შინაარსზე გადასვლა

ემერსონ მნანგაგვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემერსონ მნანგაგვა
ემერსონ მნანგაგვა
ზიმბაბვეს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ნოემბერი, 2017
წინამორბედიფელეკეზელა მფოკო (დროებით)

ზიმბაბვეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი, 2014  6 ნოემბერი, 2017
წინამორბედიჯოის მუჯურუ
მემკვიდრეკონსტანტინო ჩივენგა

დაბადებული15 სექტემბერი, 1942
შაბანი, სამხრეთი როდეზია (ახლა ზვიშავანი, ზიმბაბვე)
მოქალაქეობაზიმბაბვე
მეუღლეჯეინი მატარიზი; ასულია კუტიაურიპო
ხელმოწერა

ემერსონ მნანგაგვა (ინგლ. Emmerson Mnangagwa; დ. 15 სექტემბერი, 1942) — ზიმბაბველი პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. იგი ყოფილი პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს დიდი ხნის მოკავშირეა. მნანგაგვამ მინისტრის ბევრი თანამდებობა გამოიცვალა, ხოლო 2014–2017 წლებში მუგაბეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2017 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მუგაბე ხელისუფლებიდან წავიდა, რის შემდეგაც მნანგაგვა პრეზიდენტად დაწინაურდა. პრეზიდენტის პირველი სრული ვადა მან 2018 წლის სადავო საყოველთაო არჩევნებით დაიწყო. მნანგაგვა ხელახლა აირჩიეს 2023 წლის არჩევნებში, მან ხმების 52,6% მოაგროვა.

მნანგაგვა 1942 წელს სამხრეთ როდეზიაში, კერძოდ შაბანიში დაიბადა. ის შონას ხალხის წარმომადგენელია. მშობლები ფერმერები იყვნენ, მაგრამ მამის პოლიტიკური აქტივობის გამო 1950-იან წლებში ოჯახი ჩრდილოეთ როდეზიაში გადავიდა.

ახალ გარემოში მნანგაგვა მალე ჩაერთო ანტიკოლონიურ ბრძოლაში. 1963 წელს ის შეუერთდა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელ არმიას (ZANU) და 1964 წელს სამხრეთ როდეზიაში „ნიანგების ბანდის“ ლიდერად დაბრუნდა. ეს დაჯგუფება აღმოსავლეთ მაღალმთიანეთში თეთრკანიანების ფერმებს ესხმოდა თავს. 1965 წელს ფორტ-ვიქტორიასთან მატარებელი ააფეთქა, რის გამოც ათი წლით დააპატიმრეს. მოგვიანებით გაათავისუფლეს და ზამბიაში გადასახლდა.

ზამბიაში მან სამართალი ისწავლა, ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ კი მოზამბიკში გაემგზავრა. იქ რობერტ მუგაბეს თანაშემწედ დაინიშნა და მონაწილეობა მიიღო ლანკასტერ-ჰაუსის შეთანხმებაში, რომელმაც 1980 წელს ზიმბაბვეს დამოუკიდებლობა დაუდო სათავე.

ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მნანგაგვამ მუგაბეს მთავრობაში რამდენიმე მაღალი თანამდებობა დაიკავა. 1980 წლიდან 1988 წლამდე ის ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების პირველი მინისტრი იყო და ცენტრალურ სადაზვერვო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. 1989 წლიდან 2000 წლამდე იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა. 2000–2005 წლებში პარლამენტის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ კი მუგაბეს მემკვიდრეობისთვის ღიად ბრძოლის გამო სოფლის მეურნეობის მინისტრად დააქვეითეს. ის კვლავ პოპულარული გახდა 2008 წლის საყოველთაო არჩევნების დროს, როცა მუგაბეს საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა და ოპოზიციურ „დემოკრატიული ცვლილებებისთვის მოძრაობის“ წინააღმდეგ პოლიტიკურ ძალადობას ახორციელებდა. მნანგაგვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2009–2013 წლებში იკავებდა, შემდეგ კვლავ იუსტიციის მინისტრი გახდა. 2014 წელს პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა და ამის შემდეგ დაიწყო მის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე ფართოდ საუბარი.

მნანგაგვა აზერბაიჯანში ილჰამ ალიევთან შეხვედრისას 2019 წელს

ზიმბაბველები მნანგაგვას მეტსახელად ხშირად „გარვეს“ ან „ნგვენას“ უწოდებენ (შონას ენაზე: „ნიანგი“). თავდაპირველად ეს სახელი მის მიერ დაარსებული პარტიზანული ჯგუფის სახელიდან წარმოიქმნა, თუმცა მოგვიანებით მისი პოლიტიკური კარიერის აღმნიშვნელი ეპითედი გახდა. მისი მეტსახელის გამო, მის პოლიტიკურ პარტიაში შექმნილ მნანგაგვას მხარდამჭერ სპეციალურ ფრაქციას ცნობილი ფრანგული ტანსაცმლის ბრებდის Lacoste-ს სახელი ჰქვია.[1][2] მნანგაგვა ჟურნალ „Time“-ის 2018 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა მოხსენიებული.[3]

ემერსონ მნანგაგვა 1942 წლის 15 სექტემბერს შაბანში (დღევანდელი ზვიშავანე), ცენტრალურ სამხრეთ როდეზიაში, ეს სამთო მოპოვებით სახელგანთქმული ქალაქია რეგიონში. მისი მშობლები მაფიდჰი და მჰურაი მნანგაგვები პოლიტიკურად აქტიური ფერმერები იყვნენ. ოჯახი დიდი იყო: ბაბუას 6 ცოლი და 32 ვაჟი ჰყავდა, თავად მნანგაგვა კი ათ და-ძმას შორის მესამეა ასაკით. მნანგაგვების გვარი შონას ხალხის წარმომადგენელია.[4]

ბავშვობაში მნანგაგვა საქონელს მწყემსავდა და ხშირად ესწრებოდა სოფლის ბელადის მიერ გამართულ სასამართლოს. ის ტრადიციულ წესებს აკვირდებოდა და სწავლობდა. მისი პიროვნების ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მისმა ბაბუამ, მუბენგო კუშანდუკამ.[4]

1952 წელს სოფელში მნანგაგვას სოფელში კოლონისტებსა და ადგილობრივებს შორის მიწის გამო დავა დაიწყო, მამამისს მალევე ჩამოართვეს მიწა და დააკავეს. ის ამ დროს უკვე სოფლის ბელადი იყო. ამის შემდეგ მათი ოჯახი 1955 წელს მბუბვაში გადავიდა და დასახლდა. სწორედ იქ გაიცნო ემერსონ მნანგაგვამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, რომელმაც ანტიკოლონიურ პოლიტიკაში ჩართვა შთააგონა.

მას თავდაპირველად დამბუზო ერქვა, სახელი ემერსონი მბუბვას სკოლაში მას მერე დაიმატა, რაც რალფ უოლდო ემერსონის წიგნი წაიკითხა სკოლის ბიბლიოთეკაში.[5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962–1964 წლებში მნანგაგვამ ანტიკოლონიურ მოძრაობაში ჩართვის გზით პარტიიდან პარტიაში, ქვეყნიდან ქვეყანაში იმოგზაურა. სასიკვდილო განაჩენის სასწაულებრივად გადაურჩა. ტანზანიიდან ეგვიპტემდე და პეკინამდე გავლილი სამხედრო-იდეოლოგიური წრთობის ფონზე ჩამოყალიბდა როგორც პარტიზანი მებრძოლი.[6]

ტანზანიაში დაბრუნების შემდეგ მნანგაგვამ თანამებრძოლებთან ერთად ჩამოაყალიბა დაჯგუფება სახელად „ნიანგების ბანდა“. ეს იყო მცირე პარტიზანული ჯგუფი, რომელიც იარაღის დეფიციტის, დაპატიმრებებისა და გაუჩინარებების მიუხედავად აგრძელებდა რეკრუტირებასა და საზღვარზე ფარულ გადაადგილებას. 1964 წელს ჯგუფის თავდასხმებმა როდეზიის კონფლიქტის ესკალაციას დაუდო დასაბამი და ხელისუფლების მკაცრი რეპრესიები გამოიწვია.[7]

1964 წლის ბოლოს მნანგაგვამ ფორტ-ვიქტორიასთან (დღეს მასვინგო) მატარებელი ააფეთქა და 1965 წლის იანვარში დააკავეს. ამის შემდეგ ის სპეცსამსახურებმა აწამეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა საბოლოოდ 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოათავსეს.. 1975 წელს 10 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ მნანგაგვა გაათავისუფლეს და ზამბიაში გაუშვეს, სადაც ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნული განმათავისუფლებელი არმიის წარმომადგენლები დახვდნენ და ლუსაკაში მიიყვანეს.

1979 წელს მნანგაგვა მუგაბეს ლონდონში გამართულ მოლაპარაკებებზე ახლდა თან, რის შედეგადაც ლანკასტერ-ჰაუსის შეთანხმებას მოეწერა ხელი. 1980 წლის 12 მარტს, ზიმბაბვეს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა რობერტ მუგაბემ მნანგაგვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო მინისტრად დანიშნა. მან ამ თანამდებობაზე მომავალი 8 წლის განმავლობაში 1988 წლამდე იმუშავა.[8]

სანამ მნანგაგვა ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო მინისტრი იყო, ზიმბაბვეს ეროვნული არმიის მე-5 ბრიგადამ ათასობით ნდებელეს მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა დასავლეთ ზიმბაბვეს მატაბელენდის რეგიონში. ეს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც გუკურაჰუნდის სახელითაა ცნობილი, 1983 წლიდან 1987 წლამდე გაგრძელდა და დაახლოებით 20 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრი ამ გენოციდში მნანგაგვას ადანაშაულებს, თუმცა ის ამ ყველაფერს უარყოფს.

1988 წელს პრეზიდენტმა მუგაბემ მნანგაგვა იუსტიციის, იურიდიული და საპარლამენტო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ჰარარეში აშშ-ის საელჩოს ანგარიშის თანახმად, მუგაბე თავდაპირველად მნანგაგვას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას აპირებდა, თუმცა გადაარწმუნეს.[9]

2007 წლის მაისში ზიმბაბვეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღკვეთა სავარაუდო სამხედრო გადატრიალება, რომელშიც ასობით სამხედრო და მაღალი რანგის ოფიცერი მონაწილეობდა. ოფიციალური ვერსიით, შეთქმულები რობერტ მუგაბეს ჩამოშორებას და ემერსონ მნანგაგვას ხელმძღვანელობით ახალი მთავრობის ფორმირებას გეგმავდნენ. თავად მნანგაგვამ ბრალდებები უარყო და ამბავს „სისულელე“ უწოდა. მიუხედავად სახელმწიფო ღალატის მუხლით წაყენებული ბრალდებებისა, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო პროცესი არ გამართულა. რამდენიმე დაკავებულმა, მათ შორის კაპიტანმა ალბერტ მატაპომ წლები გაატარა ციხეში და 2014 წელს გათავისუფლდნენ.[10]

2009 წლის 13 თებერვალს ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო 2013 წელს პრეზიდენტმა მუგაბემ მნანგაგვა ზიმბაბვეს პირველ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა, რითაც მისი საპრეზიდენტო მემკვიდრეობის შანსები გაამყარა.

2017 წლის ნოემბერში ზიმბაბვეს პოლიტიკა დრამატულად შეიცვალა. 6 ნოემბერს რობერტ მუგაბემ ემერსონ მნანგაგვა ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გაათავისუფლა. რამდენიმე დღეში მნანგაგვა ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო 14 ნოემბერს სამხედროებმა მუგაბეს ხელისუფლება დაამხეს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მნანგაგვა სამშობლოში დაბრუნდა და პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა, მხარდამჭერებს კი შურისძიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.[11]

  1. Griffiths, James (21 November 2017). „A 'tyrant' who could be Zimbabwe's next president“. CNN. ციტირების თარიღი: 29 August 2023.
  2. Diseko, Lebo (24 November 2017). „Emmerson Mnangagwa: Will he be different from Mugabe?“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 25 November 2017.
  3. Mawarire, Evan. „Emmerson Mnangagwa: The World's 100 Most Influential People“. Time (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2020. ციტირების თარიღი: 2020-09-22.
  4. 1 2 „Family“. E.D.Mnangagwa (ინგლისური). 2017-11-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2018. ციტირების თარიღი: 2018-07-09.
  5. Watchdog Uganda. PROFILE: Who is Zimbabwe’s Emmerson ‘Crocodile’ Mnangagwa? https://www.watchdoguganda.com/news/20180803/44282/profilewho-is-zimbabwes-emmerson-crocodile-mnangagwa.html
  6. Wessels, Hannes (2015). A Handful of Hard Men: The SAS and the Battle for Rhodesia (en). Casemate, გვ. 23–24. ISBN 9781612003467. 
  7. Ndlovu-Gatsheni, Sabelo J. (2013). Coloniality of Power in Postcolonial Africa: Myths of Decolonization (en). Dakar: CODESRIA, გვ. 207. ISBN 978-2-86978-578-6. 
  8. Emmerson Mnangagwa: the man behind the coup (22 November 2017). ციტირების თარიღი: 18 February 2026
  9. Blair, David. (10 December 2014) Man they called the Crocodile is Robert Mugabe's favoured successor. ციტირების თარიღი: 18 February 2026
  10. Former army officer breaks silence on coup accusations (3 September 2014). ციტირების თარიღი: 18 February 2026
  11. Zimbabwe’s incoming leader returns home to cheers (22 November 2017). ციტირების თარიღი: 18 February 2026