შინაარსზე გადასვლა

ელიზავეტა ვორონცოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზავეტა ვორონცოვა
დაბადების თარიღი 24 აგვისტო (4 სექტემბერი), 1739[1]
დაბადების ადგილი რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 13 (24) თებერვალი, 1792[1] (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
დასაფლავებულია ლაზარევის სასაფლაო
საქმიანობა ფრეილინა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მეუღლე Aleksandr Polyansky[1]
პარტნიორ(ებ)ი პეტრე III
შვილ(ებ)ი Aleksandr Polyansky და Anna Aleksandrovna Polyanskaya

ელიზავეტა რომანის ასული ვორონცოვა (რუს. Елизавета Романовна Воронцова, დ. 24 აგვისტო (4 სექტემბერი), 1739, რუსეთის იმპერია — გ. 13 (24) თებერვალი, 1792, სანქტ-პეტერბურგი) — პეტრე III-ის ფავორიტი და ფრეილინა. იგი გახლდათ გენერალ-ანშეფ გრაფ რომან ვორონცოვის ქალიშვილი, ასევე ცნობილი თავადის ქალის, ეკატერინა დაშკოვას, კანცლერ ალექსანდრე ვორონცოვისა და დიპლომატ სემიონ ვორონცოვის და.

გრაფ რომან ვორონცოვისა და მარფა სურმინას მეორე ქალიშვილი. 1745 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ, დასთან და ძმასთან ერთად, ბიძის, ვიცე-კანცლერ მიხეილ ვორონცოვის სახლში იზრდებოდა. 1749 წლის ნოემბერში იმპერატრიცა ელისაბედ I-მა იგი დიდ მთავარ ეკატერინე II-ის კარის შტატში ფრეილინად განამწესა.[2] ეკატერინე II-ის დახასიათებით იგი იყო:

ვიკიციტატა
„...ძალიან შეუხედავი, უკიდურესად მოუწესრიგებელი ბავშვი ზეთისხილისფერი კანით, ხოლო გადატანილი ყვავილის შემდეგ კიდევ უფრო დამახინჯდა, რადგან მისი ნაკვთები სრულიად შეიცვალა და მთელი სახე ნაყვავილარით კი არა, ნაწიბურებით დაეფარა.[3]

თუმცა, ეკატერინე II-ის აზრს, რომელიც ვერ იტანდა პეტრე III-ს და მის გარემოცვას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლომდე ვენდოთ.

დიდი თავადის, პეტრე III-ის, რამდენიმე წლის შემდეგ, ფრეილინა ვორონცოვასთვის გამოხატული აშკარა უპირატესობის მინიჭება საყოველთაო გაოცებას იწვევდა. ის ვორონცოვას აღწერდა როგორც „მსუქანსა და მოუხერხებელს“, „შეშუპებული სახისა“ და „ფართოსახიანის“ მქონეს, თუმცა თავად უბრალოდ „რომანოვნას“ ეძახდა.

ბევრს მიაჩნდა, რომ დიდმა მთავარმა „ძალიან ცუდი გემოვნება გამოავლინა“. საფრანგეთის დესპანის, ჟან-ლუი ფავიეს სიტყვებით:[4]

ვიკიციტატა
„ვორონცოვას შეუხედავობა გამოუთქმელი იყო და მას ვერც კარგი აღნაგობა და ვერც კანის სითეთრე ვერ აბალანსებდა. იგი არ იყო მოკლებული ჭკუას და, შემთხვევის არსებობისას, შეძლებდა საკუთარი მდგომარეობის გამოყენებას, ამის მცირედი შესაძლებლობა მაინც რომ მისცემოდა.“

დიდი მთავრის გატაცებამ, რაც ძალიან ართობდა ელისაბედს და რის გამოც მან ვორონცოვას „მადამ პომპადური“ შეარქვა, პეტრე III-ის ტახტზე ასვლისთანავე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. გამეფებისთანავე პეტრე III-მ თავისი „ლიზკა“ კამერ-ფრეილინად დანიშნა, ზამთრის სასახლეში საკუთარი ოთახების გვერდით ბინა გამოუყო, ხოლო 1762 წლის 9 ივნისს საზეიმოდ შეამკო იგი წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ორდენით.

იმ წლების თანამედროვეთა მოგონებებში ელიზავეტა ვორონცოვა მუდმივად ფიგურირებს, როგორც იმპერატორის „ოფიციალური ფავორიტი“ და მისი გართობების მონაწილე. ბოლოტოვის თქმით, იმპერატორი „თითქმის მთელ დროს მასთან ატარებდა.[5] პეტრე III არავისთან მალავდა მისდამი „უზომო სიყვარულს“. ვორონცოვამ იმპერატორისგან მიიღო 5 ათასი იმპერიალი (ვალების გადასახდელად) და 50 ათას რუბლზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა. სანქტ-პეტერბურგში მყოფი უცხოელი ელჩები იტყობინებოდნენ იმპერატორის განზრახვის შესახებ, რომ მას სურდა მეუღლის მონასტერში გამოკეტვა და დაქორწინება ფრეილინა ვორონცოვაზე, რომელიც იმპერატრიცას მიმართ „ამპარტავნულად“ იქცეოდა.

1762 წლის 29 ივნისის გადატრიალების შემდეგ, ვორონცოვა პეტრე III-სთან ერთად დააპატიმრეს ორანიენბაუმში, სადაც დიდ სასახლეში დღემდეა შემორჩენილი მისი პალატები. მიუხედავად იმისა, რომ იგი პანინის წინაშე მუხლმოყრილი იხვეწებოდა, ნება დაერთოთ პეტრეს ჰოლშტაინში გაჰყოლოდა, გრაფინია მამის მოსკოვისპირა სოფელში გადაასახლეს. ამასთანავე, მას ჩამოართვეს კამერ-ფრეილინას პორტრეტი და წმინდა ეკატერინეს ორდენი. თუმცა, ამის შემდეგ ეკატერინე II-მ დაუყოვნებლივ ითავა ვორონცოვას შემდგომი ბედის მოწყობა: ფიქრობდა მისთვის მოსკოვში სახლის ყიდვაზე და გრაფ რომან ვორონცოვს უბრძანა, გამოეყო შვილის წილი, „რათა მას აღარავისთან ჰქონოდა საქმე და ეცხოვრა მშვიდად, ისე, რომ ხალხისთვის თავის შესახებ სალაპარაკო მიზეზი ბევრი არ მიეცა“.

1765 წლის 18 სექტემბერს ელისაბედ ვორონცოვა ცოლად გაჰყვა პოლკოვნიკს, მოგვიანებით კი სახელმწიფო მრჩეველს, ალექსანდრე პოლიანსკის (1721-1818). ქორწილი ვორონცოვების მოსკოვისპირა მამულ კონკოვოში გაიმართა. დროთა განმავლობაში მეუღლეები პეტერბურგში გადავიდნენ, სადაც ვორონცოვა სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი სამეფო კარზე აღარ ჩნდებოდა, მაღალ საზოგადოებაში მაინც ტრიალებდა და ეკატერინე II-ის ახლო მეგობარს, გრაფინია ანა პროტასოვასაც კი ხვდებოდა.

1776 წელს, ფრანგი დიპლომატის, კორბერონის მოწმობით, იმპერატრიცამ პოლიანსკაიას ვალების გადასახდელად 45 000 რუბლი მისცა და ელისაბედს თავაზიანად უსაყვედურა კიდეც, ადრე რატომ არ მომმართე დახმარებისთვისო. ამავდროულად, ეკატერინემ უარი უთხრა მის დას, დაშკოვას, 200 ყმა გლეხის ბოძებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ უკანასკნელს მართებდა გვირგვინი, რომელიც ერგო.[6]

ელისაბედ ვორონცოვას წერილები მისი ძმის, გრაფ სემიონ ვორონცოვისადმი, ფრანგული სტილის დახვეწილობით თითქმის არ ჩამოუვარდება მისი დის, თავადის ქალ დაშკოვას ნაწერებს და სავსეა მაღალი საზოგადოებისა თუ სამეფო კარის ამბების დეტალური აღწერით. მისი ორივე ძმა, გრაფები სემიონ და ალექსანდრე ვორონცოვები, მას ძალიან აფასებდნენ და აშკარა უპირატესობას ანიჭებდნენ თავადის ქალ დაშკოვასთან შედარებით. ძმები დაშკოვას არცთუ უსაფუძვლოდ საყვედურობდნენ დისადმი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, რომლისაც ელისაბედს ძალიან ეშინოდა არა მხოლოდ ფავორიტობის პერიოდში, არამედ შერისხვის შემდეგაც.

ელიზავეტა ვორონცოვა გარდაიცვალა 1792 წლის 2 თებერვალს და დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ლაზარეს სასაფლაოზე.[7]

ალექსანდრე პოლიანსკისთან ქორწინებიდან მას შეეძინა შვილები: ანა (1766-1845), რომელიც 1782 წელს ფრეილინად განამწესეს; ამისთვის დედამ წერილით მიმართა იმპერატრიცას და ქალიშვილისთვის „შიფრი“ (ფრეილინას საპატიო ნიშანი) სთხოვა. ანა მონაწილეობდა მომღერალთა გუნდში იმ დღესასწაულზე, რომელიც თავადმა პოტიომკინმა თავრიდის სასახლეში გამართა. იგი დაქორწინებული იყო ბარონ ვილჰელმ დ’ოგერზე, ნიდერლანდების ელჩზე პეტერბურგში, რომელიც პოლიანსკაიაზე ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში დარჩა.

მისი ვაჟი ალექსანდრე (1774-1818), რომლის ნათლიაც თავად ეკატერინე II იყო, მუშაობდა საიდუმლო მრჩეველად, ნამდვილ კამერჰერად და 1817 წლიდან სენატორად.

  • Полянская, Елизавета Романовна // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб.—М., 1896—1918.
  • Palmer Elena. Peter III. Der Prinz von Holstein. — Sutton, Germany, 2005. — ISBN 3-89702-788-7.
  1. 1 2 3 Полянская, Елизавета Романовна // Русский биографический словарь / под ред. А. ПоловцовСПб: 1905. — Т. 14. — С. 486.
  2. Скаски" елизаветинской России // Российский архив: История Отечества в свидетельствах и документах XVIII—XX вв. Новая серия. Вып. 15. М., 2007.— С. 179.
  3. Екатерина II. Мемуары.. ციტირების თარიღი: 2010-09-05
  4. Русский двор в 1761 году. Перевод с французской рукописи Лафермиера… // Русская старина, 1878. — Т. 23. — № 10. — С. 187—206.. ციტირების თარიღი: 2015-02-11
  5. Жизнь и приключения А. Болотова, описанные самим им для своих потомков (1738—1793).
  6. Екатерина II и Г. А. Потёмкин: личная переписка. М., Наука, 1997. С. 605.
  7. Надгробие Е. Р. Полянской. ციტირების თარიღი: 2015-08-10