ენდერუნი

ენდერუნი — სასახლის ცენტრი სამმართველო კადრების მოსამზადებლად, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა XV საუკუნის შუა ხანებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. იგი მდებარეობდა სულთნის თოფქაფის სასახლის მესამე ეზოში, შიდა პალატებში (ენდერუნი) სტამბოლში.
ქრისტიანული ოჯახებიდან დევშირმეს გზით აყვანილი სხვადასხვა ასაკის ბავშვები ნაწილდებოდნენ თურქულ ოჯახებში, სადაც ისინი ითვისებდნენ ენას და ისლამის საფუძვლებს. ამის შემდეგ, ედირნეს ყაზარმებში, აჯემი ოღლანები („უცხომიწის ჭაბუკები“) გადიოდნენ სწავლებასა და სამხედრო მომზადებას. გარკვეული დროის შემდეგ, ახალწვეულები, რომლებსაც „çıkma“ ეწოდებოდათ, ნაწილდებოდნენ სამხედრო ნაწილებში, ხოლო მათგან ყველაზე ნიჭიერები აგრძელებდნენ სწავლას ენდერუნში. ზოგჯერ მათ შერჩევას თავად სულთანი ხელმძღვანელობდა.
სწავლის საფეხურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭაბუკები თანმიმდევრულად გადიოდნენ სწავლების შვიდ საფეხურს, პარალელურად კი სასახლის სამსახურებში ასრულებდნენ მოვალეობებს. მათ, ვინც ვერ შეძლო ყველა საფეხურის გავლა, სამხედრო ნაწილებში ანაწილებდნენ, ხოლო წარმატებულები მნიშვნელოვან თანამდებობებზე ინიშნებოდნენ. კურსდამთავრებულთათვის არსებობდა სამსახურში განაწილებისა და დაწინაურების მკაცრად დაცული წესები.
პირველ ორ საფეხურს ეწოდებოდა „მცირე პალატა“ (ქუჩუქ ოდა) და „დიდი პალატა“ (ბიუიუქ ოდა). ეს პალატები განლაგებული იყო, შესაბამისად, ნეტარების კარიბჭის მარცხენა და მარჯვენა მხარეს.
სასწავლო პროგრამაში შედიოდა ისლამური რელიგია და კულტურა, თურქული, არაბული და სპარსული ენები, ასევე სირბილი, ჭიდაობა, ხტომა და მშვილდოსნობა. მოსწავლეებს ეცვათ დოლამანის კოსტუმი, რის გამოც მათ „დოლამანჩებს“ ეძახდნენ.
პალატებში ერთდროულად დაახლოებით ორმოცი ჭაბუკი სწავლობდა; ეს საფეხური გაუქმდა მეჰმედ IV-ის (1648-1687) მმართველობის პერიოდში.
„სამხედრო პალატა“, რომელიც მურად IV-მ 1635 წელს დააარსა, თავდაპირველად დაკავშირებული იყო სასახლის შიდა პალატების მცხოვრებთა თეთრეულის რეცხვის სამსახურთან. აქ ამზადებდნენ დალაქებსა და აბანოების ზედამხედველებს; აქვე სწავლობდნენ სასახლის მუნჯები და ქონდრისკაცები. მოგვიანებით, „სამხედრო პალატაში“ სხვადასხვა ხელოვნებასაც ასწავლიდნენ, სადაც ამზადებდნენ მუსიკოსებს, მომღერლებსა და ჭიდაობის ოსტატებს. კურსდამთავრებულები მიემართებოდნენ სიპაჰების ნაწილებში. სეფელრი ქოღუშუში დაახლოებით ასი ადამიანი იყო.
ენდერუნის სამი უმაღლესი საფეხური — „ეკონომოსის პალატა“ , „ხაზინის პალატა“ და „პირადი პალატები“ — ორგანიზებული იყო მეჰმედ II-ის (1451-1481) მმართველობის წლებში. „ეკონომოსის პალატას“ ხელმძღვანელობდა სერ-ქილარ-ი ჰასა, რომელიც პასუხისმგებელი იყო სულთნისა და ჰარემის კვების ორგანიზებაზე. მოსწავლეები, რომელთა რიცხვი დაახლოებით ოცდაათი იყო, ამზადებდნენ და ინახავდნენ საკვებს, სასმელებსა და სანთლებს სასახლისა და მეჩეთებისთვის. სწავლადამთავრებულები ავსებდნენ ქაფისყულუ კავალერიის ნაწილებს (ქაფისყულუ სიუვარი). „ხაზინის პალატის“ სათავეში იდგნენ მთავარი ხაზინადარი (ხაზინედარბაში) და მისი თანაშემწე (ქეთხუდა). მოსწავლეთა რაოდენობა ზოგჯერ ას ორმოცდაათს აღწევდა. ამ საფეხურის კურსდამთავრებულები ინიშნებოდნენ ქაფისყულუს კავალერიის ნაწილებში, ან ხდებოდნენ სასახლის მოხელეები (მუთეფერიქ და ჩაშნიგირ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- История Османского государства, общества и цивилизации: В 2 т. = Osmanli devleti ve medeniyeti tarihi. — М.: Восточная литература, 2006. — Т. 1: История Османского государства и общества. — С. 116—117, 375. — XXXII+602 с. — 2000 экз. — ISBN 5-02-018509-4.