ელი კოენი
| ელი კოენი | |
|---|---|
| ებრ. אלי כהן | |
|
ელი კოენი 1959 წელი | |
| დაბადების სახელი | ელიაჰუ ბენ შაულ კოენი |
| დაბადების თარიღი |
6 დეკემბერი 1924 ალექსანდრია, ეგვიპტე |
| გარდაცვალების თარიღი |
18 მაისი 1965 (40 წლის) დამასკო, სირია |
| გარდაცვალების მიზეზი | სიკვდილით დასჯა, ჩამოხრჩობა |
| ეროვნება | ებრაელი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მზვერავი, თარჯიმანი, სამხედრო |
| ორგანიზაცია | მოსადი |
| წოდება | (1961–1965) |
| წაყენებული ბრალდება | შპიონაჟი |
| განაჩენი | სიკვდილით დასჯა |
| მეუღლე(ები) | ნადია კოენი |
| შვილ(ებ)ი | 3 |
| მშობლები |
მამა: შაულ კოენი დედა: სოფი კოენი |
ელიაჰუ ბენ-შაულ კოენი ( ებრ. אלי כהן אֱלִיָּהוּ בֵּן; არაბ. إيلياهو بن شاؤول كوهين, დ. 26 დეკემბერი 1924 ალექსანდრია, ეგვიპტე – გ. 18 მაისი, 1965, დამასკო, სირია) — ისრაელის დაზვერვის ოფიცერი. 1961 - 1965 წლებში მოღვაწეობდა სირიაში, რა დროსაც შეაღწია სირიის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში.[1][2][3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელი კოენი დაიბადა 1924 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, მიზრაჰი ემიგრანტი ებრაელების, შაულ და სოფი კოენების ოჯახში, რომლებიც 1914 წელს სირიის ქალაქ ალეპოდან ეგვიპტეში გადავიდნენ საცხოვრებლად. მისი მამა მცირე ბიზნესთ იყო დაკავებული — ვაჭრობდა ფრანგული აბრეშუმის ჰალსტუხებით. მისი კლიენტები ძირითადად მდიდარი ფენის წარმომადგენლები იყვნენ. წყვილს რვა შვილი შეეძინა.
ყმაწვილი სწავლობდა ფრანგულ ლიცეუმში და ამავდროულად მიდრეშეტ რამბამის ებრაულ რელიგიურ სკოლაში, რომელსაც ალექსანდრიის მთავარი რაბინი, მოშე ვენტურა (1893-1978) ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდობაში კოენს სურდა ალექსანდრიის მთავარი რაბინის, მოშე ვენტურას ხელმძღვანელობით რაბინი გამხდარიყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ალექსანდრიის იეშივა მალევე დაიხურა. სახლში იცავდნენ ებრაულ ტრადიციებს. ელი და მისი ძმები ალექსანდრიის ცენტრალური სინაგოგის გუნდში მღეროდნენ. შემდგომში ელი ჩაირიცხა მეფე ფარუკ I-ის სახელობის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ 1949 წელს სიონისტური საქმიანობის გამო გარიცხეს.
ელი კოენი თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას: არაბულს, ებრაულს, ინგლისურს, ფრანგულს და ესპანურს .[4][5]
1949 წლის ოქტომბერში კოენების ოჯახი ისრაელში ემიგრაციაში წავიდა, თუმცა ელიმ სწავლის გაგრძელების საბაბით ეგვიპტეში დარჩენა ამჯობინა.
1954 წელს ეგვიპტეში დააკავეს ისრაელის აგენტები - მოშე მარზუკი და სემი ეზერი, მათთან ერთად ელი კოენიც. კოენს გაუმართლა. ის დაკითხვაზე მოხვდა პოლიციაში და არა სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. პოლიციელმა დაუჯერა მის ვერსიას, რომ მხოლოდ ბინის დაქირავებაში დაეხმარა ებრაელ მუშებს და ეგვიპტეში მათი საქმიანობს შესახებ არაფერი იცოდა. 1955 წლის ზაფხულში ის ფარულად ეწვია ისრაელს, რის შემდეგაც ეგვიპტეში დაბრუნდა.
1956 წლის დეკემბერში, სუეცის კრიზისის შემდეგ, კოენი ქვეყნიდან გააძევეს, როგორც არასაიმედო პიროვნება და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ისტორიულ სამშობლოში. ისრაელში ჩასვლის შემდეგ, განაცხადი შეიტანა მოსადში, საგარეო დაზვერვის სამსახურში გაწევრიანებაზე, თუმცა, მას უარი ეთქვა, რადგან კანდიდატის ებრაული ენა რეკრუტირების ოფიცრებს „ზედმეტად არქაულად“ მოეჩვენათ. მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ, მან ბუღალტრად დაიწყო მუშაობა ბათ იამში მდებარე „მაშბირ ლე-ცარჰანის“ უნივერმაღების ქსელის ფილიალში. 1959 წლის ზაფხულში ცოლად შეირთო ერაყში დაბადებული ებრაელი ნადია მაჯალდი (დ. დაახლ. 1935 წელს). წყვილს ბათ-იამში დასახლების შემდეგ სამი შვილი (სოფი, ირიტი და შაი) შეეძინა. ამ ქორწინების შედეგად კოენი ისრაელელი ავტორის, შემდგომში (2001 წ.-დან) ისრაელის სამოქალაქო უფლებების ასოციაციის პრეზიდენტის, სამი მიხაეს, სიძე გახდა.
გარკვეული დროის შემდეგ, სამხედრო დაზვერვის სააგენტო „აგათ ჰამოდი’ინის “(ამანი) ოფიცრები ელის პიროვნებით დაინტერესდნენ. თუმცა, კოენმა უარი განაცხადა მათ შეთავაზებაზე იმ მოტივით, რომ დაქორწინებული იყო და დაზვერვაში სამუშაოდ მზად არ იყო. საბოლოოდ, 1960 წელს, მაშბირში სამსახურის დაკარგვის შემდეგ, დაზვერვის სამსახურში დაიწყო მუშაობა. გაიარა ინტენსიური მოსამზადებელი კურსი, რათა მტრულად განწყობილ ქვეყანაში მოქმედი აგენტი გამხდარიყო. ინსტრუქტორები აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ინტელექტით, ერუდიციით, გამორჩეული ფოტოგრაფიული მეხსიერებით და არაბული ენის ცოდნით. კურსის წარმატებით დსრულების შემდეგ ელი კოენი მოსადში ჩარიცხეს. ფრთხილად შემუშავებული გეგმის თანახმად, მას სირიის მთავრობასთან დაახლოებულ წრეებში უნდა შეეღწია. შეასრულებდა მდიდარი სირიელი ბიზნესმენის როლს, რომელმაც მამისგან მნიშვნელოვანი ქონება და ბიზნესი მემკვიდრეობით მიიღო.
დავალების შესრულება ელი კოენმა არგენტინიდან დაიწყო.
არგენტინაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წლის 6 თებერვალს ელი ბუენოს-აირესში ჩავიდა ახალი სახელით — ქამალ ამინ თააბეთი ( არაბ. كامل أمين ثابت) ადგილობრივ სირიელ დიპლომატებთან და მეწარმეებთან საქმიანი და მეგობრული კავშირები დაამყარა. ის სწრაფად გახდა დიპლომატიური მიღებების რეგულარული სტუმარი. მის მეგობრებს შორის იყო ადგილობრივი არაბულ-ესპანური ყოველკვირეული გაზეთის რედაქტორი და სირიის სამხედრო ატაშე არგენტინაში, ამინ ალ-ჰაფეზი, ოფიცერი-ტანკისტი და პარტია ბაასის დიდი ხნის წევრი, რომელიც იმ დროს ემიგრაციაში იმყოფებოდა. სირიაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ მალევე, ამინ ალ-ჰაფიზი ქვეყანაში დაბრუნდა და პარტიის ხელმძღვანელობაში წამყვანი თანამდებობა დაიკავა, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მას შემდეგ, რაც არგენტინაში ერთ წელზე ნაკლები დაჰყო, ელი მცირე ხნით ისრაელს ეწვია, სადაც მიიღო მითითებები ეგვიპტის გავლით ლიბანში გამგზავრებისა და იქიდან სირიაში შეღწევის შესახებ, რათა შეესრულებინა თავისი მთავარი მისია.[6]
სირიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზღვარგარეთ დამყარებული მეგობრული კავშირების გამოყენებით, ელი კოენმა მარტივად გადაკვეთა საზღვარი და 1962 წლის 10 იანვარს დამასკოში ჩავიდა. პირველი ნაბიჯი იყო ქალაქის ცენტრში ბინის დაქირავება, მისთვის საჭირო ინფორმაციის ორ მთავარ ცენტრთან: გენერალურ შტაბთან და საპრეზიდენტო სასტუმროსთან ახლოს. ამ მხრივ, ბინის მდებარეობა, რომელშიც ის დასახლდა, იდეალური იყო: ფანჯრებიდან მას შეეძლო დაკვირვებები ეწარმოებინა სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სპეციალისტებზე, რომლებიც სირიას სტუმრობდნენ და ისრაელისთვის მისი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების დინამიკის შესახებ მოხსენებები გაეკეთებინა. გენერალური შტაბის მეთვალყურეობა მას საშუალებას აძლევდა, დაედგინა, თუ რა ხდებოდა იქ, ჩამოსული ადამიანების რაოდენობის, ღამით განათებული ფანჯრების რაოდენობისა და სხვა მრავალი მინიშნების საფუძველზე.

მას შემდეგ, რაც ახალ ადგილას დამკვიდრდა, კოენი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ბუენოს-აირესში მყოფი სირიელი დიპლომატებისა და ბიზნესმენების სარეკომენდაციო წერილების წყალობით, მან სირიის დედაქალაქის მთავრობასთან დაახლოებულ წრეებთან კავშირების დამყარება დაიწყო. მეგობრებს შორის, რომლებმაც კოენის სირიის მაღალ საზოგადოებაში აღზევება ხელი შეუწყვეს, იყვნენ ჯორჯ სეიფი, ბუენოს-აირესში ემიგრანტების რადიოწამყვანი და ადნან ალ-ჯაბი, სირიელი სამხედრო პილოტი. თანდათანობით, მან კავშირები დაამყარა მთავრობის მაღალჩინოსნებთან და სამხედრო ელიტის წევრებთან. არგენტინელი ახალგაზრდა მილიონერი ცნობილი გახდა, როგორც მგზნებარე სირიელი პატრიოტი და მაღალი თანამდებობის პირების პირადი მეგობარი. ის გულუხვად არიგებდა ძვირადღირებულ საჩუქრებს, სესხის სახით აძლევდა ფულს, სახლში მართავდა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მიღებებს და სტურობდა მათ.
1963 წლის მარტში სამხედრო გადატრიალების შედეგად ბაასის პარტია ხელისუფლებაში მოვიდა, ხოლო ივლისში ქვეყნის ლიდერი მაიორი ალ-ჰაფეზი გახდა. ამგვარად, ხელისუფლებაში ელის ახლო „მეგობრები“ მოვიდნენ, რომლებსაც ის გულუხვად „უჭერდა მხარს“, ხოლო კოენის სახლი სირიის არმიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების შეხვედრების ადგილად იქცა.
კოენი მოქმედებდა ძალიან წარმატებულად. მან მოახერხა სასარგებლო კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და სირიის სამხედრო და მთავრობის უმაღლეს ეშელონებში შეღწევა, რითაც შეეძლო სანდო, პირველი წყაროდან მიღებული ინფორმაციის მოპოვება. სირიის უსაფრთხოების ძალებში პოლკოვნიკის წოდებამდე ავიდა, პრეზიდენტის ნდობით სარგებლობდა, პრეზიდენტის სასახლეში სასურველი სტუმარი იყო და ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ.[7]
სირიის პრეზიდენტისთვის ელი კოენი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირი გახდა, მას ხშირად მიმართავდა რჩევებისთვის სახელმწიფო და სამხედრო საქმეებთან დაკავშირებით. კოენი რჩევებს სწრაფად არასოდეს იძლეოდა.ითხოვდა გარკვეულ დროს საკითხის არსში გასარკვევად. ამ დროს ამ ინფორმაციას ცენტრში გადასცემდა და მოსადის პასუხს, რომელსაც სამხედრო სპეციალისტები გადასცემდნენ, სირიის პრეზიდენტს მეგობრული რჩევის სახით აწვდიდა.
მალე სირიის პრეზიდენტმა ქამალ ამინ თააბეთი (ელი კოენი) საკუთარ სამხედრო მრჩევლად დანიშნა. რაც ნიშნავდა, რომ მოსადის აგენტი, ებრაელი ელი კოენი (ქამალ ამინ თააბეთი) სირიის მაღალ ეშელონებში სრული სანდოობით სარგებლობდა. ასევე შედიოდა იმ სამეულში, ვინც მომავალში სირიის პრეზიდენტად მოიაზრებოდა. ელი კოენს ჰქონდა თავისუფალი წვდომა ნებისმიერ სამხედრო ნაწილებზე და ობიექტებზე. იყო ნებისმიერი სამხერო მოლაპარაკებების საქმის კურსში. ამგვარად, ისრაელის დაზვერვა იღებდა უნიკალურ ინფორმაციას მოწინააღმდეგეზე.
კოენი მოსადისგან ინსტრუქციებს კოდირებული ფორმით იღებდა და ისრაელის მიერ „მსმენელთა მოთხოვნით“ გადაცემულ არაბულ სიმღერებს უსმენდა, ხოლო ცენტრს ინფორმაციას პორტატული რადიოგადამცემის გამოყენებით აწვდიდა.

1962 წლის დასაწყისიდან ელი კოენი ისრაელს ასობით დეპეშას უგზავნიდა, რომლებიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინფორმაციას შეიცავდა. მაგალითად, ინფორმაცია ბუნკერების შესახებ, რომლებშიც სირიელები სსრკ- დან მიღებულ იარაღს ინახავდნენ; სტრატეგიული გეგმები ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორიების დაკავების შესახებ და ინფორმაცია სირიის მიერ 200 საბჭოთა T-54 ტანკის ქვეყანაში ჩასვლიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში მიღების შესახებ. თავის მეგობართან, პილოტ ალ-ჯაბისთან ერთად, ის ისრაელის საზღვარზე მდებარე სამხედრო ზონას ეწვია, სადაც გოლანის მაღლობებზე არსებული სიმაგრეების დათვალიერება შეძლო. კოენმა მათი ნდობა იმდენად მოიპოვა, რომ სამხედრო ობიექტების გადაღების უფლება მისცეს. ამ ვიზიტების დროს მას სირიის სამხედრო სიმაგრეების ნახაზების და სიმაღლეებზე არტილერიის პოზიციების რუკების ნახვა შეეძლო. სირიელმა ოფიცრებმა სიამაყით უამბეს მას უზარმაზარი მიწისქვეშა საწყობების შესახებ, რომლებიც არტილერიის საბრძოლო მასალასა და სხვა აღჭურვილობას შეიცავდა, ასევე ნაღმების ველების ადგილმდებარეობაზე. ელიმ ასევე მოახერხა სირიის გეგმების გამოაშკარავება, რომლის მიხედვით ისრაელისთვის წყალმომარაგების ჩამორთმევა მდინარე იორდანეს დინების გადამისამართებით იყო დაგეგმილი. მის მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისრაელის სწრაფ გამარჯვებას 1967 წლის ექვსდღიან ომში. ელი კოენმა ასევე ხელი შეუწყო ნაცისტური ომის დამნაშავე, ადოლფ ეიხმანის ერთ-ერთი თანაშემწის — ფრანც რადემახერის აღმოჩენას, რომელიც დამასკოში იმალებოდა.
მოსადის ყოფილი უფროსის, მეირ ამიტის თქმით, კოენის მთავარი მიღწევა ის იყო, რომ მან მოახერხა სირიის პულსზე ხელის დაჭერა.
1964 წლის აგვისტოში ელი კოენი უკანასკნელად ეწვია ისრაელს, რათა დასწრებოდა თავისი შვილის, შაულის დაბადების დღეს. დამასკოში დაბრუნების შემდეგ მან მკვეთრად გაზარდა რადიოგადაცემების სიხშირე და ხანგრძლივობა. ხშირმა რადიოგადაცემებმა გარკვეული დაბრკოლება შეუქმნა ინდოეთის საელჩოს კავშირგაბმულობის სისტემას. ინდოეთის საელჩოს შენობა იმავე ქუჩაზე მდებარეობდა, სადაც კოენის სახლი. მიუხედავად იმისა, რომ კოენი ფლობდა ინფორმაციას ამის შესახებ, რადიოგადაცემების გაგზავნა არ შეუწყვეტია. სირიის სპეცსამსახურებმა დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა, თუმცა არ ჰქონდათ სათანადო ტექნიკა. ამ დროს საბჭოთა კავშირმა ქვეყანას გადასცა ახალი პელენგატორები და გაირკვა ინდოეთის საელჩოს კავშირგაბმულობის ხაზის დაბრკოლების მიზეზი.

საბჭოთა აღჭურვილობის გამოყენებით, დაიწყო ოპერაცია მაღალი რანგის ჯაშუშის რადიოგადამცემების აღმოსაჩენად. 1965 წლის 24 იანვარს კოენის ბინა, საიდანაც გადაცემები ხდებოდა, ორიენტაციის მძებნელის გამოყენებით იქნა ნაპოვნი. დილის 08:30 საათზე სირიის უსაფრთხოების სამსახურები სირიელი სამხედრო ოფიცრის აჰმედ სუიდანის ხელმძღვანელობით კოენის ბინაში შეიჭრნენ და ელი დააკავეს პირდაპირ გადაცემის დროს. ჩხრეკის დროს აღმოჩნდა რადიოგადამცემი და ფირი, რომელიც შეიცავდა მაღალი კლასიფიკაციის მქონე ობიექტების ფოტოებს. მისი მაგიდის ერთ-ერთ უჯრაში საპნის ნაჭრები იპოვეს, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოჩნდა. იგი ადვოკატის გარეშე დაკითხეს და აწამეს.[8]

სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, ისრაელი ელი კოენის გადასარჩენად გზებს ეძებდა. სამხედრო დაზვერვის (ამანი) წარმომადგენლებმა სირიელების გატაცება და შემდეგ მათი კოენში გაცვლის გეგმა წამოაყენეს. ასევე შემოთავაზებული იყო სხვა ვარიანტებიც: მთავრობის მეთაურების, გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით სამუშაოს ჩატარება და გამოსასყიდის მიღების მცდელობა ფრანგების მეშვეობით. განხილული იყო პაპ პავლე VI- ის, ასევე საფრანგეთის, ბელგიის და კანადის მთავრობების ხელმძღვანელების დახმარება. განიხილეს სპეციალური ძალების გამოყენებით სამაშველო ოპერაციის მომზადებისა და განხორციელების ვარიანტიც კი, თუმცა წარმატების შანსები უმნიშვნელო იყო.
1965 წლის თებერვალში ელი კოენი სასამართლოს წინაშე წარდგა. მას მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა — სიკვდილით დასჯა.
ელი კოენი საჯაროდ ჩამოახრჩვეს 1965 წლის 18 მაისს, დამასკოს მარჯას მოედანზე, დილის 3:30 საათზე. განაჩენის აღსრულებამდე ერთი დღით ადრე ის შეხვდა დამასკოს რაბინს, რომელსაც გადასცა გამოსამშვიდობებელი წერილი ნადიასა და ბავშვებისთვის. ელი ნადიას პატიებას სთხოვდა და მოუწოდებდა ხელახლა დაქორწინებულიყო. სიკვდილით დასჯის შემდეგ კოენის ცხედარი მოედანზე ექვსი საათის განმავლობაში იყო ჩამოკიდებული. სირიის ხელისუფლებამ უარი თქვა მისი ცხედრის ისრაელისთვის გადაცემაზე. ელი კოენი დამასკოს ებრაულ სასაფლაოზე დაკრძალეს.
სიკვდილის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სირიამ უარი თქვა კოენის ცხედრის ისრაელში მყოფი ოჯახისთვის დაბრუნებაზე. მისმა მეუღლემ, ნადიამ, 1965 წლის ნოემბერში ამინ ალ-ჰაფიზს წერილი გაუგზავნა, სადაც კოენის ქმედებებისთვის პატიებას ითხოვდა და სთხოვდა მეუღლის ნეშტის გადაცემას.
სიკვდილით დასჯიდან ხუთი წლის შემდეგ, ისრაელის დაზვერვის ოფიცრებმა კოენის ცხედრის მოპარვა სცადეს ისრაელში ხელახლა დაკრძალვის მიზნით. ოპერაცია ჩაიშალა. სირიელებმა ცხედარი დამასკოში, სამხედრო ბაზაზე მდებარე 30 მეტრის სიღრმის ბუნკერში გადაიტანეს. მას შემდეგ, ისრაელის მთავრობა და კოენის ოჯახი, მისი ძმისა და მეუღლის ხელმძღვანელობით, ელის ნეშტის ისრაელში დასაბრუნებლად მუდმივ ბრძოლას აწარმოებენ [9] 2007 წლის თებერვალში კოენის ცხედრის ისრაელისთვის გადაცემის საკითხის მოსაგვარებლად თურქეთი გამოვიდა მედიატორის როლის შესრულების ინიციატივით.[10]
კოენი ისრაელში ეროვნულ გმირად ითვლება. 1977 წელს მისი შვილის ბარ მიცვას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი მენახემ ბეგინი, თავდაცვის მინისტრი ეზერ ვაიცმანი, შტაბის უფროსი მორდეჰაი გური და მოსადის რამდენიმე თანამშრომელი. კოენის საპატივსაცემოდ იერუსალიმში, ჰერცლის მთაზე, დაღუპული ჯარისკაცების ბაღში მდებარეობს მემორიალური ქვა.
ელი კოენის სახელი ჰქვია ელიადის მოშავს, რომელიც გოლანის მაღლობების სამხრეთით მდებარეობს (ეინ-გევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ-ში), ასევე მის სახელს ატარებს ისრაელის სხვადასხვა ქალაქში არსებული არაერთი ქუჩა, მოედანი, პარკი და სკოლა.[11][12]
2016 წელს, სირიულმა ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს „სირიის ხელოვნების საგანძურს“ უწოდებდა, Facebook- ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც კოენის ცხედარი სიკვდილით დასჯის შემდეგ იყო აღბეჭდილი. სიკვდილით დასჯის ამსახველი არც ერთი ფილმის ან ვიდეოს არსებობის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო. პრესამ 2018 წლის 5 ივლისს განაცხადა, რომ კოენის მაჯის საათი სირიიდან წამოიღეს. მისმა ქვრივმა აღნიშნა, რომ საათი რამდენიმე თვით ადრე იყო გასაყიდად გამოტანილი და მოსადმა მისი მოპოვება მოახერხა. მოსადის დირექტორმა, იოსი კოენმა კოენის ოჯახს ცერემონიაზე გადასცა, ხოლო ამჟამად მოსადის შტაბ-ბინაშია გამოფენილი.
2025 წლის 18 მაისს, კოენის სიკვდილით დასჯიდან 60 წლისთავზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მოსადის საიდუმლო ოპერაციის შედეგად სირიიდან კოენის დაახლოებით 2500 დოკუმენტი და პირადი ნივთი იქნა ამოღებული. კოლექცია, რომელიც კოენის შესახებ მთელ სირიულ არქივს შეადგენდა, მოიცავდა მისი ოჯახისთვის განკუთვნილ წერილებს, სირიის მაღალი თანამდებობის პირებთან მიმოწერას, ფოტოებს, პირად ნივთებს, როგორიცაა მისი დამასკოს ბინის გასაღებები და ორიგინალი ანდერძი, რომელიც მის სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწერა. ეს ნივთები შემდგომში მის ქვრივს გადაეცა.
კინემატოგრაფში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წელს საფრანგეთში გადაიღეს ელი კოენის ცხოვრების შესახებ სრულმეტრაჟიანი მინისერიალი „ ჯაშუში “. კოენის როლი შეასრულა საშა ბარონ კოენმა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "მოსადი" - ლეგენდები და სინამდვილე მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურზე. ამბები გე; 01:02 / 02-05-2017
- "სიკვდილით დასჯამდე მეუღლეს პატიება სთხოვა და მისწერა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო" - "ჯეიმს ბონდი" აღმოსავლეთიდან, ანუ ვინ იყო ელი კოენი; კვირის პალიტრა; 2020, 2 სექტემბერი, 13:00
- მოსადმა სირიიდან ისრაელში დააბრუნა ლეგენდარული ჯაშუშის, ელი კოენის ნივთები; ევრონიუს ჯორჯია; 20 მაისი, 2025, 08:50
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ian Black and Benny Morris (1992). Israel's Secret Wars. Futura, გვ. 228.
- ↑ Bergman, Ronen (5 July 2018). "Israel's Secret Operation to Recover the Watch of a Legendary Spy". The New York Times.
- ↑ Ahronheim, Anna (15 April 2019). "Rumors fly that body of legendary Israeli spy Eli Cohen was found". The Jerusalem Post.
- ↑ Eli Cohen, notre agent "top secret" à Damas.
- ↑ Mossad's master of deception: the astounding true story of Israeli super-spy Eli Cohen (6 September 2019). ციტირების თარიღი: 20 October 2019
- ↑ Eli Cohen – Chronology. ციტირების თარიღი: 16 February 2011
- ↑ Морис Коэн.. (2006-08-06) С мыслью о брате. ციტირების თარიღი: 2008-10-30
- ↑ Online Hadracha Centrum.
- ↑ Jacobson, Phillip (22 February 2007). „Will Israel's superspy finally rest in peace?“. The First Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2007.
- ↑ "Former Assad aide: Eli Cohen's burial site unknown],mm". Ynetnews. 30 August 2008.
- ↑ Katz, Yossi (2010). A voice called: Stories of Jewish heroism. Jerusalem, [Israel]: Gefen Publishing, გვ. 111 ff. ISBN 978-965-229-480-7. „eli cohen 1960s.“
- ↑ „Eli Cohen article“. Israel Magazine. Spotlight Publication Ltd. 5. 1973.