შინაარსზე გადასვლა

ელიზაბეთ კენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეთ კენი
ინგლ. Elizabeth Kenny
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1880(1880-09-20)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Warialda[4]
გარდაცვალების თარიღი 30 ნოემბერი, 1952(1952-11-30)[2] [3] [1] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტუვუმბა
საქმიანობა მედდა[5]
მოქალაქეობა  ავსტრალია
ჯილდოები ვიქტორიის საპატიო ქალების სია[6]

ელიზაბეთ კენი (ინგლ. Elizabeth Kenny ; დ. 20 სექტემბერი, 1880, ვარიალდა – გ. 30 ნოემბერი, 1952, ტუვუმბა ) – ავსტრალიელი თვითნასწავლი ექთანი და მწერალი. შეიმუშავა პოლიომელიტის მკურნალობის საკუთარი მეთოდი, რამაც იმ დროს მწვავე კამათი გამოიწვია. კერძოდ, ავსტრალიის სამედიცინო საზოგადოებამ მის უჩვეულო პროცედურებს უწოდა „საშიში, დესტრუქციული, ძვირი და სასტიკი.“ ავსტრალიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მუშაობის პერიოდში მისი მიდგომა განსხვავდებოდა დაზიანებულ კიდურებზე თაბაშირის დადების ჩვეულებრივი მეთოდისგან. ამის ნაცვლად, იყენებდა ცხელ კომპრესებს და შემდეგ პასიურად ამოძრავებდა დაზიანებულ უბნებს, მიერ ე.წ. „ სპაზმის“ შესამცირებლად. [7]კუნთების რეაბილიტაციის მისი პრინციპები გახდა ფიზიოთერაპიის საფუძველი.

ელიზაბეთ კენის ცხოვრების ისტორია მოთხრობილია 1946 წელს გადაღებულ ფილმში Sister Kenny. ელიზაბეთს განასახიერებს როზალინდ რასელი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ კენი დაიბადა 1880 წლის 20 სექტემბერს ქალაქ ვარიალდაში (ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია). ირლანდიური წარმოშობის ფერმერის, მაიკლ კენის და შოტლანდიელი მერი კენის (ქორწინებამდე - მური; 1844-1937) ოჯახში. თავდაპირველად, გოგონას სწავლით დედა იყო დაკავებული, შემდეგ შევიდა ქალაქ გუირას სკოლაში, ხოლო მოგვიანებით — ოჯახის ქვინზლენდის შტატში გამგზავრების შემდეგ — ქალაქ ნობის სკოლაში.

17 წლის ასაკში კენიმ ცხენიდან ჩამოვარდნისას მაჯა მოიტეხა. მამამ წაიყვანა იგი ექიმ ენეა მაკდონელთან ტუვუმბაში, სადაც გოგონა გამოჯანმრთელებამდე დარჩა და სწორედ იქ დაინტერესდა წიგნებით ადამიანის ანატომიის შესახებ, გაეცნო კუნთების მუშაობას და გაუჩნდა მედიცინისადმი სიყვარული. კენის მთელი ცხოვრების მანძილზე მაკდონელი იყო მისი მეგობარი, მენტორი და მრჩეველი.

კენიმ მალე მიიღო რელიგიის სწავლების პედაგოგის სერტიფიკატი სახალხო განათლების მინისტრისგან და დაიწყო მუშაობა ქალაქ როკფილდის საკვირაო სკოლაში. გოგონამ დამოუკიდებლად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა, თავი „მუსიკის მასწავლებლად“ წარადგინა და კვირაში რამდენიმე საათი მუსიკას ასწავლიდა.

1907 წელს ელიზაბეთი დაბრუნდა გუირაში და საკმაოდ წარმატებით შეუდგა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას გუირასა და ბრისბენს შორის. შემდეგ მუშაობდა ადგილობრივ კოტეჯის ტიპის საავადმყოფოში მზარეულად. მან ადგილობრივ მკერავს ექთნის ფორმა შეაკერინა და სამედიცინო პერსონალის ქმედებებს ყურადღებით აკვირდებოდა. ელიზაბეთმა თავი საკმარისად გამოცდილად ჩათვალა, დაბრუნდა ნობიში და დაიწყო მუშაობა ადგილობრივ საავადმყოფოში. პაციენტებთან უდაბნოში ფეხით ან ცხენებით დადიოდა. 1911 წლის ნოემბერში მან გახსნა კოტეჯის ტიპის საავადმყოფო ქალაქ კლიფტონში. იქ შეუდგა პოლიომიელიტიანი პაციენტების ახლებურად მკურნალობას: დაჭიმულ კუნთებზე ადებდა შალის გადასაფარებლისგან დამზადებულ ცხელ კომპრესებს, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და გოგონამ მიიღო  „მოწყალების დის“ წოდება, რადგან ოსტატურად ეხმარებოდა დაჭრილ ჯარისკაცებს, რომლებიც სატვირთო გემებით გადაჰყავდათ ინგლისსა და ავსტრალიას შორის. ეს „საპატიო ტიტული“ (ინგლისურად: Sister) ენიჭებათ მაღალკვალიფიციურ ექთნებს და „მატრონას“ (ინგლისურად: Matron) წოდებას მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩება.

1915 წელს კენი გაემგზავრა ევროპაში, როგორც მოხალისე მედდა. მას არ გააჩნდა კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ იმ დროს ექთნები არ ჰყოფნიდათ და კენი სამუშაოდ გაგზავნეს  „ჩაბნელებულ გემებზე“ — ეს იყო  ნელა მოძრავი ჩაბნელებული ტრანსპორტი, რომელიც დადიოდა ავსტრალიასა და ინგლისს შორის, გადაჰქონდა სამხედრო მარაგი, გადაჰყავდა ჯანმრთელი და დაჭრილი ჯარისკაცები.

კენი ასრულებდა ამ სახიფათო სამუშაოს მთელი ომის განმავლობაში, 16 - ჯერ იმყოფებოდა მისიაში გემზე მსოფლიოს გარშემო (პლუს ერთი პანამის არხის გავლით). 1917 წლის 1 ნოემბერს მას ოფიციალურად მიენიჭა „მოწყალების დის“ წოდება, რაც ავსტრალიის სამეფო არმიის საექთნო კორპუსში „პირველი ლეიტენანტის“ წოდების ტოლფასია. ომის დასასრულს, მატრონას რანგში (მედდა) რამდენიმე თვის განმავლობაში მსახურობდა ბრიზბენის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში. 1919 წლის მარტში კენი საპატიოდ გაუშვეს თადარიგში და მიიღო პენსია.

ომის შემდგომი პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის შემდეგ კენი დაბრუნდა ნობიში, სადაც გახსნა "დროებითი საავადმყოფო" ესპანური გრიპის პანდემიის დროს. 1920-იან წლებში მან გააუმჯობესა პაციენტების გადასაყვანი საკაცეები და 1927 წელს დააპატენტა "Sylvia Stretcher"-ის ბრენდის სახელწოდებით. საკაცეები წარმატებით იყიდებოდა როგორც ავსტრალიაში, ასევე ევროპასა და აშშ-ში; მან მთელი შემოსავალი გადასცა სოფლის ქალთა ასოციაციას.

1925 წლის აპრილში კენი გახდა კვინზლენდის ქალთა ასოციაციის ნობის ფილიალის პირველი პრეზიდენტი.

1935-დან 1940 წლამდე კენი ბევრს მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნა ახალი საავადმყოფოები, ასევე ორჯერ გაემგზავრა ინგლისში.

1940 წელს, ახალი სამხრეთ უელსის მთავრობამ ელიზაბეთი და მისი ნაშვილები ქალიშვილი მერი (რომელიც მაშინ უკვე საკმაოდ პროფესიონალი ექთანი იყო) გაგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ამერიკელი ექიმებისთვის ეჩვენებინათ პოლიომიელიტის მკურნალობის მეთოდი. კენის პატივით დახვდნენ მაიოს კლინიკაში (მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო და კვლევითი ცენტრი) როჩესტერში, მინესოტაში. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ექიმებმა დაარწმუნეს ელიზაბეთი და მერი შეერთებულ შტატებში დარჩენილიყვნენ, მათ მინეაპოლისში ბინა გადასცეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქალაქის მთავრობამ ქალებს სახლი მისცა. კენი ცხოვრობდა მინეაპოლისში 1951 წლამდე.

ამ დროის განმავლობაში, კენის მკურნალობის რამდენიმე ცენტრი გაიხსნა მთელ ამერიკაში, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო „მოწყალების და კენის ინსტიტუტი“ მინეაპოლისში (გაიხსნა 1942 წლის 17 დეკემბერს; ახლა ეწოდება „მამაცი კენის სარეაბილიტაციო ინსტიტუტი“). ელიზაბეთმა მიიღო რამდენიმე საპატიო წოდება რატგერსის და როჩესტერის უნივერსიტეტებიდან. იგი ლანჩზე მიიწვიეს აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტთან, რომლის პარალიზება, სავარაუდოდ პოლიომიელიტით იყო გამოწვეული.

1951 წელს კენი მოექცა გელაპის ინსტიტუტის „ყველაზე საპატივსაცემო  მამაკაცებისა და ქალების“ სიის სათავეში, ჩაანაცვლა რა ელეონორ რუზველტი. შეერთებულ შტატებში მისი მუშაობის მხარდასაჭერად, მინეაპოლისში დაარსდა Sister Kenny Foundation. 1950 წლის თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კენის ნებას რთავდა შეერთებულ შტატებში უვიზოდ შესულიყო და ქვეყნიდან გასულიყო სურვილისამებრ — პატივი, რომელიც მანამდე ერგო მხოლოდ ერთ ადამიანს ფრანგ ჟილბერ ლაფაიეტს, ამერიკის რევოლუციური ომის გმირს.

ბოლო წლები და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი ცხოვრების ბოლო წლებში კენი მოგზაურობდა ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში. იგი წარუმატებლად ცდილობდა დაერწმუნებინა სამედიცინო მკვლევრები მთელს მსოფლიოში, რომ პოლიომიელიტი „სისტემური დაავადებაა“. ამ დროისთვის კენი იტანჯებოდა პარკინსონის დაავადებით, მაგრამ მოახერხა მელბურნში ცნობილ ვირუსოლოგ ფრენკ ბერნეტთან შეხვედროდა, რომელმაც შემდგომში საკუთარ ავტობიოგრაფიაში ელიზაბეთ კენისთან შეხვედრას დაუვიწყარი უწოდა.

კენის ასევე დაუსვეს ცერებრალური თრომბოზის დიაგნოზი. ქალის სიცოცხლის გადარჩენის მცდელობისას სამედიცინო მკვლევარმა ირვინგ ინერფილდმა გაუგზავნა ექსპერიმენტული ტრიპსინზე დაფუძნებული საკუთარი ექსპერიმენტული პრეპარატი ნიუ-იორკიდან ბრიზბენში ექსპრეს საჰაერო ფოსტით. პრეპარატი პაციენტს შეუყვანეს 1952 წლის 29 ნოემბერს, მაგრამ დაავადება უკვე უკიდურესად იყო გამწვავებული და ელიზაბეთ კენი გარდაიცვალა მეორე დღეს ტუვუმბას საავადმყოფოში. იგი დაკრძალეს იქვე, ტუვუმბაში, დედის გვერდით, ცერემონია გადაიღო ამერიკის ხმამ, რათა რეპორტაჟი გაეშვათ ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში და აშშ-ში.

პოლიომიელიტიანი პაციენტებისთვის იმდროინდელი მკურნალობის სტანდარტული პროტოკოლი მოითხოვდა დასვენებას და სახსრების მოძრაობის შეზღუდვას —მოძრაობა და ვარჯიში სახიფათო იყო დაზიანებული ქსოვილებისთვის. 6-9 თვის განმავლობაში, ხშირად ერთი ან ორი წლის განმავლობაში, სანამ პაციენტს გადაადგილების უფლებას მისცემდნენ, მას ადებდნენ შლიტებს, თაბაშირს ან აყენებდნენ აპარატს [8] დაზიანებული ორგანოების, მათ შორის კიდურების, ხერხემლის ან გულმკერდის იმობილიზაციისთვის. პაციენტები ყოველდღიურ ყოფასა თუ სარეაბილიტაციო ვარჯიშების დროს დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ მოძრაობის შემზღუდველ მოწყობილობებს. [9]

ელიზაბეტ კენი ამტკიცებდა, რომ პაციენტებს სჭირდებოდათ ენერგიული მასაჟი და პარალიზებული კიდურების მანიპულირება. მათზე პირველი დაკვირვების დროს კენიმ შენიშნა, რომ დაავადების მწვავე ფაზაში პაციენტების დაზიანებული კუნთები ზედმეტად დაძაბული იყო (ამ ფენომენს სპაზმი უწოდა). კუნთებში სისხლის მიმოქცევა დაქვეითებული იყო, ისინი მტკივნეული იყო და მედდას სჯეროდა, რომ საჭირო იყო კუნთოვანი ბოჭკოების მოდუნება დაზიანებულ ორგანოებში სისხლის მიწოდების გასაუმჯობესებლად. იგი სხეულის მტკივნეულ ნაწილებზე მასაჟს ატარებდა და ამოძრავებდა რამდენ ხანსაც პაციენტი მოითმენდა — ჯერ პასიურად, შემდეგ აქტიურად. კენის ჰქონდა სრული კონტროლი მკურნალობის კურსზე და თუ პაციენტი ტკივილს ვერ უძლებდა, მაშინვე წყვეტდა ფიზიოთერაპიას. სამედიცინო პროტოკოლთან შედარებით, მისი მეთოდები ძალიან მარტივი ჩანდა, მაგრამ ისინი ეფუძნებოდა საბაზისო მიდგომებს: ინტენსიურ კლინიკურ დაკვირვებას და შრომატევად ფიზიოთერაპიას.[10]

აღიარება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვიდა ბიოგრაფიული ფილმი Sister Kenny, სადაც როზალინდ რასელი თამაშობდა ელიზაბეტ კენის როლს. [11][12]

1949 წელს გაიხსნა კენის მემორიალი და მისი სახელობის საბავშვო მოედანი გაიხსნა თაუნსვილში, ქვინზლენდი.

1997 წლის 5 ოქტომბერს ნობში პროფესორმა ჯონ პერნიმ გახსნა ელიზაბეთ კენის სახელობის მემორიალური სახლი. ტუვუმბაში, ელიზაბეტ კენის მემორიალურმა ფონდმა დააწესა სტიპენდია სამხრეთ კვინზლენდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რომლებიც მზად არიან იმუშაონ ავსტრალიის სოფლად და შორეულ რაიონებში.

  1. 1 2 Rogers K. Encyclopædia Britannica
  2. 1 2 SNAC — 2010.
  3. 1 2 Base biographique — BIU Santé.
  4. ↑ https://rua.ua.es/dspace/bitstream/10045/22307/3/CC_32_08.pdf
  5. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #133848779 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. ↑ https://www.vic.gov.au/sister-elizabeth-kenny
  7. ↑ Р. Л. Картрайт. Sister Kenny Institute revolutionized treatment of polio patients(ინგლისური) // MinnPost [] // 27 ноября 2012 // Архивировано из первоисточника 2 марта 2020
  8. ↑ Richard Longley. Toronto pandemics past: polio the paralyzer. ციტირების თარიღი: 2022-06-21.
  9. ↑ Ross Patrick. Kenny, Elizabeth (1880–1952). ციტირების თარიღი: 2022-06-21.
  10. ↑ Debra Curties. Elizabeth Kenny: Manual Therapy Innovator. Sutherland-Chan School of Massage Therapy. ციტირების თარიღი: 2022-06-21.
  11. ↑
  12. ↑