შინაარსზე გადასვლა

ენი გრინგეიბლიდან

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენი გრინგეიბლიდან — კანადელი ავტორის, ლუსი მოდ მონტგომერის მიერ 1908 წელს გამოქვეყნებული კლასიკური საბავშვო რომანი. მოქმედება მიმდინარეობს მე-19 საუკუნის ბოლოს და აღწერს 11 წლის ობოლი გოგონას, ანა შირლის თავგადასავალს, რომელიც შეცდომით გაიგზავნა შუახნის და-ძმასთან, მეთიუ და მარილა კათბერტებთან. და-ძმას თავდაპირველად ბიჭის აყვანა სურდა ფერმის საქმეებში დასახმარებლად.

წიგნი ნათარგმნია სულ მცირე 36 ენაზე და გაყიდულია 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, რითაც ის იქცა ბესტსელერად მთელ მსოფლიოში.[1] წიგნს ბევრ ქვეყანაში ასწავლიან მოსწავლეებს.[2]

რომანის წარმატების შემდეგ მონტგომერიმ დაწერა არაერთი გაგრძელება. 2008 წელს აღინიშნა სერიის 100 წლის იუბილე.

წიგნის მიხედვით შექმნილია როგორც კინემატოგრაფიული, ასევე სატელევიზიო ვერსიები, ანიმაციები, ტელესერიალები, მიუზიკლები და პიესები, რომლებიც ყოველწლიურად იდგმება კანადაში, ევროპასა და იაპონიაში.[3][4][5]

ევლინ ნესბიტის პორტრეტი

ენის მხატვრული სახის შექმნისას ლუსი მონტგომერი რუდოლფ აიკემეიერ უმცროსის მიერ შექმნილი ევლინ ნესბიტის პორტრეტით იყო შთაგონებული.[6] მონტგომერიმ ევლინ ნესბიტის ფოტო ჟურნალიდან ამოჭრა და საძინებლის კედელზე დაკიდა, როგორც მოდელი ენ შერლის სახის ინსპირაცია და ახალგაზრდული იდეალიზმისა და სულიერების შემხსენებელი.[6]

მონტგომერი შთააგონა „ფორმულა ენის“ — ობოლი გოგონას — ისტორიებმა (ასე უწოდებდნენ იმიტომ, რომ ისინი მიჰყვებოდნენ ასეთ პროგნოზირებად ფორმულას), რომლებიც იმ დროს პოპულარული იყო, თუმცა განასხვავა თავისი პერსონაჟი თავისებური სახელით (დამატებითი "e"-თი დაწერით).[7][8] რომანის წერისას მონტგომერიზე ასევე დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩანაწერებმა და-ძმის შესახებ, რომლებსაც შეცდომით გაუგზავნეს ობოლი გოგონა ბიჭის ნაცვლად. ასევე გამოიყენა თავისი ბავშვობისდროინდელი გამოცდილება.

სხვა პერსონაჟების სახის შექმნისას კი (მაგალითად, ისეთის, როგორიცაა გილბერტ ბლაიტი) საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაეყრდნო და ასეთი ტიპაჟები სანაცნობოდან გაიხსენა. მან თქვა, რომ დაწერა რომანი დღის მიწურულს, ფანჯარასთან მჯდომმა, კავენდიშის მინდვრების ცქერისას.[9]

რომანის მთავარი პერსონაჟი მდიდარი წარმოსახვის მქონე, ენაწყლიანი, წითურთმიანი ობოლი გოგონა ენი შირლია, რომელიც 11 წლის ასაკში მეთიუ და მარილა კათბერტებთან საცხოვრებლად მიდის.

ენი ძალიან მგრძნობიარე და ემოციურია. მას არ მოსწონს თავისი თმის ფერი. გოგონას მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ობოლთა თავშესაფრიდან მინდობით აღმზრდელ ოჯახებს იცვლიდა ხშირად და თავისზე პატარა ბავშვებზე ზრუნავდა. იგი აღფრთოვანებულია, რომ, როგორც იქნა, ნამდვილი სახლი იპოვა გრინგეიბლში.

მარილა კათბერტი: მეთიუს და მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ქალია, რომელსაც იუმორის გრძნობაც აქვს. მისი ცხოვრება უფერული, ერთფეროვანი და უსიხარულო იყო ენის მოსვლამდე. ის ცდილობს ბავშვს დისციპლინა ჩაუნერგოს, მაგრამ მას იზიდავს ენის სიცოცხლისუნარიანობა და სიხარული. მარილას თავდავიწყებით შეუყვარდება თავისი აღსაზრდელი.

მეთიუ კათბერტი, მარილას ძმა, მორცხვი, კეთილი კაცია, რომელსაც ენი თავიდანვე მოსწონს. ისინი სწრაფად მეგობრდებიან. ის პირველი ადამიანია, ვინც ენს უპირობო სიყვარული უჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ მარილას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა ენის აღზრდაზე, მეთიუც ცდილობს, რითაც შეუძლია, გაანებივროს ობოლი გოგონა.

პირველად წიგნი 1908 წლის 13 ივნისს გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად: პირველ ხუთ თვეში 19,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მას შემდეგ მთელ მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა. [10]

მონტგომერის ორიგინალი ხელნაწერი დაცულია ხელოვნების კონფედერაციის ცენტრის მიერ, შარლოტტაუნში, პრინც ედუარდის კუნძულზე. ხელნაწერის ტრანსკრიპტი გამოქვეყნდა Nimbus Publishing-ის მიერ 2019 წელს. მონტგომერის ორიგინალი ნაბეჭდი ტექსტი და გასწორებული ფურცლები დაკარგულია.[11]


  1. Paskin, Willa (2017-04-27). „The Other Side of Anne of Green Gables“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-04-19.
  2. Mollins, Julie (March 19, 2008). „New Anne of Green Gables book stirs debate“. Reuters Life!. Toronto.
  3. „Anne of Green Gables New TV Series • Willow and Thatch“. Willow and Thatch (ინგლისური). 2016-08-24. ციტირების თარიღი: 2017-06-13.
  4. Tourists flock to see Anne of Green Gables-World-chinadaily.com.cn.
  5. The Canadian Encyclopedia ISBN 978-0-771-02099-5 p. 1972
  6. 6.0 6.1 Gammel, Irene (2009). Looking for Anne of Green Gables: The Story of L. M. Montgomery and her Literary Classic. New York: St. Martin's Press. 
  7. Anne of Green Gables. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 2025-03-17.
  8. Gammel, Irene (July 8, 2008). Looking for Anne of Green Gables: The Story of L. M. Montgomery and Her Literary Classic. Macmillan. ISBN 978-0-312-38237-7. 
  9. Gammel, Irene (2009). „The Mystery of Anne Revealed“. Looking for Anne of Green Gables: The Story of L. M. Montgomery and her Literary Classic. New York: St. Martin's Press.
  10. Daphne Gordon, "Anne of Green Gables Turns 100", Toronto Star, January 26, 2008,
  11. Anne of Green Gables, Norton Critical Edition, edited by E. Waterston and M. H. Rubio, 2007, A Note on the Text