ელიზბარ უბილავა (მწერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზბარ უბილავა
Elizbar ubilava.jpg
დაბ. თარიღი 23 ივნისი 1917(1917-06-23)
გარდ. თარიღი 29 აპრილი 1997(1997-04-29) (79 წლის)
საქმიანობა მთარგმნელი

ელიზბარ უბილავა (დ. 23 ივნისი, 1917, სოფ. ჭალა, წალენჯიხის რაიონი — გ. 29 აპრილი, 1997, თბილისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება მიიღო წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასა და ფახულანში, საშუალო პედაგოგიური განათლება კი ქ. წალენჯიხაში. 1935 წელს შევიდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე; შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1940 წელს დაასრულა.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზბარ უბილავამ სამწერლო მოღვაწეობა ლექსებით დაიწყო. მისი პირველი ლექსი „ზამთარი“ გამოქვეყნდა 1934 წელს, „ლიტერატურულ გაზეთში“. 1940 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა უბილავას ერთ-ერთი პირველი მოთხრობა „მიწა“. აქედან მოყოლებული, მისი მოთხრობები, ნარკვევები, ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები და პუბლიცისტური წერილები ქვეყნდება გაზეთ „კომუნისტში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე.

ელიზბარ უბილავა სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებში — „საბჭოთა აფხაზეთი“ (1940-1942), „კომუნისტი“ (1945-1957), ჟურნალ „დრამაში“ (1960-1962), გამომცემლობა „ნაკადულში“, ალმანახ „საყმაწვილო ლიტერატურული მოამბის“ მთავარ რედაქტორად (1962-1976).

ელიზბარ უბილავა ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ნარკვევი, პუბლიცისტური წერილები, ესეისტური სტატიები, რეპორტაჟები, რომლებიც თავმოყრილია პროზაულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებთა კრებულებში:

  • მზის ამოსვლა
  • გამარჯვების დროშა (1954)
  • დიდ გზაზე (1951)
  • სამგორი (1949)
  • ნიკოლოზ შენგელაია (1958)
  • ყავარჯენი (1956)
  • მოგესალმებით ქედებო
  • მთანი მაღალნი
  • თამარ ყუფუნია (1959)
  • არწივების საბუდარი
  • სიჭაბუკის რომანტიკა (1976)
  • ხანისწყლის პირას (1973)
  • პარიზი, რომი, ნეაპოლი (1958)
  • ანაკლიის ღამე (1965)

ელიზბარ უბილავამ რუსულიდან ქართულად თარგმნა ლევ ტოლსტოიის „ჰაჯი-მურატი“, „კაზაკები“, „ტყის ჩეხვა“, „კავკასიის ტყვე“, „თარეში“, „ჩამოქვეითებული“, ბესტუჟევ-მარლინსკის „თამალათ-ბეგი“, ა. აჯამადოვის „ყუძუხის ტრამალზე“, ი. ორბელიანის „რვა თვე შამილის ტყვეობაში“.

ელიზბარ უბილავას გამოცემული აქვს 30-ზე მეტი წიგნი. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადო მოღვაწეობას, გამორჩეული წვილი შეიტანა საბავშვო წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში, როგორც გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა და ალმანახ „საყმაწვილო ლიტერატურის“ მთავარმა რედაქტორმა; ამ უკანასკნელი ალმანახის ერთ-ერთი ფუძემდებელი თავადვე იყო.

ელიზბარ უბილავა არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის საპატიო წოდება, დაჯილდოებული იყო მთავრობის ჯილდოებით.

ხანგრძლივი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის და დაბადების 70 წელთან დაკავშირებით, უბილავა დააჯილდოვეს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

გარდაიცვალა 1997 წლის 29 აპრილს, თბილისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]