ელიოზ მონაზონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელიოზ მონაზონიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 ივლისი, ახალი სტილით - 27 ივლისი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი ელიოზ მონაზონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი სიყრმეშივე მიაბარეს მონასტერში, სადაც ღვთისმოყვარე მამებმა კეთილმსახურებით აღზარდეს. როცა მოწიფულობას მიაღწია, ნეტარმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა და დაუცხრომელი ღვაწლით სულიერი სრულყოფილება მოიგო: მას ნათელხილვის ნიჭი მიემადლა უფლისგან - ცხადად ჭვრეტდა თანამოსაუბრეთა აზრებს და სულიერ განწყობილებას. დიდ სარწმუნოებასთან შერწყმული საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით ელიოზი ველურ მხეცებსაც იმორჩილებდა. ერთხელ უდაბნოში მძიმე ტვირთის ზიდვით ქანცგამწყდარმა მამამ ილოცა, კანჯარს მოუხმო, ბარგი აჰკიდა და სავანემდე მიატანინა. იყო შემთხვევა, როცა წმინდანს მდინარე უნდა გადაელახა, მაგრამ ნავი არსად ჩანდა. მან წყლიდან ნიანგს გამოუხმო, მის ზურგზე შედგა და ისე გააღწია მეორე ნაპირზე.

სავანის ერთმა ახალგაზრდა მორჩილმა ნეტარ ელიოზს მასთან ერთად უდაბნოში მოღვაწეობაზე სთხოვა კურთხევა. ღირსმა მამამ ჭაბუკი გააფრთხილა იმ მძიმე ღვაწლისა და სასტიკი საცდურების შესახებ, რომელიც განდეგილთა ცხოვრებას ახლავს თან, მაგრამ მოწესე ისე გულწრფელად და დაჟინებით ითხოვდა თავისას, რომ ბოლოს წმინდანი დათანხმდა. პირველსავე ღამეს საშინელი ჩვენებებით დამფრთხალი მორჩილი ერთიანად აკანკალებული მოვარდა ელიოზის მღვიმეში. ნეტარმა დაამშვიდა იგი, უკანვე გააბრუნა, ჯვრის ნიშით აღბეჭდა მისი გამოქვაბული და უთხრა, ამიერიდან ბოროტი ხილვები არ შეგაშფოთებენო. ყმაწვილი ენდო მის სიტყვებს, დარჩა სენაკში და დაყუდებული მოღვაწეობით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ თავისი წმინდა მოძღვარივით საჭიროების დროს მასაც ანგელოზი უზიდავდა საკვებს.

ელიოზ მონაზონმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.