შინაარსზე გადასვლა

ემი ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემი ბრაუნი

ემის პორტრეტი უცნობი მხატვრის მიერ
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1783
მეიდსტონი, კენტი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი, 1876 (93 წლის)
შატო დე ლა კონტრე, საფრანგეთი
მეუღლე(ები) ბატონი ფრიმანი
შარლ ფერდინანდ დე ბურბონი
შვილ(ებ)ი ჯორჯინა ემა მარშალი
ჯორჯ გრანვილ ბრაუნი
ჯონ ფრიმანი
რობერტ ფრიმანი
შარლოტ მარია დე ბურბონი
ლუიზა მარია დე ბურბონი
მშობლები მამა: ჯონ ლ. ბრაუნი
დედა: მერი ენ დეკონი

ემი ბრაუნი (დ. 8 აპრილი, 1783 — გ. 7 მაისი, 1876) — შარლ ფერდინანდის, ბერის ჰერცოგის, მეფე შარლ მეათისა და მარია ტერეზა სავოიელის უმცროსი ვაჟის ინგლისელი საყვარელი. ზოგიერთი ავტორი წერს, რომ წყვილი ემის პროტესტანტი პასტორი მამის მიერ გამართულ საიდუმლო ცერემონიაზე შეუღლდა, თუმცა ამის უშუალო მტკიცებულებები არ არსებობს. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ, თუმცა შარლ ფერდინანდის საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოებრივი მიზეზების გამო, ეს ურთიერთობა შეწყდა.

ემი ბრაუნი 1783 წლის 8 აპრილს, მეიდსტონში, კენტში,[1]ინგლისში დაიბადა, როგორც ჯონ ლ. (სხვა წყაროებში ჯოზეფ) ბრაუნის, პროტესტანტი პასტორისა[2] და მისი მეუღლის, მერი ენ დეკონის რვა შვილიდან მეხუთე. 1793 წლისათვის, ემის ოთხი უფროსი და-ძმა ჩვილობისას ან ბავშვობაში დაღუპულიყო, და ამ ფაქტმა ის ოჯახის უფროს შვილად აქცია.

1804 წლის 10 იანვარს ემიმ ქალიშვილი, ჯორჯინა ემა მარშალი გააჩინა. მისი მეორე შვილი, ვაჟი, სახელად ჯორჯ გრანვილ ბრაუნი, 1805 წლის 20 თებერვალს დაიბადა, და ათი თვის შემდეგ, 25 დეკემბერს, მესამე შვილი, კიდევ ერთი ვაჟი, სახელად ჯონ ფრიმანი, გაჩნდა. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ბავშვი ვინმე მისტერ ფრიმანთან ლეგიტიმურ ქორწინებაში გაჩენილიყო. ამ პიროვნების შესახებ სხვა არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება, მაგრამ ავტორი დევიდ სკუი ემის ჰერცოგთან შეხვედრისას ქვრივს უწოდებს.[3]

ემი შარლ ფერდინანდს, ბერის ჰერცოგს 1805 წელს, ლონდონში, ბურბონების სამეფო ოჯახის ინგლისში გადასახლებიდან სამი წლის შემდეგ შეხვდა. იმის გამო, რომ მისი ვაჟი იმავე წლის დეკემბერში დაიბადა, სავარაუდოა, რომ წყვილმა ერთმანეთი ემის ფეხმძიმობის დროს გაიცნო, მიუხედავად იმისა, რომ მათი პირველი შეხვედრის თარიღი ზუსტად არ არის შემორჩენილი. 1806 ან 1807 წელს ემიმ კიდევ ერთი შვილი, რობერტ ფრიმანი გააჩინა, რომლის გვარიც მიუთითებს, რომ შესაძლოა ბავშვის მამა ემის უცნობი მეუღლე ყოფილიყო, თუმცა ისიცაა შესაძლებელი, რომ ჯონისა და რობერტ ფრიმანების მამა ბერის ჰერცოგი იყო, რომელმაც ისინი უბრალოდ არასდროს აღიარა ლეგიტიმურ ვაჟებად. რობერტი ახალგაზრდა, 1823 წელს გარდაიცვალა.

ემი შესაძლოა შარლ ფერდინანდზე 1806 წლის საიდუმლო ცერემონიისას დაქორწინდა, რომელსაც მამამისი ხელმძღვანელობდა, თუმცა ჰერცოგს ოჯახისაგან ამ შეუღლების უფლება არ ჰქონდა მიღებული და ის ფაქტიც არ აბრკოლებდა, რომ არა-კათოლიკე დედისაგან გაჩენილი ვაჟები საფრანგეთის ტახტზე ვერ ავიდოდნენ.[4] საბოლოოდ, მათ არ ჰყოლიათ ვაჟი (ჯონ და რობერტ ფრიმენის საკამათო გამონაკლისების გარდა), თუმცა შეეძინათ ორი ქალიშვილი:[5]

  • შარლოტ მარი ავგუსტინ დე ბურბონი, გრაფინია დ’ისოუდუ (დ. 13 ივლისი, 1808 - გ. 13 ივლისი, 1886),[6] 1823 წელს გათხოვდა ფერდინანდ დე ფაუსნი-ლუსინზე, პრინც ლუსინზე, ვისთანაც შვილები შეეძინა.
  • ლუიზა მარი შარლოტა დე ბურბონი, გრაფინია დე ვიერზო (დ. 29 დეკემბერი, 1809 - გ. 26 დეკემბერი, 1891) 1827 წელს დაქორწინდა შარლ დე შარეტ დე ლა კონტრე, დე ლა კონტრეს ბარონზე, ვისთანაც შვილები შეეძინა.

ნაპოლეონის ტახტიდან წასვლის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ჰერცოგი 1814 წელს საფრანგეთში დაბრუნდა და ქალიშვილებიც თან წაიყვანა. ემი ინგლისში დარჩა. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ჰერცოგი იძულებული გახდა ემის დაშორებოდა. თუ ქორწინება მართლაც მომხდარიყო, ის ძალადაკარგულად გამოაცხადდა, სამეფო ნებართვის გარეშე ჩატარების გამო. შესაბამისად ემიმ ვერასდროს მოიპოვა შარლ ფერდინანდის მეუღლის ოფიციალური წოდება.[7] მოგვიანებით ჰერცოგი მარია კაროლინაზე (დ. 5 ნოემბერი, 1798 - გ. 17 აპრილი, 1870) ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო პირველის ქალიშვილზე დაქორწინდა, ვისთანაც ოთხი შვილი შეეძინა. მას ასევე ჰყავდა ორი უკანონო ვაჟი მოცეკვავე იუგინ-ვირჯინია ორეილესთან (დ. 8 აგვისტო, 1795 - გ. ოქტომბერი, 1875), რომელიც მისი მრავალი საყვარლიდან ერთ-ერთი იყო. ჰერცოგი ლუი პიერ ლუველმა 1820 წლის 14 თებერვალს მოკლა. გარდაცვალების წინ, მან ემისა და თავისი ქალიშვილების ნახვა ითხოვა, რომელთაც მის მეუღლეზე ზრუნვა სთხოვა. მარია კაროლინამ მოგვიანებით გოგონები იშვილა.[8]

შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი, ემი ბრაუნის საყვარელი

ემის უცნობი წარმომავლობის ვაჟი, ჯონ ფრიმანი, 1866 წლის 26 აგვისტოს, ციურიხში, შვეიცარიაში გარდაიცვალა, თავად ემი კი, ათი წლის შემდეგ, 1876 წლის 7 მაისს, 93 წლის ასაკში, შატო დე ლა კონტრეში.

  • (ფრანგულად) Jean-Jacques Boucher, Charles-Ferdinand d'Artois, Duc de Berry, Fernand Lanore, 2000
  • (ფრანგულად) André Castelot, La Duchesse de Berry, Perrin, 1996

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lundy, Darryl. Amy Brown.
  2. David Skuy, Assassination, power, and miracles: France and the Royalist reaction of 1820, (2003), McGill-Queen's University Press, Canada, ISBN 0-7735-2457-6, Google Books, p.4, retrieved 4-10-10
  3. Skuy, p.4
  4. Skuy, p. 4
  5. Francois Velde,The French Royal Family: A Genealogy
  6. Lundy, Darryl. Charlotte de Bourbon.
  7. Skuy, p. 5
  8. Skuy, p. 12