ელის ჰამილტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელის ჰამილტონი
Alice Hamilton.jpg
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1869
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 22 სექტემბერი, 1970 (101 წლის)
კონექტიკუტი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ექიმი, მკვლევარი, ავტორი

ელის ჰამილტონი (ინგლ. Alice Hamilton; დ. 27 თებერვალი, 1869[1] – გ. 22 სექტემბერი, 1970) — ამერიკელი ექიმი, მკვლევარი და ავტორი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც წამყვანი ექსპერტი პროფესიული ჯანმრთელობის სფეროში და როგორც პიონერი ინდუსტრიულ ტოქსიკოლოგიაში.

სწავლობდა მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. 1897 წელს გახდა პათოლოგიის პროფესორი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ქალთა სამედიცინო სკოლაში.

მისი სამეცნიერო კვლევა ფოკუსირებული იყო პროფესიული დაავადებების და სამრეწველო ლითონებისა და ქიმიური ნაერთების სახიფათო ზემოქმედების შესწავლაზე. გარდა მისი სამეცნიერო მუშაობისა, ჰამილტონი იყო სოციალური კეთილდღეობის რეფორმატორი, მშვიდობის აქტივისტი და რეზიდენტ-მოხალისე ჩიკაგოში, ჰალ ჰაუსში 1887 წლიდან 1919 წლამდე. ცხოვრების განმავლობაში მიიღო მრავალი ჯილდო, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ ლასკერის საჯარო სამსახურის ჯილდო.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამილტონი, მონტგომერ ჰამილტონის (1843–1909) და გერტრუდა ჰამილტონის (1840–1917) მეორე შვილი, დაიბადა 1869 წლის 27 თებერვალს მანჰეტენში, ნიუ-იორკში.[2] ბავშვობა გაატარა ფორტ უეინში, ინდიანაში, სადაც ბაბუამისი, ირლანდიელი ემიგრანტი ალენ ჰემილტონი დასახლდა 1823 წელს. ბაბუამისი შემდეგ დაქორწინდა ემერინ ჰოლმანზე, ინდიანას უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯესი ლინჩ ჰოლმანის ქალიშვილზე, და გახდა წარმატებული ბიზნესმენი. ელისი გაიზარდა ჰამილტონის ოჯახის დიდ მამულში, ჰამილტონებს მრავალი ზაფხული გაუტარებიათ მაკინაკის კუნძულზე, მიჩიგანში. ჰამილტონის დიდი ოჯახის მეორე და მესამე თაობა ძირითადად ცხოვრობდა მემკვიდრეობით დატოვებული ქონებით.[3]

მონტგომერ ჰამილტონი, ელისის მამა, სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ის ასევე სწავლობდა გერმანიაში, სადაც გაიცნო მდიდარი შაქრის იმპორტიორის ქალიშვილი გერტრუდა პონდი. ისინი დაქორწინდნენ 1866 წელს.[4][5]

ჰამილტონი დებთან ერთად: ედიტი, ელისი, მარგარეტი და ნორა

ჰყავდა სამი და: ედიტი, მარგარეტი და ნორა, ასევე ძმა, არტური. გოგონები განსაკუთრებით ახლოს იყვნენ მასთან. ედიტი (1867–1963), ბალტიმორის ბრინ მავრის სკოლის მასწავლებელი და დირექტორი, გახდა კლასიკოსი და ცნობილი ავტორი თავისი ესეებისა და ბესტსელერი წიგნებით, რომელთა უმეტესობა დაწერილი იყო ბერძნული და რომაული ცივილიზაციის შესახებ. მარგარეტი (1871–1969), ისევე როგორც მისი უფროსი და ედიტი, გახდა ბრინ მაურის სკოლის მასწავლებელი და დირექტორი. ნორა (1873–1945) იყო მხატვარი, ცხოვრობდა და მუშაობდა Hull House-ში. არტური (1886–1967), ჰამილტონის უმცროსი ძმა, გახდა მწერალი, ესპანური ენის პროფესორი და უცხოელი სტუდენტების დეკანის თანაშემწე ილინოისის უნივერსიტეტში, ურბანა-შამპეინში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამილტონი 24 წლის ასაკში, მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დამთავრებისას

ჰამილტონის მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ სახლში. დაწყებითი განათლება მიიღო „მის პორტერის ახალგაზრდა ქალბატონების სკოლაში“ (ასევე ცნობილი როგორც მის პორტერის სკოლა) ფეარმინგტონში, კონექტიკუტი. ელისის გარდა, მისი სამი დეიდა, სამი ბიძაშვილი და სამივე და იყვნენ ამავე სკოლის კურსდამთავრებულები.

მიუხედავად იმისა, რომ ჰამილტონს პრივილეგირებული ცხოვრება ჰქონდა, ცდილობდა, რომ სამყაროსთვის რაიმე სარგებელი მოეტანა და მედიცინის სფერო აირჩია საკუთარი თავის ფინანსური უზრუნველყოფისთვის.[4] იგი გულმოდგინე მკითხველი იყო, ლიტერატურა მას შთააგონებდა, რომ ექიმი გამხდარიყო.

კონექტიკუტის სკოლიდან ინდიანაში დაბრუნების შემდეგ, ჰამილტონი სწავლობდა მეცნიერებას ფორტ უეინში საშუალო სკოლის მასწავლებელთან, ხოლო ანატომიას ფორტ უეინის სამედიცინო კოლეჯში, 1892 წელს ჩაირიცხა მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში.[6] იქ მას ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა „კაცების შესანიშნავ ჯგუფთან“ - ჯონ ჯეიკობ აბელი (ფარმაკოლოგია), უილიამ ჰენრი ჰოუელი (ფიზიოლოგია), ფრედერიკ ჯორჯ ნოვი (ბაქტერიოლოგია), ვიქტორ კ. ვონი (ბიოქიმია) და ჯორჯ დოკი (მედიცინა). სამედიცინო ხარისხი უნივერსიტეტისგან 1893 წელს მიიღო.[7]

Alice Hamilton in an anatomy class, ca. 1893
ჰამილტონი ანატომიის კლასში, 1893 წელს

1893–1894 წლებში, სამედიცინო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰამილტონმა სტაჟირება გაიარა ქალთა და ბავშვთა ჩრდილო-დასავლეთ საავადმყოფოსა და ახალი ინგლისის ქალთა და ბავშვთა საავადმყოფოში როქსბერიში, ბოსტონის გარეუბანში, მასაჩუსეტსში.[8][9] ამ დროისთვის მან იცოდა, რომ სამედიცინო პრაქტიკით დაინტერესებული არ იყო და დაბრუნდა მიჩიგანის უნივერსიტეტში 1895 წლის თებერვალში ბაქტერიოლოგიის შესასწავლად. მან ასევე გამოიჩინა ინტერესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.

1895 წლის შემოდგომაზე ელისი და მისი უფროსი და, ედიტი, გერმანიაში გაემგზავრნენ. იგი გეგმავდა ბაქტერიოლოგიისა და პათოლოგიის შესწავლას მიჩიგანის პროფესორების რჩევით, ხოლო ედიტი კლასიკოსების შესწავლას და ლექციებზე დასწრებას აპირებდა. ჰამილტონის დებს გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდათ საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. მას უარი უთხრეს ბერლინში სწავლაზე. საბოლოოდ, მიუნხენის და ლაიფციგის უნივერსიტეტებში ისწავლეს.[10][11]

1896 წელს დაბრუნდა შეერთებულ შტატებში და განაგრძო ასპირანტურა ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. პათოლოგიურ ანატომიაზე სწავლობდა საიმონ ფლექსნერთან ერთად. ასევე ჰქონდა შესაძლებლობა ესწავლა უილიამ ჰ. უელჩისა და უილიამ ოსლერისაგან.

შემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1935 წელს ჰარვარდიდან წასვლის შემდეგ, ელისი გახდა აშშ-ს შრომის სტანდარტების განყოფილების სამედიცინო კონსულტანტი.[12] მისი ბოლო საველე კვლევა ჩატარდა 1937-1938 წლებში, მან გამოიკვლია ვიკოზის რაიონის ინდუსტრია. გარდა ამისა, ჰამილტონი 1944 წლიდან 1949 წლამდე იყო მომხმარებელთა ეროვნული ლიგის პრეზიდენტი.

ჰამილტონმა საპენსიო წლები გაატარა ჰადლიმში, კონექტიკუტის შტატში, სახლში, რომელიც მან 1916 წელს იყიდა თავის დასთან, მარგარეტთან ერთად. ჰამილტონი პენსიაზე გასვლისას აქტიურ მწერლად დარჩა. მისი ავტობიოგრაფია, Exploring the Dangerous Trades, გამოიცა 1943 წელს.[13] თავისუფალ დროს უყვარდა კითხვა, წერა, ისევე როგორც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის ტარება.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამილტონი გარდაიცვალა ინსულტით საკუთარ სახლში, 1970 წლის 22 სექტემბერს, 101 წლის ასაკში. დაკრძალულია ჰადლიმის კოვეს სასაფლაოზე.

1970 წელს მისი გარდაცვალებიდან სამი თვის განმავლობაში, აშშ-ს კონგრესმა მიიღო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის აქტი, რათა გაეუმჯობესებინა სამუშაო ადგილების უსაფრთხოება შეერთებულ შტატებში.[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Corn, J. Hamilton, Alice American National Biography
  2. Dr. Alice Hamilton. National Library of Medicine. ციტირების თარიღი: 15 October 2015
  3. Sicherman, Alice Hamilton, A Life in Letters, pp. 14, 25.
  4. 4.0 4.1 Weber, p. 31.
  5. Sicherman, Alice Hamilton, A Life in Letters, pp. 15, 17.
  6. Weber, p. 32.
  7. Jay, Stephen J. (2015). "Alice Hamilton", Indiana's 200: The People Who Shaped the Hoosier State. Indianapolis: Indiana Historical Society Press, გვ. 148. ISBN 978-0-87195-387-2. 
  8. Windsor, Laura Lynn (2002). Women in Medicine: An Encyclopedia. Santa Barbara, CA: ABC-CLIO, გვ. 89–91. 
  9. Weber, p. 33.
  10. Alice Hamilton. ციტირების თარიღი: 21 March 2018
  11. Hamilton described their experiences in Germany in her autobiography. See Hamilton, Alice (1985). Exploring the Dangerous Trades: The Autobiography of Alice Hamilton, M.D.. Boston: Northeastern University Press, გვ. 44–51. ISBN 0-930350-81-2.  See also: Singer, Sandra L. (2003). Adventures Abroad: North American Women at German-Speaking Universities, 1868–1915. Westport, Connecticut: Greenwood Publishing Group, გვ. 74–75. ISBN 9780313096860. 
  12. Moye, William T. (June 1986). „BLS and Alice Hamilton: Pioneers in Industrial Health“ (PDF). Monthly Labor Review. 109 (6). დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 3 December 2016. ციტირების თარიღი: 12 November 2016.
  13. Alice Hamilton. ციტირების თარიღი: 15 October 2015
  14. Weber, p. 39.