადგინა პაციენტების სისხლის წარმომქმნელი სისტემა მიელოაბლაციური ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ცუკამოტო შეუერთდა StemCells Inc-ს 1998 წელს, სადაც მას ეკავა რამდენიმე მაღალი პოზიცია და ზედამხედველობდა ადამიანის ნერვული და ღვიძლის ღეროვანი უჯრედების გამოყოფასა და გამოყენებას სხვადასხვა დაავადებებისთვის. იგი ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ჯგუფს, რომელმაც აღმოაჩინა ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის ღეროვანი უჯრედი და მოახდინა ღვიძლის მეორე კანდიდატი ღეროვანი უჯრედის იდენტიფიცირება. მისი ხელმძღვანელობით, ადამიანის ნერვული ღეროვანი უჯრედი გადავიდა ადრეულ კლინიკურ განვითარებაში ცენტრალური ნერვული სისტემის სამივე კომპონენტისთვის: თავის ტვინი, ზურგის ტვინი და თვალი. ამ უჯრედების ბიოლოგიური პოტენციალი და აქტივობა ზოგიერთ პაციენტშიც დადასტურდა, რაც მღრღნელებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების შედეგებს დაემთხვა.
2017 წლის მონაცემებით, ცუკამოტო არის აშშ-ის შვიდი გაცემული პატენტის გამომგონებელი, რომელთაგან ექვსი დაკავშირებულია ადამიანის სისხლმბად ღეროვან უჯრედთან[9]. 2021 წლისთვის მან სულ 13 პატენტს[10][11] მიაღწია. პატენტების განაცხადებსა და გრანტებში მიღწეული წარმატებების გარდა, 2023 წელს მას გადაეცა Changemaker Award მშობლიური უნივერსიტეტისგან (სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტი) სისხლის ღეროვანი უჯრედების[12] იზოლირებაში მოპოვებული გარღვევისთვის. ენ ცუკამოტოს ნამუშევარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგენერაციული მედიცინის სფეროსთვის, განსაკუთრებით ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობასა და კვლევაში. მისმა კვლევამ ადამიანის ნერვულ ღეროვან უჯრედებზე გამოიწვია ისეთი მდგომარეობების პოტენციური თერაპიული მკურნალობა, როგორიცაა ზურგის ტვინის დაზიანება, ალცჰაიმერის დაავადება და პარკინსონის დაავადება[13]. ამ ღეროვანი უჯრედების იზოლირება გახდა პლატფორმა შემდგომი კლინიკური კვლევებისთვის, სადაც მოწმდება მათი უნარი — აღადგინონ და მოახდინონ დაზიანებული ნერვული ქსოვილების რეგენერაცია. სისხლმბადი და ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიაში შეტანილი წვლილის გარდა, მისმა კვლევამ და მუშაობამ გავლენა მოახდინა გენურ თერაპიასა და ქსოვილოვან ინჟინერიაში მიღწეულ წინსვლაზე, რაც მისი სამეცნიერო წვლილის მასშტაბურობაზე მეტყველებს.
თავისი კვლევების მიღმა, ცუკამოტო ასევე არის STEM სფეროში მრავალფეროვნების მტკიცე მხარდამჭერი; იგი მენტორობას უწევდა დამწყებ მკვლევარებს და ლობირებდა პროგრამებს ბიოტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მეტი ქალის ინტეგრირებისთვის. იგი გამოდიოდა მოხსენებებით სამეცნიერო კვლევებში შეუპოვრობისა და თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით ქალებსა და სხვა უმცირესობათა ჯგუფებს შორის ამ დისციპლინაში. საჯარო დებატებისა და მენტორობის ინიციატივების მეშვეობით, იგი აგრძელებს მეცნიერ ქალთა მომავალი თაობების შთაგონებას, რათა მათ გადალახონ სამედიცინო აღმოჩენების[14] ზღვარი. მისი თავდადება მეცნიერთა მომავალი თაობის მომზადებისადმი, მის გარდამტეხ და მნიშვნელოვან წვლილთან ერთად ღეროვანი უჯრედების კვლევაში, უზრუნველყოფს მის ადგილს მსოფლიოში, როგორც ბიოტექნოლოგიის პიონერისა.
პატენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი 13 პატენტიდან 7 იყო გაცემული გრანტი, რომელთაგან 6 ეხებოდა ადამიანის სისხლმბად ღეროვან უჯრედებს (1991 წლის ოქტომბერი – 1999 წლის ივნისი). კიდევ ერთი გრანტი გაიცა გენთა გადატანის მეთოდებზე (1999 წლის ივლისი). დანარჩენი 6 პატენტი იყო განაცხადი: 4 გამდიდრებულ პანკრეასის ღეროვან უჯრედებსა და პროგენიტორული (წინამორბედი) უჯრედების პოპულაციებზე (2006 წლის სექტემბერი – 2011 წლის მარტი), ხოლო 2 — ნუკლეაზების გამოყენებით ადამიანის ნერვული ღეროვანი უჯრედების გენომის რედაქტირებაზე (2017 წლის ოქტომბერი – 2023 წლის აგვისტო). ენ ცუკამოტოს ნაშრომმა ღეროვანი უჯრედების კვლევაში ღრმა გავლენა მოახდინა რეგენერაციულ მედიცინაზე. 1989 წელს, კომპანია SyStemix, Inc.-ში მუშაობისას, მან სხვებთან ერთად აღმოაჩინა ადამიანის სისხლმბადი ღეროვანი უჯრედი (hHSC), რაც უმნიშვნელოვანესი გარღვევა იყო ჰემატოპოეზის სფეროში. ცუკამოტო იყო პატენტის — „ადამიანის სისხლმბადი ღეროვანი უჯრედი“ — ერთ-ერთი თანაგამომგონებელი, რომელიც გაიცა 1991 წლის 29 ოქტომბერს. პატენტი დეტალურად აღწერდა ამგვარი უჯრედების იზოლირების პროცესს და მას შემდეგ გადამწყვეტი გახდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროცედურების ევოლუციისთვის სისხლის კიბოსა და დაავადებების სამკურნალოდ. 2021 წლამდე ცუკამოტომ მოიპოვა სულ 13 პატენტი, რომელთაგან ექვსი კონკრეტულად ადამიანის სისხლმბად ღეროვან უჯრედს[15] ისახავდა მიზნად. პატენტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღეროვანი უჯრედების თერაპიის განვითარებაში სისხლთან დაკავშირებული სხვადასხვა მდგომარეობისთვის, რაც ახალ იმედს აძლევს ქიმიოთერაპიითა და სხვა იმუნიტეტის დამასუსტებელი მკურნალობით დაავადებულ პაციენტებს.
სისხლის ღეროვან უჯრედებში მისი პიონერული ნაშრომის გარდა, ცუკამოტომ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნეიროდეგენერაციული დარღვევების მკურნალობაში. StemCells, Inc.-ში ყოფნისას იგი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც პირველად მოახდინა ადამიანის ნერვული ღეროვანი უჯრედების იზოლირება, რომელთაც აქვთ თერაპიული პოტენციალი ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონის დაავადება და ზურგის ტვინის დაზიანება. მისმა ნამუშევარმა საფუძველი ჩაუყარა მიმდინარე კლინიკურ კვლევებს ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული თერაპიებისთვის ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ. ცუკამოტოს ლაბორატორიამ დაასაბუთა, რომ ამ უჯრედებს აქვთ დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარი პრეკლინიკურ მოდელებში, რაც საფუძველს ქმნის პაციენტებში მომავალი კლინიკური გამოყენებისთვის. ცუკამოტოს ვრცელი პატენტების პორტფოლიო და პროგრესი ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიაში აგრძელებს რეგენერაციული მედიცინის სფეროს ფორმირებას. მისი პიონერული მოღვაწეობა, როგორც სისხლმბადი და ნერვული ღეროვანი უჯრედების მკვლევარისა, კვლავ ახდენს გავლენას რეგენერაციულ მედიცინაზე[16] და შთააგონებს მომავალ მკვლევარებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Introducing the 2023 Alumni Award Honorees. University of California San Diego (2023). ციტირების თარიღი: 2024-06-03
- ↑ Ann Tsukamoto (2019-04-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-03. ციტირების თარიღი: 2021-08-07
- 1 2 3 Wheatley, Gail. (2024-02-28) Ann Tsukamoto en. ციტირების თარიღი: 2025-03-03
- 1 2 Ann Tsukamoto - The Stem Cell Research of Ann Tsukamoto. ციტირების თარიღი: 2025-03-04
- 1 2 „BBC 100 Women: Nine things you didn't know were invented by women“. BBC (ინგლისური). 2017-09-04. ციტირების თარიღი: 2024-06-03.
- ↑ Dr. Ann Tsukamoto en-US. ციტირების თარიღი: 2024-06-03
- ↑ Ann Tsukamoto | Women in STEM | St Mary's College en. ციტირების თარიღი: 2025-03-04
- ↑ „Frauen sind anders. GENDERMEDIZIN: Männer auch“ (PDF). Forum – das Magazin des Medizinischen Dienstes: 28–29. 2022.
- 1 2 Forum on Regenerative Medicine (2017-06-16). Exploring the State of the Science in the Field of Regenerative Medicine: Challenges of and Opportunities for Cellular Therapies: Proceedings of a Workshop. Washington, D.C.: National Academies Press. DOI:10.17226/24671. ISBN 978-0-309-45508-4.
- ↑ Ann Tsukamoto Inventions, Patents and Patent Applications - Justia Patents Search. ციტირების თარიღი: 2025-03-03
- ↑ 9 Groundbreaking Women Inventors en (2024-09-23). ციტირების თარიღი: 2025-03-04
- ↑ Introducing the 2023 Alumni Award Honorees en. ციტირების თარიღი: 2025-03-04
- ↑ Bjornson, Christopher; Rietze, Rodney; Reynolds, Brent; Magli, Cristina; Vescovi, Angelo (1999). „Turning Brain into Blood: A Hematopoietic Fate Adopted by Adult Neural Stem Cells in Vivo“. Science. American Association for the Advancement of Science. 283 (5401): 534–537. Bibcode:1999Sci...283..534B. doi:10.1126/science.283.5401.534. PMID 9915700. ციტირების თარიღი: 4 April 2025.
- ↑ Marsili, Caroline. Dr. Ann Tsukamoto. Carlson Caspers Vandenburgh & Lindquist. ციტირების თარიღი: 4 April 2025
- ↑ Patents by Inventor Ann Tsukamoto. ციტირების თარიღი: 4 April 2025
- ↑ Marsili, Caroline. Dr. Ann Tsukamoto. Carlson Caspers Vandenburgh & Lindquist. ციტირების თარიღი: 4 April 2025