ელისაბედის პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელისაბედის ტალავერი ელისაბედის პარკში. ტაგანროგი

ელისაბედის პარკი (რუს. Елизаветинский парк) — ყოფილი საქალაქო პარკი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის იმპერია. იმპერატორ ალექსანდრე I-ისა და მისი ოჯახის საყვარელი დასასვენებელი ადგილი. ამჟამად პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია გ. ბერიევის სახელობის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი.

ელისაბედის პარკი შეიქმნა 1825 წლის შემოდგომაზე და იმყოფებოდა იმპერატორის ოჯახის საკუთრებაში. სახელი ეწოდა ალექსანდრე I-ის ცოლის ელისაბედ ალექსის ასულის პატივსაცემად. პარკი მდებარეობდა ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „კარანტინი“. პარკის მოსაწყობად ალექსანდრე I-მა ინგლისიდან გამოიწვია მებაღე გრეი, რომელმაც გააფართოვა კარანტინის ბაღი და იქ დარგო ხეები. პარკში იყო გრძელი ხეივანი, რომელიც შედგებოდა კოპიტისაგან, ცაცხვისაგან და ნეკერჩხლისაგან.

პარკის ფართობი იყო 2,5 ჰა. 1826 წლის გაზაფხულზე ელისაბედ ალექსის ასულმა გამგავრებამდე პარკი გადასცა ქალაქს და იგი გაიხსნა ტაგანროგელებისათვის. ტაგანროგში იმპერატორის ოჯახის სახსოვრად პარკში აღმართული იყო „საიმპერატორო ტალავერი“. პარკს ხშირად სტუმრობდა ანტონ ჩეხოვი, სადაც მან დაწერა თავისი ნაწარმოები „ცეცხლი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისაბედის პარკის შექმნის ისტორია დაკავშირებულია ალექსანდრე I-თან, რომელსაც მოსწონდა ტაგანროგის კარანტინის რაიონის ხედი ზღვაზე. პირველად იგი აქ სტუმრობდა 1818 წელს. 1776 წელს ეკატერინე II-ის მიერ მოწყობილი კარანტინის რაიონის დათვალიერების შემდეგ მას ევროპაში საუკეთესო ადგილი უწოდა. ამ პერიოდისათვის კარანტინის რაიონი პატარა დასახლება იყო მაღაზიებით, სასტუმროებით, სამედიცინო პუნქტითა და სხვა მომსახურებით.

1825 წელს, თავისი მეორე ვიზიტის დროს ალექსანდრე I-მა, რომელიც პარკების ხელოვნების მოყვარული იყო, შეათვალიერა კარანტინის რაიონის ახლომდებარე ტერიტორია ახალი ბაღის მშენებლობისათვის. იმპერატორმა თავად შექმნა ბაღის გეგმა. ბაღში გაშენდა დაახლოებით 2 ათასი სხვადასხვა ჯიშის ხე.

ბაღის საჭიროებებისათვის და მისი განვითარებისათვის ალექსანდრე I-მა გაიღო 11 500 რუბლი და ყოველწლიურად კიდევ გადაიხდიდა ექვსი ათას რუბლს.

ტაგანროგი. ქალაქის ბაღის შესასვლელი XIX საუკუნის მეორე ნახევარში

სამეფო ოჯახს უყვარდა გამგაზავრება კარანტინის რაიონში და ბაღის დათვალიერება.

1825 წლის 19 ნოემბერს ტაგაროგში ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე ელისაბედ ალექსის ასული კვლავინდებურად დადიოდა კარანტინის ბაღში. მის ფიგურას ხშირად ხედავდნენ იმ სკამზე მჯდომარეს, სადაც იმპერატორთან ერთად იჯდა ხოლმე.

1826 წელს ელისაბედ ალექსის ასულმა კარანტინის ბაღი ქალაქს გადასცა. ამავე დროს, ქალაქის თავის ა. დუნაევის წინადადებით ბაღს ელისაბედის პარკი უწოდეს.

1844 წელს ქალაქის ბაღში შექმნეს აბრეშუმის ქარხანა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მეაბრეშუმეობის განვითარებას ქალაქში.

ადგილობრივმა არქიტექტორმა ტრუსოვმა, 1862 წელს, ტახტის მემკვიდრის ვიზიტთან დაკავშირებით შექმნა ხის ტალავერის პროექტი ბაღისათვის. ტალავერის თავზე, სპეციალურ ნიშში, დაიდგა იმპერატორისა და მისი მეუღლის ბიუსტები. ტალავერში 1863 წლის 14 აგვისტოს გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელშიც მონაწილეობდა იმპერატორ ალექსანდრე II-ის შვილი, ტახტის მემკვიდრე 20 წლის ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე. 1896 წლის 18 აგვისტოს ტალავერი მთლიანად დაიწვა.

XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ელისაბედის პარკი ტაგანროგელების საყვარელი დასვენების ადგილად იქცა.

1906 წლის რევოლუციურ პერიოდში პარკში მუშათა გამოსვლები გაიმართა, სადაც შეასრულეს „მარსელიოზა“.

1910 წელს ვ. კულიკმა ბაღში გახსნა კინოთეატრი „ახალი მირაჟი“, 1913 წელს კი ახალი მფლობელის ხელში, პარკში მუშაობდა კინოთეატრი „აპოლო“. 1916 წელს პარკის ტერიტორიის ნაწილი გაიყიდა. გაყიდულ ტერიტორიაზე ააშენეს საავიაციო ქარხანა ანტანტის სახსრებით. ამ ამბების შემდეგ ელისაბედის პარკმა არსებობა შეწყვიტა.

ამჟამად პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია გ. ბერიევის სახელობის ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога, 2-е изд., Таганрог, 2003
  • История города Таганрога, П. П. Филевский, Москва, 1898
  • Чеховские места в Таганроге. Путеводитель. Таганрог, 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]