ელჩინისა და ზახარევის ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელჩინისა და ზახარების ელჩობა სამეგრელოში — რუსეთის სამეფოს ელჩობა ოდიშის სამთავროში. ელჩობას მეთაურობდა საგარეო საქმეთა საგანგიოს თათრული ენის თარჯიმანი თეოდორე ელჩინი. ელჩობაში შედიოდნენ მღვდელი პავლე ზახარევი და საგარეო საქმეთა საგანგიოს მწერალი ბაჟენოვი. ელჩინისა და ზახარების ელჩობა პასუხი იყო ლევან II დადიანის ელჩის გ. გეგენავას ვიზიტისა რუსეთში. ელჩები 1639 წლის 2 ივნისს გამოვიდნენ მოსკოვიდან და ამავე წლის 13 ნოემბერს მიაღწიეს ოდიშის სამთავროს. ელჩინისა და ზახარების ელჩობის მიზანი იყო დაეზვერა და შეესწავლა გზა რესუთიდან ოდიშამდე, შეეგროვებინა ცნობები ამ სამთავროს შესახებ, შეეტყო, რა მდგომარეობაში იყო მართლმადიდებელი ეკლესია. ელჩინს დავალებული ჰქონდა შესაძლებლობის შემთხვევაში დაეფიცებინა ოდიშის მთავარი რუსეთის ერთგულებაზე. ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა 1640 წლის 27 აპრილს მიიღო ელჩობა. მოლაპარაკება ფორმალური ხასიათისა იყო, რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ საერთოდ არც განუხილავთ. ლევან II დადიანი დარწმუნდა, რომ რუსეთი არ აპირებდა აქტიური პოლიტიკის გატარებას შავი ზღვისპირეთში და მისგან რაიმე დახმარების მიღება თურქეთის წინააღმდეგ არარეალური იყო, 1640 წლის 22 მაისს ელჩობა ოდიშიდან გაემგზავრა და იმავე წლის 4 დეკემბერს მოსკოვში დაბრუნდა. ელჩობამ მოსკოვში ჩაიტანა ლევან II დადიანის წერილი, სადაც ის სთხოვდა რუსეთის მეფეს დახმარებოდა ოდიშის ეკლესია-მონასტრების მოხატვა-გამშვენიერებაში და პირობას დებდა, რომ უახლოეს ხანში ელჩს გაუგზავნიდა. ლევან II დადიანის აუდიენციის მოლოდინში ელჩობას საშუალება მიეცა მოეხილა ოდიშის სამტავროს ტერიტორია. ელჩობის ანგარიშები (თ. ელჩინმა და პ. ზახარევმა მუხლობრივი აღწერილობანი ერთმათისაგან დამოუკიდებლად შეადგინეს) მნიშვნელოვანი წყაროა ამ პერიოდის ოდიშის ისტორიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Белокуров С. А., Материалы для русской истории, СПб., 1888;
  • Накашвили Н. Т., Грузино-русские политические отношения в первой половине ХVII века, Тб., 1968;
  • Полиевктов М. А., Европейские путешественники ХIII—XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935;