ელისენდა დე მონკადა
ელისენდა დე მონკადა | |
---|---|
![]() | |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. წლები: | 1322-1327 |
წინამორბედი: | მარი დე ლუზინიანი |
მემკვიდრე: | ლეონორ კასტილიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1292 |
გარდ. თარიღი: | 19 ივლისი, 1364 |
გარდ. ადგილი: | ბარსელონა, ესპანეთი |
მეუღლე: | ხაიმე II, არაგონის მეფე |
დინასტია: | მონკადები |
მამა: | პერე II, აიტონას სენიორი |
დედა: | ელისენდა დე პინოსი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელისენდა დე მონკადა (კატ. Elisenda de Montcada, ესპ. Elisenda de Moncada; დ. 1292 – გ. 19 ივლისი, 1364, ბარსელონა, ესპანეთი) — კატალანელი დიდგვაროვანი მონკადათა საგვარეულოდან. არაგონის დედოფალი 1322-1327 წლებში, როგორც მეფე ხაიმე II-ის მეოთხე ცოლი. პადრალბესის დედათა მონასტრის დამფუძნებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელისენდა 1292 წელს დაიბადა ქალაქ აიტონაში. იგი ძლევამოსილი კატალანელი დიდგვაროვნის, აიტონასა და სოსესის სენიორ პერე II რამონ მონკადასა და მისი ცოლის, ელისენდა დე პინოსის ქალიშვილი იყო. მისმა ძმებმა მოახერხეს არაგონის სამეფოში დიდი გავლენის მოხვეჭა. მისი ერთი ძმა, ოტი, არაგონის მომავალი მეფის, პედრო IV-ის ნათლია გახდა, მეორე ძმა, გასტო კი უესკასა და ჟირონას ეპისკოპოსი. ამრიგად, ელისენდას ოჯახს ახლო ურთიერთობები ჰქონდა არაგონის სამეფო ოჯახთან.
1319 წელს არაგონის მეფე ხაიმე II-ის მესამე ცოლი, დედოფალი მარი დე ლუზინიანი გარდაიცვალა, რის შემდეგაც მან მეოთხედ დაქორწინება განიზრახა. მრავალ კანდიდატს შორის მეფემ არჩევანი სწორედ ელისენდაზე შეაჩერა, რომელსაც მისი გავლენიანი ოჯახი მზითვში ისეთ ქალაქებსა და მამულებს ატანდა, როგორებიცაა: ბერგა, ბურიანა, ტორტოსა, მორელია, ტოროელია დე მონგრი და პალსი. 1322 წლის 25 დეკემბერს ხაიმე II-მ ტარაგონაში ცოლად შეირთო ელისენდა, რომელიც მისი მეოთხე და ბოლო ცოლი გახდა.
ქორწინების შემდეგ მეფე-დედოფალი ბარსელონას სასახლეში დაფუძნდა, სადაც მათ მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ. ცნობილია, რომ მეფე ხაიმე ითვალისწინებდა მის რჩევებს. დედოფალ ელისენდას მემატიანეები აღწერდნენ როგორც ზრდასრულ, განათლებულ, ლამაზ და ღვთისმოსავ პიროვნებად. მიუხედავად ამისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია.
1327 წლის ნოემბერში, ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ მეფე ხაიმე გარდაიცვალა და ტახტი ელისენდას გერმა დაიკავა. ამის შემდეგ მან სამეფო კარი დატოვა და ბარსელონაში თავისივე დაარსებულ პადრალბესის დედათა მონასტერში დასახლდა, სადაც იგი მონაზვნად აღიკვეცა და მშვიდად ცხოვრობდა. იგი გარდაიცვალა 1364 წლის 19 ივლისს, სწორედ ბარსელონაში მდებარე პადრალბესის დედათა მონასტერში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Albertí i Casas, Elisenda. Dames, Reines, abadesses, 18 personalitats femenines a la Catalunya medieval : [каталан.]. — Barcelona : Albertí Editor, 2007. — 160 p. — ISBN 978-8-47-246085-0.
- Castellano Tresserra, Anna. Pedralbes a l'edat mitjana: història d'un monestir femení : [каталан.]. — Barcelona : L'Abadia de Montserrat, 1998. — Vol. CXCVIII. — 405 p. — (Biblioteca Abat Oliba). — ISBN 978-8-47-826998-3.
- Duran i Sanpere, Agustí. La galeria de catalans il·lustres, en Barcelona i la seva història. L'art i la cultura : [каталан.]. — Barcelona : Curial, 1975.
- Roca i Costa, Maria Carme. Abadesses i priores a la Catalunya medieval : [каталан.]. — Barcelona : Editorial Base, 2014. — 292 p. — ISBN 978-8-41-616622-0.
- Sanjust i Latorre, Cristina. L'obra del Reial Monestir de Santa Maria de Pedralbes des de la seva fundació fins al segle XVI. Un monestir reial per a l'orde de les clarisses a Catalunya : [исп.]. — Barcelona : Universitat Autònoma de Barcelona. Departament d'Art, 2009. — ISBN 978-8-46-923650-5.
- Sanpere i Miquel, Salvador. Els Trescentistes : [исп.]. — Barcelona : Libreria S. Babra, 1921. — Vol. II.
|