ენოთეკა


ენოთეკა (ბერძ. Οινός, oinos – ღვინო და Θήκη, thēkē – საცავი) — საგანგებოდ მოწყობილი საცავი, სადაც ინახება ბოთლებში ჩამოსხმული სხვადასხვა მარკის ღვინის კოლექცია.
ენოთეკაში ინახება სხვადასხვა ტიპისა და ხნოვანების მრავალი დასახელების ღვინო. ტერმინი „ენოთეკა“ პირველად წარმოიშვა იტალიაში, სადაც ის აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ღვინოს სპეციალურ საცავ-მაღაზიას.[1]
საქართველოს ენოთეკები მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საცავთაგანია, რაც მრავალჯერ გამხდარა მეღვინეობის მსოფლიო და საერთაშორისო კონგრესების გამართვის საფუძველი. პირველი ქართული ენოთეკა შეიქმნა თბილისში XIX საუკუნის 80-იან წლებში № 1 ღვინის ქარხნის ბაზაზე. აქ დაცული იყო სუფრის, შემაგრებული სადესერტო და ცქრიალა (შამპანური) ღვინოები, აგრეთვე სხვადასხვა დასახელების მაგარი სამარკო სპირტიანი სასმელების (კონიაკი) ნიმუშები. აქვე ინახებოდა უცხოური ღვინოების კოლექცია. ძველ ღვინოთა შორის აღსანიშნავია წინანდალი (თეთრი; 1898, 1913), ნაფარეული (თეთრი; 1909), მუკუზანი (წითელი; 1894, 1896) და სხვ., უცხოური ღვინოებიდან — ფრანგული შატო-ლაფიტი (1775), შატო-ლატური (1878, 1905), რომანე-კონტი (1865) და სხვ., ასევე პოლონური ლიქიორი (1790), „ქოლერის საწინააღმდეგო“ რუსული არაყი (1717); ნაპოლეონის ღვინის საცავის კონიაკი (1811) და სხვ.
ენოთეკები არსებობს წინანდალში, სააქციო საზოგადოების „სარაჯიშვილის“ და „ბაგრატიონი 1882-ის“ ქარხნებში, სადაც დაცულია უნიკალური ქართული და მსოფლიოს საუკეთესო მაგარი სპირტიანი სასმელების ნიმუშები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიხარულიძე თ., კოლექციონირების მეცნიერული საკითხები, «მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები», 1972, ტ. 2.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- Беридзе Г. И., Сихарулидзе Т. Г., Физико-химический состав и качество коллекционных вин, Тб., 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Robinson J.,ed, The Oxford Companion to Wine, 3rd Ed., Oxford, 2006. — p 255.