ემაკიმონო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილუსტრაცია გენძი მონოგატარის ემაკიმონოდან
კალიგრაფია გენძი მონოგატატარის ემაკიმონოდან

ემაკიმონო (絵巻物) ან ემაკი (絵巻) — მოხატული ხელნაწერების ილუსტრირებული ჰორიზონტალური თხრობის სისტემა იაპონიაში, რომლის უძველესი ნიმუშებიც თარიღდება ნარას პერიოდით (ძვ. წ. 710-794). თავდაპირველად იგი ბევრად უფრო ძველი მისი მსგავსი ჩინური ხელნაწერების მიბაძვას წარმოადგენდა, თუმცა ჰეიანისა (794-1185) და კამაკურას პერიოდში (1185-1333) იაპონურმა ემაკიმონომ თავისი მკაფიოდ გამოხატული დამოუკიდებელი სტილი განივითარა. აქედან გამომდინარე, ეს ტერმინი მხოლოდ იაპონურ მოხატულ თხრობით გრაგნილებს მიემართება.

ისევე, როგორც ჩინური და კორეული გრაგნილები, ემაკიმონო აერთიანებს კალიგრაფიასა და ილუსტრაციებს, რომელიც იხატება ან იბეჭდება ქაღალდის ან აბრეშუმის გრძელ რულონებზე, რომელთა სიგრძე ზოგჯერ რამდენიმე მეტრსაც აღწევს. მკითხველი ნელ-ნელა ხსნის თითოეულ გრაგნილს და ამბავს თანდათან ეცნობა. ემაკიმონო თხრობითი ჟანრია, რომელშიც შესაძლოა შევხვდეთ როგორც რომანტიკულ ან ეპიკურ სიუჟებს, ასევე რელიგიურ ტექსტებსა თუ ლეგენდებს. იამატო-ე-ის სტილში შესრულებული ეს იაპონური ნამუშევრები, უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური ხელოვნებაა, რომელიც ამოსავალი წერტილი ადამიანი და ხელოვანის მიერ გადმოცემული შეგრძნებებია.

თავდაპირველად, VIII საუკუნის დასაწყისში იაპონური ემაკიმონოს ნიმუშები ჩინური გრაგნილების მიბაძვით იქმნებოდა, თუმცა X საუკუნიდან ჰეიანის საიმპერატორო კარზე თვითმყოფადი იაპონური სტილის ემაკიმონო გამოჩნდა. იგი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა არისტოკრატ ქალბატონებს შორის, რომლებიც თავიან ცხოვრებას ხელოვნებას, პოეზიას, მხატვრობას, კალიგრაფიასა და ლიტერატურას უძღვნიდნენ. მიუხედავად ამისა, ჰეიანის ეპოქიდან დღემდე ემაკიმონოს არც ერთ ნიმუშს არ მოუღწევია. მისი უძველესი აღმოჩენილი ნიმუშები თარიღდება XII-XIII საუკუნეებით, ემაკიმონოს „ოქროს ხანით“. ამ პერიოდში მისი კომპოზიციის ტექნიკები მეტად დაიხვეწა, თემატიკა კი გაფართოვდა. მის შექმნას ძირითადად არისტოკრატები ან ბუდისტური ტაძრები აფინანსებდნენ. XIV საუკუნიდან ემაკიმონოს ჟანრმა სარბიელი ძენ ბუდიზმისგან წარმოშობილ ახალ მოძრაობებს დაუთმო.

ემაკიმონოს ნახატები ძირითადად იამატო-ე სტილშა შესრულებული. ამ უკანასკნელს ახასიათებს იაპონური ცხოვრებისა და პეიზაჟების აღწერა, აქცენტი მკვეთრ ფერებზე და დეკორაციების გამოყენება. ემაკიმონოს ფორმატი, რომელიც შეზღუდული სიმაღლის გრძელ გრაგნილებს მოიცავს, მოითხოვს არაერთი კომპოზიციური ამოცანის გადაჭრას: უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გადასვლები განხორციელდეს სიუჟეტის სხვადასვხა სცენებს შორის, ასევე საჭიროა შექმნა რიტმისა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს წამიერ განცდებსა თუ ემოციებს. ზოგადად, არსებობს ემაკიმონოს ორი ძირითადი კატეგორია: პირველში ტექსტი და ილუსტრაციები ერთმანეთს ენაცვლება და ყოველი ახალი ილუსტრაცია მის წინმსწრებ ტექსტს მიემართება, ხოლო მეორეში ვხვდებით მხოლოდ უწყვეტ ილუსტრაციებს, ტექსტების გარეშე.

ემაკიმონო გვთავაზობს გავეცნოთ ნებისმერი სოციალური კლასისა თუ ასაკის იაპონელების ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს შუა საუკუნეების ადრეულ პერიოდში. ემაკიმონოებიდან მხოლოდ რამდენიმე შემორჩა უცვლელი სახით. იაპონიის ეროვნულ საგანძურდში დაცულია 20 ემაკიმონო.

თემები და ჟანრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებითად, ემაკიმონო არის თხრობითი სისტემა, რომელიც მოითხოვს სიუჟეტის აგებას, შესაბამისად, მისი კომპოზიცია სიუჟეტის სხვადასხვა მონაკვეთებს შორის გადასვლაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ილუსტრირებული სუტრა მიზეზშედეგობრიობის შესახებ, მე-8 საუკუნე

VIII საუკუნეში ემაკიმონო ჩინური ხელოვნების ძლიერ გავლენას განიცდიდა. ამ პერიოდში მას ახასიათებდა მარტივი სტილი, თუმცა გარკვეული დისონანსი შეინიშნებოდა ფერებთან მიმართებით.[1]

ჰეიანის პერიოდიდან მოყოლებული, ემაკიმონო გამოეყო ჩინურ ხელოვნებას და დამოუკიდებელი განვითარება დაიწყო. ჩინური გრაგნილებისთვის დამახასიათებელი იყო სიდიადისა და სულიერების თემატიკა და ისინი ძირითადად ბუდიზმის ტრანსცენდენტულ პრინციპებსა და ბუნების სურათების სიმშვიდეს ასახავდა. მათგან განსხვავებით, იაპონურ გრაგნილებში ასახულია ადამიანების ყოველღიური ყოფა, მათში ვხვდებით იუმორსა და განცდების აღწერას. ემაკიმონო შთაგონებული იყო ლიტერატურით, პოეზიით, ბუნებით, განსაკუთრებით კი ყოველდღიური ცხოვრებით. იაპონიაში ემაკიმონო ინტიმურ ხელოვნებად ჩამოყალიბდა, რომელიც ზოგჯერ წინაამდეგობაში მოდიოდა ჩინურ ხელოვნებაში ასახულ სულიერი სიდიადის ძიებასთან.

ჰეიანის პერიოდში ემაკიმონოს თავდაპირველი თემები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვაკას ლიტერატურასა და პოეზიასთან, მასში ვხვდებოდით წელიწადის დროების ილუსტრაციებს, ცერემონიათა ყოველწლიურ კალენდარს, სოფლის ცხოვრებისა და იაპონიის არქიპელაქის ცნობილი პეიზაჟების აღწერას.[2]

მოგვიანებით, კამაკურას მეომრებმა და სხვადასხვა ბუდისტურმა სექტებმა, ემაკიმონოს თემატიკა კიდევ უფრო განავრცეს. მიუხედავად თემათა მეტად ფართო სპექტრისა, სპეციალისტები ემაკიმონოს კატეგორიზაციას როგორც შინაარსის, ასევე ფორმის მიხედვით, ახდენენ. ემაკიმონოს ეფექტური დიფერენციაციისთვის აუცილებელია მის თემათა შესწავლა მისი შექმნის ეპოქის ჭრილიდან. ოკუდაირასა და ფუკუის მიერ შემოთავაზებული კატეგორიზაციის მიხედვით, ემაკიმონოს ნიმუშები ორ ჯგუფად, სეკულარულ და რელიგიური ხასიათის ნამუშევრებად იყოფა:[3]

სეკულარული თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამეფო კარის რომანები ან დღიურები, რომლებიც მოგვითხრობს რომანტიკულ თავგადასავლებზე, სამეფო კარის ცხოვრებასა თუ ისტორიულ ქრონიკებზე;
  • ცნობილი ლეგენდები;
  • სამხედრო ისტორიები;
  • მოხსენება წლის განმავლობაში ჩატარებული რიტუალებისა და ცერემონიების შესახებ;
  • ტრადიციული ზღაპრები.

რელიგიური თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სუტრათა ან რელიგიურ დოქტრინათა ილუსტრაციები;
  • გამოჩენილი ბუდისტი ბერებისა თუ მოძღვრების ილუსტრირებული ბიოგრაფიები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Karetzky, Patricia Eichenbaum (2000) Early Buddhist Narrative Art:Illustrations of the life of the Buddha from Central Asia to China, Korea, and Japan. University Press of America, გვ. 157–158. ISBN 978-0-7618-1671-3. 
  2. Terukazu 1961, pp. 66–67.
  3. Ienaga 1973, pp. 160–162.