ემისიური ნისლეული

ემისიური ნისლეული (ინგლ. Emission nebula) — იონიზებული აირებისგან შემდგარი ნისლეული, რომელიც სხვადასხვა ტალღის სიგრძის სინათლეს ასხივებს. იონიზაციის ყველაზე გავრცელებული წყაროა მაღალი ენერგიის მქონე ულტრაიისფერი ფოტონები, რომლებსაც ახლომდებარე ცხელი ვარსკვლავი ასხივებს. ემისიურ ნისლეულთა სხვადასხვა ტიპს შორისაა: H II რეგიონები, სადაც ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს და იონიზაციის გამომწვევი ფოტონების წყაროს ახალგაზრდა, მასიური ვარსკვლავები წარმოადგენენ და პლანეტური ნისლეულები, სადაც მომაკვდავმა ვარსკვლავმა გარე ფენები გაფანტა, ხოლო გამოშიშვლებული ცხელი ბირთვი მათ იონიზაციას ახდენს.[1][2]
ზოგადი ინფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც წესი, ახალგაზრდა ვარსკვლავი იონიზაციას უკეთებს იმავე ღრუბლის ნაწილს, საიდანაც თავად წარმოიშვა, თუმცა მხოლოდ მასიურ, ცხელ ვარსკვლავებს შეუძლიათ გამოყონ საკმარისი ენერგია ღრუბლის მნიშვნელოვანი ნაწილის იონიზაციისთვის. ბევრ ემისიურ ნისლეულში ენერგიის წყაროს ახალგაზრდა ვარსკვლავთა მთელი გროვა წარმოადგენს.[1][2]
ვარსკვლავები, რომელთა ტემპერატურა 25 000 K-ზე მაღალია, როგორც წესი, ასხივებენ საკმარისი რაოდენობით იონიზაციის გამომწვევ ულტრაიისფერ გამოსხივებას (ტალღის სიგრძით 91,2 ნმ-ზე ნაკლები), რის გამოც მათ გარშემო არსებული ემისიური ნისლეულები უფრო კაშკაშაა, ვიდრე არეკვლის ნისლეულები.[3] შედარებით ცივი ვარსკვლავების გამოსხივებას, როგორც წესი, არ გააჩნია საკმარისი ენერგია წყალბადის იონიზაციისთვის, რის გამოც ასეთი ვარსკვლავების გარშემო არსებული არეკვლის ნისლეულები ნაკლებ სინათლეს ასხივებენ, ვიდრე ემისიური ნისლეულები.

ნისლეულის ფერი დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობასა და იონიზაციის ხარისხზე. ვინაიდან ვარსკვლავთშორის აირში წყალბადი ჭარბობს და მას იონიზაციის შედარებით დაბალი ენერგია სჭირდება, ბევრი ემისიური ნისლეული წითელი ფერისაა, რაც ბალმერის სერიის ძლიერი გამოსხივებითაა განპირობებული. თუ მეტი ენერგიაა ხელმისაწვდომი, ხდება სხვა ელემენტების იონიზაციაც, რის შედეგადაც შესაძლოა წარმოიქმნას მწვანე და ლურჯი ფერის ნისლეულები. ნისლეულთა სპექტრის შესწავლით ასტრონომები ადგენენ მათ ქიმიურ შემადგენლობას. ემისიური ნისლეულების უმეტესობა დაახლოებით 90%-ით წყალბადისგან შედგება, დანარჩენ ნაწილს კი ჰელიუმი, ჟანგბადი, აზოტი და სხვა ელემენტები შეადგენს.
ჩრდილოეთ ციურ სფეროში ხილულ ყველაზე გამორჩეულ ემისიურ ნისლეულებს შორისაა „ჩრდილოეთ ამერიკის“ ნისლეული (NGC 7000) და „ფარდის“ ნისლეული (NGC 6960/6992) გედის თანავარსკვლავედში, ხოლო სამხრეთ ციურ სფეროში — „ლაგუნის“ ნისლეული (M8 / NGC 6523) მშვილდოსნის თანავარსკვლავედში და ორიონის ნისლეული (M42).[4] სამხრეთ ნახევარსფეროში ასევე მდებარეობს კილის (Carina) კაშკაშა ნისლეული NGC 3372.
ემისიურ ნისლეულებში ხშირად გვხვდება ბნელი უბნები, რომლებიც მტვრის ღრუბლებითაა განპირობებული; ეს ღრუბლები სინათლეს ბლოკავს.
ბევრი ნისლეული, მაგალითად, „სამყოფა“ (Trifid) ნისლეული, როგორც არეკვლის, ისე ემისიური კომპონენტებისგან შედგება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- O'Meara, Stephen James (August 14, 2019), "Discover 10 weird emission nebulae", Astronomy magazine, https://www.astronomy.com/observing/discover-10-weird-emission-nebulae/. წაკითხვის თარიღი: May 27, 2023
- Meet the nebula. Astronomy magazine (2023). ციტირების თარიღი: May 27, 2023
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 "Nebulae." (October 2014) World of Physics, Gale In Context: Science, Doc no. CV2434500333, Retrieved May 27, 2023. თარგი:Closed access
- 1 2 Gianopoulos, Andrea. (Jan 13, 2023) Emission Nebulae. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2025.
- ↑ 20.3 Cosmic Dust - Astronomy | OpenStax en (13 October 2016). ციტირების თარიღი: 2022-02-15
- ↑ McArthur, Frommert; Kronberg, Christine. Messier 42. Messier Object Index (12 April 2006). ციტირების თარიღი: 17 July 2007
- ↑ A Beautiful Instance of Stellar Ornamentation. European Southern Observatory (18 May 2016).
- ↑ „Hubble revisits the Monkey Head Nebula for 24th birthday snap“ (პრეს-რელიზი). ESA/Hubble. 17 March 2014.
- ↑ „Cosmic Silver Lining“. ESA/Hubble. 10 May 2021.