შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეთ პიერპონტი (ჰალის ჰერცოგინია)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰალის ჰერცოგინია

პორტრეტი, ფრენსის კოტსის მიერ შესრულებული
მმართ. წლები: 8 მარტი, 1769 წ. - 23 სექტემბერი, 1773 წ.
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 8 მარტი, 1721 წ.
დაბ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 26 აგვისტო, 1788 წ. (67 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ავგუსტუს ჰერვი, ბრისტოლის მესამე ერლი
ეველინ პიერპონტი, ჰალის მეორე ერლი
მამა: კოლონელი ტომას ჩადლი
დედა: ჰენრიეტა კლიფორდი

ელიზაბეტ პიერპონტი (ქალიშვილობაში ჩადლი), ჰალის ჰერცოგინია (დ. 8 მარტი, 1721 — გ. 26 აგვისტო, 1788) — ზოგჯერ იხსენიებოდა როგორც ბრისტოლის გრაფინიაც. ინგლისური სამეფო კარის წევრი და კურტიზანი, რომელსაც მისი თანამედროვენი სათავგადასავლო ცხოვრების წესის ტრფიალებით და დაუდგრომელი ხასიათით იცნობდნენ. იყო პოლკოვნიკ თომას ჩადლის ქალიშვილი (გ. 1726) და 1743 წელს უელსის პრინცესა ავგუსტას საპატიო მოახლედ დაინიშნა, სავარაუდოდ მისი მეგობრის, უილიამ პულტენის, ბათის პირველი ერლის წყალობით.[1]

1776 წელს ჩადლი მეორედ გათხოვდა, და რადგან მისი პირველი ქმარი კვლავ ცოცხალი იყო, ის მრავალქმრიანობის ბრალდებით, უესტმინსტერის ჰოლში გაასამართლეს. მის პროცესს 4000 მაყურებელი ესწრებოდა.

ქორწინება ავგუსტუს ჰერვისთან, ბრისტოლის მესამე ერლთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ ჩადლი 1721 წლის 8 მარტს დაიბადა. მისი მამა, პოლკოვნიკი თომას ჩადლი, ჩელსის სამეფო საავადმყოფოს ლეიტენანტი მმართველი გახლდათ; როდესაც ელიზაბეტი მხოლოდ ხუთი წლის იყო, თომასი გარდაიცვალა.

ჩადლის თაყვანისმცემლები არ აკლდა, და მათ შორის ჯეიმს ჰამილტონი, ჰამილტონის მეექვსე ჰერცოგი და ავგუსტუს ჰერვი, მოგვიანებით ბრისტოლის მესამე ერლი, იმ დროს კი, პირველი გრაფის უმცროსი შვილიშვილიც იყვნენ. 1744 წლის 4 აგვისტოს ის საიდუმლოდ გათხოვდა ჰერვიზე, ლეინსტონ ჰაუსში, კერძო აგარაკზე, რომელსაც თავისი სამრევლო ეკლესია ჰქონდა (წმინდა პეტრეს ეკლესია, ამჟამად დანგრეული), უინჩესტერთან ახლოს. საიდუმლოების შესანარჩუნებლად ქორწილი ღამით გაიმართა. მითქმა-მოთქმის თავიდან აცილების მიზნით, მათი კავშირი გასაიდუმლოებული დარჩა. ეს იმისთვისაც იყო საჭირო, რომ ჩადლის წარმატებით შეენარჩუნებინა პოსტი სამეფო კარზე. ქორწინების შემდეგ ჰერვი, საზღვაო ოფიცერი, კვლავ შეუერთდა თავის გემს და ინგლისში 1746 წლის მიწურულს დაბრუნდა.[1]

ქორწინება მძიმე აღმოჩნდა. წყვილი წლების განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდა. ფარულად დაქორწინებულებს, ოფიციალური განქორწინება არც სჭირდებოდათ,[1] თუმცა, 1759 წელს, როდესაც აღმოჩნდა, რომ შესაძლოა ჰერვი ძმის მემკვიდრე გამხდარიყო, ჩადლიმ მათი ქორწინების მტკიცებულება ლეინსტონის სამრევლო რეესტრში ახალი ჩანაწერის დართვით გააყალბა, რის შესახებაც მის მეუღლეს არაფერი გაუგია.[2]

ქორწინება ეველინ პიერპონტთან, კინგსტონ-ონ-ჰალის მე-2 ჰერცოგთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩადლიმ საკუთარი თავისაგან „მნიშვნელოვანი ფიგურა გამოჭრა“, რომ ბრიტანეთის მაღალ საზოგადოებას მორგებოდა. 1765 წელს, ბერლინში, მას პატივი ხვდა, ფრიდრიხ II დიდს შეხვედროდა. ამის შემდეგ ის ეველინ პიერპონტის, ჰალის მეორე ერლის საყვარელი გახდა.

ჰერვის ქორწინების დასრულება განქორწინებით სურდა, მაგრამ ჩადლის ერჩივნა, რომ საზოგადოებას ამის შესახებ საერთოდ არ გაეგო. მან სარჩელი აღძრა ჰერვის წინააღმდეგ - თავად ჰერვისთან შეთანხმებით - რომლითაც ის მას სთხოვდა, რომ მტკიცებულების გარეშე მათ „ქორწინებაზე“ საუბარი შეეწყვიტა.[3] მას შემდეგ, რაც ჰერვიმ 1769 წლის თებერვლის პროცესზე მათი შეუღლების დამამტკიცებელი დოკუმენტები ვერ წარადგინა, ჩადლიმ დაიფიცა, რომ ის გაუთხოვარი იყო და სასამართლომ ის თავისუფალ, გაუთხოვარ ქალად მიიჩნია.

ერთ თვეში ის ჰალზე გათხოვდა, და ელიზაბეტ პიერპონტი კინგსტონ-ონ-ჰალის ჰერცოგინია გახდა. ნაითსბრიჯზე, ქალაქ უესტმინსტერში, ჰერცოგმა მისთვის გრანდიოზული საქალაქო სახლი, სახელწოდებით ჩადლი-ჰაუსი ააშენა, რომელსაც მოგვიანებით კინგსტონ ჰაუსი უწოდეს.

ჰალი 1773 წელს გარდაიცვალა, და მან ჩადლის მთელი თავისი ქონება დაუტოვა - მხოლოდ იმ პირობით, რომ ქალი აღარ გათხოვდებოდა.

მრავალქმრიანობის ბრალდება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1775 წელს მისი პირველი ქმრის ძმა გარდაიცვალა და ჰერვი ბრისტოლის ერლი გახდა. ამის გამო, თუ ჩადლის ქორწინება ჰერვისთან კანონიერად ჩაითვლებოდა, მისი უარყოფების მიუხედავად ის ბრისტოლის გრაფინია ხდებოდა.

მას შემდეგ, რაც ეველინ მედოუმ (გ. 1826 წ.), მისი მეორე ქმრის ძმისშვილმა მის წინააღმდეგ მრავალქმრიანობის ბრალი წამოაყენა (იმ იმედით, რომ გარდაცვლილი ბიძამისის ანდერძს როგორმე შეცვლიდა), ჩადლი იძულებული გახდა, ინგლისში დაბრუნებულიყო. 1775 წელს მან წინა სასამართლოს დამოწმებით უშედეგოდ სცადა ბრალდების გაებათილება. მიუხედავად ამისა, 1776 წელს ის უესტმინისტერ ჰოლში გაასამართლეს და 116 მსაჯულიდან ყველამ დამნაშავედ ცნო. ჩადლიმ მაშინვე მოაგროვა ჰალის სიმდიდრე და ინგლისიდან გაიქცა, რომ მედოუს ოჯახთან ურთიერთობა აღარ დასჭირვებოდა.

შემდგომი ცხოვრება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ელიზაბეთ ჩადლი 1749 წლის მეჯლისზე

ჰალის გარდაცვალების შემდეგ ქალი საზღვარგარეთ გაემგზავრა. რომში სტუმრობისას იგი პაპმა კლემენტ მეთოთხმეტემ ჰერცოგინიას პატივით მიიღო.

ჩადლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კალეში ცხოვრობდა და სტეფანო ზანოვიჩის საყვარელიც გახდა. 1777 წელს, რუსეთის სამეფო კარზე მისი მიღების შემდეგ, წყვილმა ნავი ააშენებინა და კრონშტადტში, სანქტ-პეტერბურგის პორტში შესვლისას გრანდიოზული სანახაობა მოაწყო. ესტონეთში მან უძრავი ქონება შეიძინა: ტოილა, ორუ და ვოკა. მოგვიანებით სამივე ერთ მამულად გააერთიანა და „ჩადლი“ უწოდა. ის გეგმავდა, რომ ინგლისური საცხოვრებელი შეექმნა. ამის გამო სპეციალურად თავისი სამფლობელოსათვის ყიდულობდა სპანიელებს, პოინტერებს და მცენარეების უამრავ სხვადასხვა სახეობას.[4]

ჩადლი თავის თავს ცხოვრების ბოლომდე ჰალის ჰერცოგინიას უწოდებდა, ბევრს მოგზაურობდა, და სენ-ასიზში, პარიზის მახლობლად, 1788 წლის 26 აგვისტოს, კანონის თვალში უფროსი გრაფინია ბრისტოლის სახელით გარდაიცვალა (რადგან ჰარვი 1779 წელს დაღუპულიყო).

  • Heppenstal, Rayner, Tales from the Newgate Calendar: True stories of crime and punishment, Futura 1983
  • Jesse, John Heneage, Memoirs of the Court of England 1688-1760, vol. iv. (1901)
  • Gervat, Claire, Elizabeth: The Scandalous Life of an Eighteenth-Century Duchess (London: Century, 2003, ISBN 978-0-7126-1451-1)
  • Ostler, Catherine, The Duchess Countess|The Duchess Countess: The Woman Who Scandalized Eighteenth-Century London (New York: Atria Books, 2022, ISBN 9781982179731)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Chisholm 1911.
  2. Heppenstal quotes a detailed account of this incident from Melville, L, Notable Brit Trials, vol. 182: The Trial of the Duchess of Kingston (Edinburgh: William Hodge & Co., 1927)
  3. The Bigamous Duchess of Kingston, University of Nottingham Manuscripts and Special Collections
  4. O'Brien, Michael (2010). Mrs. Adams in Winter: A Journey in the Last Days of Napoleon. NY: Farrar, Straus and Giroux, გვ. 71ff., esp. 74.