შინაარსზე გადასვლა

ენა-ხახის ნერვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენა-ხახის ნერვი (აღნიშნულია ყვითლად)

ენა-ხახის ნერვი (ლათ. nervus glossopharyngeus) — თავის ტვინის IX წყვილი ნერვი, რომელიც ოთხი ფესვით გამოდის მოგრმო ტვინიდან და თავის ტვინის X და XI წყვილ ნერვებთან ერთად ტოვებს ქალას ღრუს საუღლე ხვრელის საშუალებით. ენა-ხახის ნერვი შერეული ხასიათისაა, შეიცავს მამოძრავებელ და მგრძნობიარე ბოჭკოებს, მაგრამ უმთავრესად გემოვნების ნერვია და პარასიმპათიკური სეკრეტორული ბოჭკოებიც აქვს. მამოძრავებელი ბოჭკოები იწყება მოგრძო ტვინის ავტონომიუ და სომატურ ბირთვებში და მიემართება რბილი სასის, ხახისა და ხორხის განივზოლიან კუნთებში. მგრძნობიარე ბოჭკოები (რომლებიც ჭარბობს ენა-ხახის ნერვში) იწყება ზედა და ქვედა კვანძებში, ენა-ხახის ნერვის ქალადან გამოსვლის ადგილას. ამ კვანძების ნერვული უჯრედების ცენტრალური მორჩები აღწევს მოგრძო ტვინს, პერიფერიული კი ანერვიანებს ენის უკანა მესამედის, ხორხსარქველის, ხახის, შუა ყურის, ე. წ. დერილისებრი უჯრედებისა და საძილე წიაღის ლორწოვან გარსს. გემოვნების ბოჭკოები მიემართება ენის შემოზღუდულ დვრილებში. სეკრეტორული ბოჭკოები წარმოიქმნება მოგრძო ტვინის ბირთვში, გაივლის დაფის ნერვს და ანერვიანებს ყბაყურა ჯირკვალს.