შინაარსზე გადასვლა

ენრიკე დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენრიკე დე ბურბონი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1823
სევილია, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 12 მარტი, 1870, (46 წლის)
მადრიდი, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება სევილიის ჰერცოგი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ელენა მარია დე კასტელვი
მშობლები მამა: ფრანსისკო, კადისის ჰერცოგი
დედა: ლუიზა კარლოტა ნეაპოლელი

ენრიკე დე ბურბონი (ესპ. Enrique de Borbón; დ. 17 აპრილი, 1823 — გ. 12 მარტი, 1870) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულა დე ბურბონისა და ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უმცროსი ვაჟი. სევილიის პირველი ჰერცოგი.

ენრიკე დაიბადა 1823 წლის 17 აპრილს სევილიის ალკასარის სასახლეში. იგი იყო ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ნაბოლარა ვაჟის, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე პაულასა და მისი პირველი ცოლის, ლუიზა კარლოტა ნეაპოლელის უმცროსი ვაჟი. 1823 წლის 18 აპრილს ბიძამისმა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-მ ენრიკე სევილიის პირველ ჰერცოგად გამოაცხადა. ამავე წლის 2 დეკემბერს, ასევე მეფის ბრძანებულებით, ენრიკე ესპანეთის ინფანტი ხდება.

1833 წელს ფერდინანდ VII გარდაიცვალა და ტახტზე მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ისაბელ II ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, დედა-დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი გახდა. მარია კრისტინა ენრიკეს ღვიძლი დეიდა იყო, რომელსაც საშინელი ურთიერთობა ჰქონდა ენრიკეს დედასთან, რის გამოც ამის შემდეგ ენრიკეს მშობლები მუდმივ დევნილობაში იყვნენ. ფრანსისკო დე პაულა და ლუიზა კარლოტა შვილებთან ერთად საფრანგეთში, პარიზში გაიქცნენ, სადაც თავი ორლეანელთა ოჯახს შეაფარეს. 1840 წელს, მარია კრისტინას ესპანეთიდან გაძევების შემდეგ (რომელიც ასევე პარიზში გაიქცა), ენრიკე და მისი მშობლები ესპანეთში დაბრუნდნენ, რა დროსაც იგი საზღვაო ოფიცერი ხდება.

დედოფალ ისაბელ II-ის სიტყვებზე დაყრდნობით, ენრიკემ, თავისი რევოლუციური იდეებით, თავადვე აიძულა იგი, რომ ესპანეთიდან კვლავ გაეძევებინა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1846 წელს ისაბელ II ენრიკეს უფროს ძმაზე, კადისის ჰერცოგ ფრანსისკო დე ასისზე დაქორწინდა, ენრიკე კვლავ დართეს სამშობლოში დაბრუნების ნება, თუმცა ამჯერად თავად თქვა უარი.

თავიდან იგი ბელგიაში ცხოვრობდა, რის შემდეგაც ინგლისში გადასახლდა. 1848 წელს მან დატოვა ინგლისი და საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ჩავიდა, საიდანაც მან რევოლუციონერებისაგან გადაარჩინა მეფე ლუი-ფილიპე I და მისი ოჯახი. ლუი-ფილიპესთან ერთად ესპანეთში ენრიკეც დაბრუნდა, რომელიც კვლავ მოუწოდებდა ესპანელ ხალხს მიებაძათ ფრანგებისათვის და რევოლუცია წამოეწყოთ. 1848 წელსვე, დედოფალმა ისაბელმა მას ჩამოართვა სევილიის ჰერცოგისა და ესპანეთის ინფანტის ტიტულები და მასთან ერთად ყველა პრივილეგიაც. 1854 წელს დედოფალმა იგი შეიწყალა და სტატუსი აღუდგინა, თუმცა 1857 წელს კვლავ ჩამოართვა, რადგან მან კვლავ განაახლა რევოლუციური იდეების გავრცელება.

1860 წლიდან იგი ესპანეთის საზღვაო ძალების გენერალი ხდება და კვლავ უღდგება სევილიის ჰერცოგის წოდება. 1863 წლიდან ლიბერალისტების პარტიასა და თავის ბიძაშვილ ანტუან ორლეანელთან ერთად შეთქმულების მოწყობა და ისაბელის დამხობა სცადა, რაც არ გამოუვიდა. მას კვლავ ჩამოართვა დედოფალმა ტიტულები და ამჯერად ცოლ-შვილთან ერთად გააძევა ესპანეთიდან. ამის შემდეგ იგი ჯერ პარიზში, შემდეგ კი ლონდონში გადასახლდა. 1868 წელს, ესპანელმა რევოლუციონერებმა მართლაც დაამხეს დედოფალ ისაბელ II-ის მმართველობა და სამეფო ოჯახი გააძევეს ესპანეთიდან. ისაბელი პარიზში გაიქცა, სადაც მან ენრიკეს ტახტის დაბრუნებაში სთხოვა დახმარება.

1870 წლის 7 მარტს სახალხო გაზეთ "La Epoca"-ში მან გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლის მიხედვითაც იგი ესპანეთის ტახტზე დედოფალ ისაბელას უფლებებს იცავდა. მას ამ ყველაფერში შეეწინააღმდეგა წარსულში მისი მოკავშირე ანტუან ორლეანელი, რომელმაც ენრიკე დუელში გამოიწვია. 1870 წლის 12 მარტს, პარიზში, 46 წლის ენრიკე დუელში მოკლა ანტუანმა.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1846 წელს ენრიკემ ცოლად შეირთო ელენა მარია დე კასტელვი (1821-1863), კასტელას გრაფ ანტონიო დე პადუა დე კასტელვი ი ფერნანდეს დე კორდოვასა და მისი მეუღლის, მარგარიტა შელის უფროსი ასული. დედოფალმა ისაბელ II-მ არ ცნო მათი ქორწინება, რის გამოც წყვილმა დატოვა ესპანეთი და 1847 წელს რომში გადასახლდა, ამის შემდეგ საფრანგეთის ქალაქ ბაიონში, რის შემდგომაც ისინი კვლავ დაბრუნდნენ ესპანეთში. ენრიკესა და ელენას სულ ხუთი შვილი შეეძინათ:

  1. ენრიკე (1848-1894), სევილიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჟოზეფინ პარადი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ლუისი (1851-1854), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ფრანსისკო (1853-1942), კასტელვის ჰერცოგი, პირველად დაქორწინდა მარია ლუისა დე ლა ტორე ი ბასავეზე, რომელთანაც შეეძინა შვილები. მისი გარდაცვალების შემდეგ იგი დაქორწინდა ფელისა დე ლეონ ი ნავარო ბალბოაზე, რომელთანაც ერთი შვილი შეეძინა;
  4. ალბერტო (1854-1939), სანტა ელენას ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარგარიტა დ'ასტ დე ნოველე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  5. მარია (1863-1907), ცოლად გაჰყვა კარლოს ფერნანდეს-მაკიეირა ი ოიანგურენზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • Mateos Sáinz de Medrano, Ricardo. Nobleza Obliga. La Esfera de Los Libros, 2006. ISBN 84-9734-467-7.