ემილი დევისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ემილი უაილდინგ დევისონი (დ. 11 ოქტომბერი, 1872, ლონდონი, ინგლისი გ. 8 ივნისი, 1913, ლონდონი, ინგლისი) ბრიტანელი აქტივისტი,[1] ფემინისტი და ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირის (WSPU) წევრი, ასევე ცნობილი როგორც სუფრაჟეტი.[2]

ემილი დევისონი
დაბადების სახელი ემილი უაილდინგ დევისონი
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1872, ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 8 ივნისი, 1913, ლონდონი, ინგლისი
ცნობილია როგორც ფემინისტი, ქალთა სოციალური და პოლიტიკური კავშირის (WSPU) წევრი და სუფრაჟეტი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემილი უაილდინგ დევისონი დაიბადა როქსბურგის სახლში, გრინვიჩში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 1872 წლის 11 ოქტომბერს. მისი მშობლები 1868 წელს დაქორწინდნენ, როდესაც ჩარლზ დევისონი 45 წლის იყო, ხოლო მარგარეტ ნეის კეისლი 19-ის. წყვილს 4 შვილი შეეძინა, თუმცა ჩარლზს წინა ქორწინებიდან კიდევ 9 შვილი ჰყავდა. ოჯახი გადავიდა ჰერტფორდშირში, როდესაც დევისონი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. 11 წლამდე ემილი განათლებას შინ იღებდა. შემდეგ ერთი წელი ისწავლა დუნკირკში, საფრანგეთში. 13 წლის ასაკში, ემილიმ კენსინგტონის საშუალო სკოლაში დაიწყო სწავლა. მოგვიანებით კი 1891 წელს მიიღო სამეფო ჰოლოუეის კოლეჯის სტიპენდია, რათა შეესწავლა ლიტერატურა. მამამისი 1893 წლის დასაწყისში გარდაიცვალა და იგი იძულებული გახდა სწავლა დაემთავრებინა, რადგან დედას არ შეეძლო გადასახადის გადახდა. 1895-1896 წლებში დევისონი ცოტახნით მუშაობდა საეკლესიო სკოლაში ედგბასტონში, მაგრამ გაუჭირდა და საცხოვრებლად სიბურიში გადავიდა. ქალაქი 1898 წელს დატოვა და გახდა ნორთჰემპტშირში მყოფი ოჯახის პირადი დამრიგებელი და გუბერნატორი.[3]ჰოლოუეის დატოვებისთანავე, დევისონი გახდა გუბერნატორი და საღამოობით აგრძელებდა სწავლას. მან საკმარისი თანხა შეაგროვა, რომ სენ ჰიუის კოლეჯში, ოქსფორდში ჩარიცხულიყო, თუმცა კოლეჯი ვერ დაამთავრა, რადგან იმ პერიოდში ქალებს არ აძლევდნენ ოქსფორდის დიპლომებს.

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევისონი 1908 წელს
ჰოლოუეის ციხე, სუფრაჟეტის ძალით გამოკვება (1911 წ)

1906 წლის ნოემბერში იგი შეუერთდა ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ კავშირს (WSPU), რომელიც ემელინ პანკჰერსტმა დააფუძნა. იგი ორგანიზაციაში მალევე გახდა ცნობილი მისი გაბედული საბრძოლო მოქმედებით. მის ტაქტიკაში შედიოდა ფანჯრების ჩამსხვრევა, ქვების სროლა და საფოსტო ყუთების დაწვა.[4] 1909 წლის მარტში იგი პირველად დააპატიმრეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მას მიესაჯა ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა. 1909 წლის ივლისში დევისონი დააპატიმრეს თანამონაწილე მერი ლეისა და ელის პოლთან ერთად იმ სახალხო კრების ჩაშლის გამო, რომლზე დასწრებაც ქალებს ეკრძალებოდათ. მას ორი თვე მიუსაჯეს. თუმცა შიმშილობა დაიწყო და ხუთნახევარი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. იმავე წლის სექტემბერში იგი კვლავ დააპატიმრეს პოლიტიკურ შეხვედრაზე ქვების სროლისთვის. მან ისევ გაიფიცა და ორნახევარი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. 1909 წლის ოქტომბრის დასაწყისში დევისონი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც სერ ვოლტერ რუნციმენისთვის ქვა უნდა ესროლა. დევისონს ბრალი დასდეს თავდასხმის მცდელობაში, დააპატიმრეს და ერთი კვირით მძიმე შრომა მიუსაჯეს. მან კვლავ დაიწყო შიმშილობა, მაგრამ მთავრობამ ნება დართო ციხის უფროსობას პატიმრები ძალის გამოყენებით გამოეკვებათ. ამის გამო, დევისონმა თავის საკანში ბარიკადები აღმართა საწოლისა და სკამის გამოყენებით და უარი თქვა ციხის ხელმძღვანელების შეშვებაზე.[3] ციხის ოფიცერმა გადაწყვიტა, ემილის საკანი ყინულივით ცივი წყლით დაეტბორა, რათა იგი ძალით გაეყვანა. ემილი თითქმის დაიხრჩო, მაგრამ ის დროულად გადაარჩინეს. საზოგადოება აღშფოთებული იყო ამ საშინელი მოპყრობით და ემილიმ, რომელმაც საქმე სასამართლოში მიიყვანა, ორმოცი შილინგის კომპენსაცია მიენიჭა. 1912 წელს ის კვლავ დააპატიმრეს 10 თვით, ლონდონის საფოსტო ყუთების დაწვის გამო. მან კვლავ გაიფიცა და ციხემ კვლავ იძულებითი კვება გამოიყენა. ამის პროტესტის ნიშნად ემილი აივნიდან გადახტა. ამ აქტმა გააცნობიერებინა ხელისუფლებას, რომ ქალები მზად იყვნენ, ამ საქმის გამო წამებულები გამხდარიყვნენ. ამან გამოიწვია კანონის შემოღება, სადაც ნათქვამია, რომ თუ პატიმრები შიმშილობით იმუქრებიან, ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ემილი ეჭვობდა, რომ თუ იგი ციხეში გარდაიცვლებოდა, ხელისუფლება ამ ამბავს დაფარავდა და უბედურ შემთხვევას მიაწერდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს საჯაროდ უნდა გაეკეთებინა.[5]

გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წლის ივნისში, Epsom Derby- ში დოღის დროს, ემილი დევისონი მეფე ჯორჯის ცხენს წინ გადაუდგა, რის შედეგადაც მან სასიკვდილო დაზიანებები მიიღო და ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა.[2]

მისი დაკრძალვა, WSPU- ს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს. 1913 წლის 14 ივნისს დევისონის ცხედარი ეპსომიდან ლონდონში გადაიტანეს. ემელინ პანკჰერსტი მსვლელობაში მონაწილეობას აპირებდა, მაგრამ იგი დილით დააპატიმრეს. 15 ივნისს ემილი დაკრძალეს მორპეტში, ნორთუმბერლენდში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kuiper, Kathleen. "Emily Davison". Encyclopedia Britannica, 7 Oct. 2020, https://www.britannica.com/biography/Emily-Davison. Accessed 12 March 2021.
  2. 2.0 2.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-16. ციტირების თარიღი: 2021-03-12.
  3. 3.0 3.1 3.2 Wikipedia contributors. (2021, March 11). Emily Davison. In Wikipedia, The Free Encyclopedia. Retrieved 12:05, March 12, 2021, from https://en.wikipedia.org/w/index.php?title=Emily_Davison&oldid=1011611686
  4. http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/davison_emily.shtml
  5. https://www.historic-uk.com/HistoryUK/HistoryofEngland/Emily-Davison-Death-at-the-Derby/