შინაარსზე გადასვლა

ენრიაკუ-ძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენრიაკუ-ძი (იაპონ. 延暦寺) — ტენდაის სკოლის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ჰიეის მთაზე, ქალაქ ოცუში და გადაჰყურებს კიოტოს. იგი 788 წელს, ადრეულ ჰეიანის პერიოდში (794-1185 წწ.) დააარსა საიჩომ (767-822 წწ.) — ასევე ცნობილმა, როგორც დენგიო დაიში. სწორედ მან შემოიტანა იაპონიაში ჩინეთიდან მაჰაიანა ბუდიზმის ტენდაის სექტა. დაარსების შემდეგ ტაძრის კომპლექსმა რამდენიმე რეკონსტრუქცია განიცადა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი (მთავარი დარბაზის აღდგენა) 1642 წელს, ტოკუგავა იემიცუს მმართველობისას განხორციელდა. ენრიაკუ-ძი ტენდაის სექტის შტაბ-ბინა და იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონასტერია. სწორედ ამიტომ, იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — „ძველი კიოტოს ისტორიული ძეგლების (ქალაქები კიოტო, უძი და ოცუ)“ — ნაწილია. ამ მონასტერში გარკვეული დრო აქვთ გატარებული ძიოდო-შუს, ძიოდო-შინშუს, სოტო-ძენისა და ნიჩირენ ბუდიზმის ფუძემდებლებს. ენრიაკუ-ძი ასევე წარმოადგენს კაიჰოგიოს (ცნობილი, როგორც „მარათონელი ბერები“) პრაქტიკის ცენტრს.

იმპერატორ კანმუს მხარდაჭერით, ბუდისტმა ბერმა საიჩომ 807 წელს ასი მოწაფე აკურთხა. ჰიეის მთაზე მკაცრი დისციპლინის პირობებში, მისი ბერები თორმეტი წლის განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდნენ, რასაც სწავლასა და მედიტაციას უთმობდნენ. ამ პერიოდის შემდეგ, საუკეთესო სტუდენტები მონასტერში სხვადასხვა თანამდებობებზე რჩებოდნენ, სხვები კი სახელმწიფო სტრუქტურებში აგრძელებდნენ მოღვაწეობას. თავისი ძლიერების პიკზე ენრიაკუ-ძი უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელიც 3 000-მდე მცირე ტაძარსა და მეომარი ბერების მძლავრ არმიას აერთიანებდა.

X საუკუნეში ენინისა და ენჩინის ხაზის ტენდაის მიმდევარ ბერებს შორის დავა დაიწყო მემკვიდრეობის თაობაზე. ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ტენდაის ურთიერთსაპირისპირო ცენტრების ჩამოყალიბება ენრიაკუ-ძისა და მიი-დერაში, რომლებიც ცნობილია როგორც „მთის ორდენი“ (山門, სანმონი) და „ტაძრის ორდენი“ (寺門, ძიმონი). კონფლიქტების მოსაგვარებლად მეომარ ბერებს იყენებდნენ, ტენდაის ლიდერებმა კი დაიწყეს დაქირავებული არმიების აყვანა, რომლებიც ემუქრებოდნენ მეტოქეებს და ხშირად დედაქალაქისკენაც კი ილაშქრებდნენ სამონასტრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ქვეყნის გაერთიანებისა და პოტენციური მეტოქეების განადგურების პროგრამის ფარგლებში, მხედართმთავარმა ოდა ნობუნაგამ 1571 წელს ბოლო მოუღო ამ ბუდისტურ მილიტარიზმს — იგი თავს დაესხა ენრიაკუ-ძის, მიწასთან გასწორა შენობები და ბერები ამოხოცა. ენრიაკუ-ძის ამჟამინდელი ნაგებობები XVI საუკუნის ბოლოდან XVII საუკუნის პირველ ნახევრამდე პერიოდით თარიღდება, როდესაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ტაძრის რეკონსტრუქცია მოხდა. მხოლოდ ერთმა მცირე ნაგებობამ გაუძლო განადგურებას — ეს არის რური-დო (るり堂, „ლაზურიტის დარბაზი“), რომელიც საი-ტოს კომპლექსიდან მომავალი გრძელი, დაუნიშნავი ბილიკის ბოლოს მდებარეობს. ეს შენობა XIII საუკუნით თარიღდება და XX საუკუნეში მკაცრი კლიმატური პირობების გამო ორჯერ შეკეთდა. რეკონსტრუქციის დროს ზოგიერთი ნაგებობა სხვა ტაძრებიდან (განსაკუთრებით მიი-დერადან) გადმოიტანეს, ამიტომ თავად შენობები ძველია, თუმცა ისინი ყოველთვის ამ ადგილას არ მდგარა.

დღეისათვის ენრიაკუ-ძის ნაგებობების უმეტესობა სამ რაიონშია თავმოყრილი: ტო-დო (東塔, „აღმოსავლეთის პაგოდა“), საი-ტო (西塔, „დასავლეთის პაგოდა“) და იოკოკავა (横川). მონასტრის უმნიშვნელოვანესი შენობები ტო-დოს რაიონშია კონცენტრირებული. საი-ტო ტო-დოდან ფეხით 20 წუთის სავალზეა (ძირითადად დაღმართი) და იქაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა მდებარეობს. იოკოკავა უფრო იზოლირებულია და მას ნაკლებად სტუმრობენ; ფეხით მისასვლელად დაახლოებით 1,30 საათია საჭირო, ამიტომ იქ მოხვედრა ყველაზე მარტივი ავტობუსითაა, რომელიც სამივე კომპლექსსა და მთის სხვა ლოკაციებს აკავშირებს.

2006 წლის 4 აპრილს ენრიაკუ-ძიში ჩატარდა ცერემონია იამაგუჩი-გუმის (იაპონიაში უმსხვილესი იაკუძას ორგანიზაცია) ყოფილი ლიდერებისათვის. რადგან მსგავსი ტაძრის ცერემონიები იამაგუჩი-გუმის მიერ ფულის მოსაზიდად და ძალაუფლების დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა, შიგას პრეფექტურის პოლიციამ ენრიაკუ-ძის ცერემონიის შეწყვეტა სთხოვა. ტაძარმა თხოვნა უარყო, ცერემონიის სანაცვლოდ კრიმინალური წარმომავლობის თანხა მიიღო და იამაგუჩი-გუმის 100-მდე მაღალი რანგის ლიდერს დასწრების უფლება მისცა. გაზეთებში „Asahi Shimbun“ და „Yomiuri Shimbun“ გამოქვეყნებული რეპორტაჟების შემდეგ, ენრიაკუ-ძი ქვეყნის მასშტაბით სკანდალში გაეხვია. ტაძარი ასევე გააკრიტიკა იაპონიის ბუდისტური ტაძრების ასოციაციამ (რომელიც 75 000 ტაძარს აერთიანებს), რამაც იაკუძას წინააღმდეგ მოძრაობას დაუდო საფუძველი. საბოლოოდ, 18 მაისს ენრიაკუ-ძის ყველა წარმომადგენელი დირექტორი გადადგა. მათ ბოდიში მოიხადეს საკუთარ ვებგვერდზე და ელექტრონული წერილები გაუგზავნეს 3 000 ფილიალ ტაძარს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: