ელიზავეტოვის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზავეტოვის ნაქალაქარი
Елизаветовское городище
მდებარეობა ელიზავეტინსკაია, აზოვის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
თარიღდება ძვ. წ. VI-III საუკუნეები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110023000

ელიზავეტოვის ნაქალაქარი[1] (რუს. Елизаветовское городище) — უძველესი დასახლების ნაშთები, როსტოვის ოლქის აზოვის რაიონის სოფელ ელიზავეტინსკაიის მახლობლად. მდებარეობს მდინარე დონის დელტაში, დონის როსტოვიდან 4 კილომეტრში. ნაქალაქარი არსებობდა ძვ. წ. VI-III საუკუნეებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე ელიზავეტოვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სკვითური კულტურის ადგილობრივი ვარიანტი და წარმოიშვა დასახლება[2]. ყველაზე ადრე ქალაქის დაარსება უნდა მომხდარიყო დარიოს I-თან ბრძოლის შემდეგ. თავდაპირველად ეს დასახლება იყო მომთაბარეების სადგომი. ძვ. წ. V საუკუნის განმავლობაში კი იგი იყო ზამთრის გზა, სადაც საცხოვრებელი სახლები ჯერ კიდევ არ ჩანს. ძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისში ბერძნულ-ბარბაროსული სავაჭრო გავლენის შედეგად ჩამოყალიბდა დროებითი დასახლება, ხოლო მოგვიანებით იგი გადაიქცა ქალაქური ტიპის მუდმივ დასახლებად. ხელსაყრელი მდებარეობა მომთაბარეებს საშუალებას აძლევდა თავიანთი კონტროლისთვის დაექვემდებარებინათ დონის ქვემო დინებაზე გამავალი სავაჭრო-საკომუნიკაციო გზები.

ძვ. წ. IV საუკუნის შუა პერიოდში ელიზავეტოვის ნაქალაქარი აზოვისპირეთის ტერიტორიაზე ყველაზე უდიდესი დასახლებაა. იგი გახდა მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო, მეთევზეობისა და ხელოსნობის ცენტრი. ქალაქში მიმდინარეობდა ვაჭრობა ბერძნებსა და დონისპირეთის მოსახლეობას შორის. ნაქალაქარის სტრუქტურაში ამ პერიოდში შედის ბოსფორის სამეფოს მცირე კოლონია - ბერძნული ემფორია[3].

დასახლების ფუნქციონირება სავარაუდოდ შეწყდა ძვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე, რის მიზეზიც გახდა სისხლიანი დაპირისპირება ბოსფორის სამეფოში ბოსფორელებსა და მათ მეზობელ მომთაბარე ტომებს შორის.

მიტოვებული ნაქალაქარის ადგილზე ბოსფორელმა ბერძენმა კოლონისტებმა ძვ. წ. III საუკუნის 90-იან წლებში[4] დააარსეს კოლონია-ემფორია. მიტოვებული ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში ააშენეს საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები. ყველა ნაგებობა ააგეს ბერძნული სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. ნაგებობები შელესილი იყო ალიზით. ემფორიას დიდხანს არ უარსებია. დასახლება განადგურდა ძვ. წ. 270-260[2] წლებში ბოსფორის სამეფოს მეფის პერისადე II-ის მეფობისას. დასახლების განადგურების მიზეზი იყო სარმატების შეჭრა სკვითების ტერიტორიაზე. ძალიან მალე დასახლების ახლოს აღმოცენდა ქალაქი ტანაისი.

არქეოლოგიური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა მონაცემებით ელიზავეტოვის ნაქალაქარი გაშენებული იყო 40-დან 55 ჰექტარზე და ჰქონდა ტრაპეციის ფორმა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოყოფენ რამდენიმე კომპონენტს:

  • პირველი: დასახლება შემოსაზღვრული იყო ორი თავდაცვითი სარტყელით, რომელთაგანაც თითოეულს გასდევდა საკმაოდ ღრმა ორმო და გარს ერტყა მიწაყრილი.
  • მეორე: მდინარე დონის ძველ კალაპოტთან მდებარეობა განაპირობებდა ნავსადგურისპირა ნაწილისაგან გამოყოფას.
  • მესამე: „აკროპოლისი“ - ნაქალაქარის ცენტრალური ნაწილი. მისი ფართობი იყო 12 ჰა.
  • მეოთხე: ყორღანები, რომელთაგანაც ყველაზე მეტად ცნობილია ყორღანების ჯგუფი „ხუთი ძმა“[5][6], რომელთაგან ერთ-ერთში დაკრძალული იყო ძვ. წ. IV საუკუნეში მოღვაწე სკვითების მეფე.

არქეოლოგიური გათხრები ნაქალაქარზე მიმდინარეობს 1824 წლიდან. 1964 წლიდან ელიზავეტოვის ნაქალაქარს იკვლევს სამხრეთ-დონის არქეოლოგიური ექსპედიცია. 1994 წლიდან არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს რუსი არქეოლოგი, პროფესორი ვიქტორ კოპილოვი. 2009 წლის მონაცემებით გათხრილია 2 ჰა მიწის ტერიტორია.

ეთნიკური კუთვნილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზავეტოვის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ეთნიკური კუთვნილება ისტორიკოსებს შორის სადავო საკითხია. ისტორიკოსები თვლიან, რომ ესენი შეიძლება იყვნენ სავრომატები, სკვითები, მეოტები ანდა ნაქალაქარის მოსახლეობა იყო შერეული. მკვლევარები: იოსიფ ბრაშინსკი, კ. მარჩენკო, ვ. ჟიტნიკოვი და ვ. კოპილოვი მხარს უჭერდნენ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ნაქალაქარის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ სკვითები. ისინი თვლიდნენ, რომ ელიზავეტოვის ნაქალაქარზე არსებობდა ორი ბერძნული კოლონია. პირველი ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო მეორე — [ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნის]] პირველ მესამედში. მეორე კოლონია განთავსებული იყო „აკროპოლისის“ ტერიტორიაზე, მისი ჩამოყალიბება დაკავშირებულია ბოსფორის სამეფოსთან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Леонтьев П., Археол. разыскания на месте древнего Танаиса и в его окрестностях, в сб.: Пропилеи, кн. 4, М., 1954;
  • Миллер А. A., Раскопки в районе древнего Танаиса, в сб.: ИАК, в. 35, СПБ, 1910;
  • Книпович т. н., Опыт характеристики городища у станицы Елисаветовской по находкам экспедиции ГАИМК в 1928 г., "ИГАИМК", 1934, в. 104.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. არ უნდა აგვერიოს ელიზავეტინის ნაქალაქარში, რომელიც მდებარეობს კრასნოდარიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სტანიცაში რომელსაც ასევე ეწოდება ელიზავეტინსკაია.
  2. 2.0 2.1 Зубарь В. М., Русяева А. С. На берегах Боспора Киммерийского. — Киев: ИД «Стилос», 2004. — 239 с.
  3. Греки и варвары Северного Причерноморья в скифскую эпоху / Отв. ред. Марченко К. К. — СПб.: Алетейя, 2005. — 463 с.
  4. Федосеев Н. Ф. О времени сосуществования Елизаветовского городища и Танаиса // Античный мир и археология. — Саратов, 1990. — Вып. 7. — С. 154—160.
  5. Пять братьев
  6. Кияшко В. Я., Косяненко В. М., Максименко В. Е. Легенда и быль донских курганов. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1972.