ელიზაბეტ გილბერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ გილბერტი

გილბერტი 2009 წელს
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1969 (1969-07-18) (54 წლის)
დაბადების ადგილი უოთერბერი, კონექტიკუტი, აშშ
საქმიანობა რომანისტი, მწერალი და ესეისტი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
პერიოდი 1997-დღემდე
Magnum opus ჭამე, ილოცე, შეიყვარე
ჯილდოები Plimpton Prize
პარტნიორ(ებ)ი რაია ელიასი[1]
ხელმოწერა
საიტი elizabethgilbert.com

ელიზაბეტ გილბერტი (დ. 18 ივლისი, 1969) — ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი. მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია 2006 წლის მემუარული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“. წიგნი 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მასშტაბით მისი 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 2010 წელს რომანის კინოადაპტაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს.

2008 წელს გილბერტი ჟურნალ ტაიმის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა.[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გილბერტი 1969 წელს კონექტიკუტის შტატის ქალაქ უოთერბერიში დაიბადა.[3] მისი მამა, ჯონ გილბერტი, ქიმიური ინჟინერი, ხოლო დედა, კეროლი, ექთანი იყო.[3]

როცა გილბერტი ოთხი წლის იყო, მისმა მშობლებმა ქალაქ ლიჩფილდში ნაძვის ხეების ფერმა შეიძინეს.[4] ოჯახი სოფელში გარესამყაროსაგან მოწყვეტილი ცხოვრობდა. მათ არ ჰყავდათ მეზობლები, სახლში კი ტელევიზორი და ფირსაკრავიც კი არ ჰქონდათ. ელიზაბეტი და მისი უფროსი და, ქეთრინი, თავს წიგნებისა და პიესების წერით იქცევდნენ.[3][4] მოგვიანებით გილბერტმა აღნიშნა, რომ მისი მშობლები არა ჰიპები, არამედ თანამედროვე პიონერები იყვნენ.[4]

გილბერტი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა.[3] იგი დარწმუნებული იყო, რომ მწერლობა სურდა, თუმცა უარს ამბობდა ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის გაკვეთილებზე დასწრებაზე, რის შესახებაც ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:„ვთვლიდი, რომ თუ წერა შემეძლო, გაკვეთილები არ მჭირდებოდა, ხოლო თუ ვერ ვწერდი, გაკვეთილებს არ ვიმსახურებდი.“[3] მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების ნაცვლად, გილბერტმა გადაწყვიტა განათლება ცხოვრებისეული გამოცდილების, მუშაობისა და მოგზაურობის საშუალებით მიეღო.[3]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეჯის შემდეგ გილბერტი ფილადელფიაში გადავიდა, სადაც მოგზაურობისთვის ფულის შესაგროვებლად მზარეულად, მიმტანად და ბარმენად მუშაობდა. ნიუ-იორკ ტაი,ზთან ინტერვიუში მწერალმა აღნიშნა, რომ მასზე გავლენა მოახდინა ერნესტ ჰემინგუეის ადრეულმა კარიერამ და მისმა მოთხრობათა კრებულმა „ჩვენს დროში“. გილბერტს სჯეროდა, რომ მწერლობისათვის აუცილებელი გამოცდილების მიღებას არა სემინარის ოთახში, არამედ სამყაროს შესწავლის პროცესში შეძლებდა.[4]

ჟურნალისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს ჟურნალში Esquire გილბერტის მოთხრობა „პილიგრიმები“ გამოქვეყნდა. სამწერლობო დებიუტის შემდეგ გილბერტმა დაიწყო მუშაობა სხვადასხვა ჟურნალებში, რომელთა შორის იყო SPIN, GQ და The New York Times Magazine.

ჟურნალ GQ-ში 1997 წელს გამოქვეყნებული გილბერტის სტატია „საძაგელი კოიოტის სალონის მუზა“, რომელიც მის ბარმენად მუშაობის გამოცდილებას ეფუძნება,[5] საფუძვლად დაედო 2000 წლის მხატვრულ ფილმს საძაგელი კოიოტი.

მწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წელს გილბერტმა პირველი წიგნი, მოთხრობათა კრებული „პილიგრიმები“, გამოაქვეყნა, რომელიც ჰემინგუეის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა. 2002 წელს გილბერტის ბიოგრაფიული რომანი „უკანასკნელი ამერიკელი კაცი“ გამოქვეყნდა, რომელიც წიგნის ეროვნულ ჯილდოზე იყო წარდგენილი. რომანი ჟურნალ GQ-ში 1998 წელს გამოქვეყნებული სტატიის ადაპტაციას წარმოადგენს და თანამედროვე ამერიკელი ნატურალისტის, იუსტის კონვეის, შესახებ მოგვითხრობს.[6]

2006 წელს გილბერტმა მემუარული რომანი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე: ერთი ქალის მოგზაურობა ყველაფრის საძიებლად“ გამოაქვეყნა, რომელიც მისი სპირიტუალური და პიროვნული თვითშემეცნების ქრონიკას წარმოადგენს. რომანი ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში 2006 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა და 2008 წლის ოქტომბერში ჯერ კიდევ მეორე ადგილს იკავებდა. 2010 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობათა კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „პილიგრიმები“ (1997)

ბიოგრაფიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „უკანასკნელი ამერიკელი კაცი“ (2002)

მემუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჭამე, ილოცე, შეიყვარე: ერთი ქალის მოგზაურობა ყველაფრის საძიებლად“

ცნობილი სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საძაგელი კოიოტის სალონის მუზა“ (1997)
  • „უკანასკნელი ამერიკელი კაცი“ (1998)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.huffpost.com/entry/elizabeth-gilbert-and-girlfriend-rayya-elias-hold-commitment-ceremony_n_59371a83e4b0ce1e7408a4ae
  2. The 2008 TIME 100. ტაიმი.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Elizabeth Gilbert, Zacharis Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-03. ციტირების თარიღი: 2021-02-18.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Eat, Pray, Love, Get Rich, Write a Novel No One Expects.
  5. The Muse of the Coyote Ugly Saloon. GQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-16. ციტირების თარიღი: 2021-02-18.
  6. The Last American Man. GQ (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-15. ციტირების თარიღი: 2021-02-18.