ელიზაბეთ ფილპოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელიზაბეტ ფილპოტი)

ელიზაბეტ ფილპოტი (ინგლ. Elizabeth Philpot; დ. 1780, ინგლისი — გ. 1857, ლაიმ-რეჯისი) — ინგლისელი პალეონტოლოგი და ნამარხების შემგროვებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ ფილპოტი ინგლისში 1780 წელს დაიბადა. მისი წარმოშობისა და ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მას ჰყავდა ძმა და ორი და, მერი და მარგარეტი. 1805 წელს დები დასახლდნენ ლაიმ-რეჯისში (დორსეტის საგრაფო), იმ სახლში, რომელიც ძმამ მათ აჩუქა. ყველა მათგანი კარგად იყო განათლებული, მაგრამ ფინანსურად უჭირდათ.[1]

სამივე დას უყვარდა ნამარხების შეგროვება, მაგრამ ელიზაბეტმა ამ საქმეში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. მან მოახერხა სერიოზული კოლექციის შეგროვება, რომელშიც განსაკუთრებით ფართოდ იყო წარმოდგენილი ნამარხი თევზები.[2] დები ფილპოტები დაახლოებულნი იყვნენ მერი ენინგთან, ცნობილ პალეონტოლოგთან და ნაშთების შემგროვებელთან, რომელიც ასევე ცხოვრობდა ლაიმ-რეჯისში. ელიზაბეტი დიდ დროს ატარებდა მასთან. დროთა განმავლობაში გახდა მისი თანამგზავრი და მეგობარი. 1826 წელს მერი ენინგმა აღმოაჩინა, რაც ბელემნიტის ნამარხის შიგნით იყო რაღაც, რაც წააგავდა მელნის ტომარას გამომშრალი მელნით. ელიზაბეტმა მოახერხა მათი წყალში განზავება და მიღებული სეპიით რამდენიმე ნახატის დახატვაც კი, მათ შორის იქთიოზავრის გამოსახულების.

ელიზაბეტი კავშირში იყო ისეთ მეცნიერებთან, როგორებიც არიან უილიამ ბაკლენდი, უილიამ კონიბირი და ჰენრი დე ლა ბეში.[3] როდესაც ლუი აგასისი ლაიმ-რეჯისს სტუმრობდა, ის გაოცებული იყო იმით, რომ ელიზაბეთმა და მერიმ შეძლეს ლაიმ-რეჯისის მიდამოებში ეპოვნათ და სწორად ამოეცნოთ 34 სახეობის ნამარხი თევზის.[4]

ლაიმ-რეჯისში დები ფილპოტების კოლექციის საფუძველზე შეიქმნა ფილპოტების მუზეუმი (ახლანდელი ლაიმ-რეჯისის მუზეუმი). მუზეუმის შენობა ააშენა ელიზაბეტის ძმისშვილმა, თომას ფილპოტმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Richard Moody. Elizabeth, Margaret and Mary Philpot // Dinosaurs and Other Extinct Saurians: A Historical Perspective. — Geological Society of London, 2010. — P. 116.
  2. Richard Moody. Elizabeth, Margaret and Mary Philpot // Dinosaurs and Other Extinct Saurians: A Historical Perspective. — Geological Society of London, 2010. — P. 116.
  3. The Biographical Dictionary of Women in Science, 2000, p. 117.
  4. Shelley Emling. The Fossil Hunter: Dinosaurs, Evolution, and the Woman whose Discoveries Changed the World. — Palgrave Macmillan, 2009.