ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი
| ელიზაბეთ ვიჟე-ლებრენი | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 16 აპრილი, 1755[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] |
| დაბადების ადგილი | პარიზი[8] [9] [10] |
| გარდაიცვალა | 30 მარტი, 1842[2] [3] [4] [6] [7] (86 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პარიზი[8] [10] |
| ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, პორტრეტი[10] და პეიზაჟი[11] |

მარი-ელიზაბეთ-ლუიზა ვიჟე-ლებრენი (ფრანგ. Élisabeth-Louise Vigée-Le Brun, დ. 16 აპრილი, 1755, პარიზი — გ. 30 მარტი, 1842, პარიზი) — ფრანგი მხატვარი, პორტრეტების ოსტატი და დეტალური მემუარების ავტორი. იგი იყო პორტრეტისტ ლუი ვიჟეს ქალიშვილი, მწერლ ეტიენ ვიჟეს და და მხატვრისა და ხელოვნების ნიმუშების ვაჭრის, ჟან-ბატისტ ლებრენის მეუღლე. ელიზაბეტის დედა, ჟანა მასენი, პარიკმახერი იყო. იგი დედოფალ მარი-ანტუანეტის საყვარელი მხატვარი იყო, თუმცა რევოლუციის შემდეგ ვიჟე-ლებრენი იძულებული გახდა საფრანგეთი დაეტოვებინა. 1790-იანი წლების ბოლოს იგი რუსეთში მუშაობდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელიზაბეთ ლებრენი ფერწერას თავისი მამის, მხატვარ ლუი ვიჟეს (1715–1767) ხელმძღვანელობით სწავლობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1767 წელს, მან სწავლა განაგრძო ფრანსუა დუიენთან, რომელიც მათი ოჯახის მეგობარი იყო. 1769 წელს, დუიენის რჩევით, დაიწყო გაკვეთილები გაბრიელ ბრიართან, რამაც ხელი შეუწყო მისი პროფესიული უნარების სრულყოფას.
იმის წყალობით, რომ ბრიარს, რომელიც სამეფო ფერწერის აკადემიის წევრი იყო, ლუვრში საკუთარი სახელოსნო ჰქონდა, ვიჟემ შეძლო გაეცნო ისეთი ოსტატების ხელოვნება, როგორებიც იყვნენ ჟან-ბატისტ გრუზი და კლოდ ჟოზეფ ვერნე, რომლებიც მას რჩევებითაც ეხმარებოდნენ.
უკვე 1760-იანი წლების ბოლოს ის საკმაოდ პროფესიონალურად ხატავდა: მისი წარმატების ირიბი დასტურია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა მხატვრის სახელოსნო ხელისუფლებამ დახურა, რადგან მას არ ჰქონდა შესაბამისი პატენტი.
1770-იან წლებში ვიჟეს ოჯახი დასახლდა პარიზის სენტ-ონორეს ქუჩაზე, სამეფო სასახლის პირდაპირ და თხუთმეტი წლის მხატვარმა მალე შეკვეთების მიღება დაიწყო .
ამ პერიოდში ვიჟე ორი უმდიდრესი პარიზელი ქალბატონის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა: მადამ დე ვერდენის, გენერალური გადასახადების ამკრეფის ცოლის, და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პრინცესა მარი ადელაიდა დე ბურბონის, ორლეანის ჰერცოგის (შემდგომში მეფე ლუი ფილიპ II) მეუღლის, რომელიც მხატვარზე მხოლოდ ორი წლით უფროსი იყო.
ვიჟე ხშირად უარს ამბობდა პორტრეტების შეკვეთებზე თაყვანისმცემლებისგან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ მასთან შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ იგი წვრილი ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო, შეძლო ადგილი დაემკვიდრებინა ფრანგი არისტოკრატების წრეში, რომელთა შორის იყვნენ მეფე ლუი XVI, მისი ძმები და დები, ასევე დედოფალი და სამეფო ოჯახის სხვა გამოჩენილი წევრები, რომლებიც ერთ თაობას წარმოადგენდნენ.
1776 წელს ელიზაბეთ ვიჟე დაქორწინდა მხატვარ და ფერწერის მოვაჭრე ჟან-ბატისტ-პიერ ლებრენზე (1748–1813). 1780 წელს მათ ქალიშვილი, ჟულია, შეეძინათ.
მეუღლის კავშირებმა, რომელიც შარლ ლებრენის ოჯახიდან იყო, კიდევ უფრო გააძლიერა ახალგაზრდა პორტრეტისტის პოპულარობა ფრანგ არისტოკრატიულ წრეებში. საბოლოოდ, ვიჟე-ლებრენი ვერსალში მიიწვიეს, რათა დედოფლის პორტრეტი დაეხატა.
მარია-ანტუანეტამ მხატვრის ნამუშევარს მაღალი შეფასება და ახალი შეკვეთებიც მისცა. 1783 წელს, დედოფლის გავლენის წყალობით, ვიჟე-ლებრენი მიიღეს სამეფო ფერწერისა და ქანდაკების აკადემიის წევრად.
1780-იანი წლებიდან ვიჟე-ლებრენი ხშირად მოგზაურობდა ევროპაში (ხშირად მეუღლესთან ერთად) და მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში.
ამ მოგზაურობების განმავლობაში მან შექმნა მრავალი მეფისა და არისტოკრატის, სახელმწიფო მოღვაწისა და გამოჩენილი პიროვნების პორტრეტი. მაგალითად, ჰოლანდიაში მან დახატა მომავალი მეფე ვილემ I, ხოლო რუსეთში 1795-1799 წლებში – პოლონეთის უკანასკნელი მეფე სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი, დიდი თავადის ასული ანნა ფიოდოროვნა (დიდი მთავრის კონსტანტინე პავლოვიჩის მეუღლე) და იმპერატორის ოჯახის სხვა წევრები.
ვიჟე-ლებრენი სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ სამხატვრო აკადემიებში საპატიო წევრად აირჩიეს.
ამგვარად, საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის გადალახვის შემდეგ, ვიჟე-ლებრენი ნაპოლეონ ბონაპარტის მოწვევით საფრანგეთში დაბრუნდა და 1814 წლამდე ძირითადად თავის მამულში, ლუვესიენში ცხოვრობდა. როდესაც მოკავშირეთა ჯარებმა პარიზისკენ დაიწყეს მოძრაობა და მისი მამული პრუსიის არმიამ დაიკავა, იგი პარიზში დაბრუნდა.
ვიჟე-ლებრენმა დატოვა ვრცელი მემუარები, რომელიც საფრანგეთში 1835-1837 წლებში გამოიცა. მათი რუსული ნაწილი, სახელწოდებით „მადამ ვიჟე-ლებრენის მოგონებები მისი ყოფნის შესახებ სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, 1795-1801 წლებში: პრინცესა კურაკინასადმი მიწერილი მისი წერილების დანართით“, რუსულად თარგმნილი და გამოცემულია (სანქტ-პეტერბურგი: ხელოვნება-სპბ., 2004. — 298 გვ.).
ვიჟე-ლებრენმა დააარსა და გარდაცვალების შემდეგ უანდერძა ყოველ წელს 100 ფრანკი, ოქროს მედლის მოსაჭრელად, რომელიც ენიჭებოდა სანქტ-პეტერბურგის იმპერატორის ხელოვნების აკადემიის ერთ-ერთ სტუდენტს ფერწერის კლასიდან.

შემოქმედება. შეფასება და კრიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიჟე-ლებრენი საოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მისი თქმით, ცხოვრების განმავლობაში მან შექმნა 662 პორტრეტი და დაახლოებით 200 პეიზაჟი.
მისი ფერწერის მანერა ნათელი და ზუსტია, ხოლო ყველაზე სიცოცხლით სავსე მისი ავტოპორტრეტებია, რომლებიც მხატვარმა დიდი რაოდენობით და დიდი სიამოვნებით შექმნა.
ვიჟე-ლებრენი გვიანდელი კლასიციზმის ეპოქაში მუშაობდა, თუმცა მისი პოპულარობა იმით იყო განპირობებული, რომ მან მოახერხა დროული ტენდენციების — კლასიციზმისა და სენტიმენტალიზმის — გაერთიანება საკუთარ ხელოვნებაში.[12]
მისი შემოქმედებითი მეთოდი გარკვეულწილად შეიცავდა რომანტიზმის ელემენტებს, თუმცა იგი არასოდეს აცმევდა თავის პერსონაჟებს ისტორიულ კოსტიუმებს. მიუხედავად ამისა, მაგალითად, ლედი ჰამილტონი დახატა სიბილად ან ბაჩანტად, ხოლო მწერალი ჟერმენ დე სტალი – მისი საკუთარი რომანის გმირის, პოეტესა კორინას, სახით.
ვიჟე-ლებრენი ყველგან დიდ წარმატებას აღწევდა. მას შესანიშნავად ჰქონდა განვითარებული ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენისა და მათთვის თავის მოწონების უნარი. ეს თვისება მან ჟან-ბატისტ გრუზისგან შეითვისა, რომლის ნახატებსაც ხშირად კოპირებდა.
„ისევე როგორც გამოცდილი პარიკმახერი ან რეტუშერი, მხატვარი ნებისმიერი მოდელის გარეგნობას დროის მოდის შესაბამისად ალამაზებდა“.[13]
1795-1801 წლებში, როცა მხატვარი სანქტ-პეტერბურგში მუშაობდა, მან დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა საინტერესოა, რომ მიუხედავად მისი პოპულარობისა არისტოკრატიულ წრეებში, მისი ფერწერის მანერულობამ იმპერატრიცა ეკატერინე II-ის უკმაყოფილება გამოიწვია.
ეკატერინე II, რომელიც „რომაული სტილის რომანტიკული კლასიციზმის“ მხარდამჭერი იყო, აღშფოთდა და ბარონ გრიმისადმი მიწერილ წერილში გაკიცხა ვიჟე-ლებრენი, რადგან მხატვარმა მისი შვილიშვილები, დიდი ჰერცოგინიები, „მაიმუნის პოზებში“ (ფრანგ. attitudes de singe) დახატა.[14][15][16][17]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მადამ გრანდ, 1783, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.
- თავადის ასულ ალექსანდრა გოლიცინას პორტრეტი ვაჟთან, პეტრესთან ერთად. 1794 წელი, პუშკინის მუზეუმი, მოსკოვი.
- გრაფ ივანე ივანეს ძე შუვალოვის პორტრეტი. დაახლოებით 1797 წელი, ჩრდილოეთ კაროლინის სამხატვრო მუზეუმი, რალი, აშშ.
- თავადის ასულ ეკატერინე ილინის ასული კუტუზოვას პორტრეტი, ფელდმარშალ მიხეილ კუტუზოვის მეუღლე, 1797 წელი.
- თავადის ასულ გოლიცინას პორტრეტი, 1798 წელი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Золотов Ю. К. Французский портрет XVIII века / Ю. К. Золотов. — М. : Искусство, 1968. — 275 с. : ил. — (Из истории мирового искусства). — OCLC 567935709.
- Макфол Х. Виже Лебрен : [Биогр. очерк] / [Соч.] С. Макфола; Пер. Е. Боратынской. — М. : Ю. И. Лепковский, 1909. — 80 с. : 1 л. фронт. (цв. портр.), 7 л. цв. ил. — (Художественная библиотека ; № 8).
- Беляев Н. С. Почетные вольные общники Императорской Академии художеств : краткий биографический справочник / Библиотека Российской академии наук ; автор-составитель Н. С. Беляев. — СПб. : БАН, 2018. — С. 164–165. — 326 с. — 300 экз. — ISBN 978-5-336-00234-8. — OCLC 1083287293.
- Виже-Лебрён Мари Луиз Элизабет : [арх. 15 июня 2024] / А. М. Муратов // Великий князь — Восходящий узел орбиты. — М. : Большая российская энциклопедия, 2006. — С. 270. — (Большая российская энциклопедия : [в 35 т.] / гл. ред. Ю. С. Осипов ; 2004—2017, т. 5). — ISBN 5-85270-334-6.
- Сомов А. И. Лебрен, Елизабета-Луиза // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1896. — Т. XVII. — С. 424–425.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Elisabeth Vigée-Le Brun
- 1 2 Elisabeth Louise Vigée-Lebrun — 2008.
- 1 2 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ SNAC — 2010.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 3 abART
- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #118768417 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ http://arts-graphiques.louvre.fr/detail/artistes/1/2669-VIGEE-LEBRUN-Elisabeth
- 1 2 3 RKDartists
- ↑ https://www.grandpalais.fr/fr/article/qui-est-elisabeth-louise-vigee-le-brun
- ↑ Кожина Е. Ф. Искусство Франции XVIII века. Л.: Искусство, 1971. — С. 157—158
- ↑ Власов В. Г. Виже-Лебрён, Элизабет-Луиз // Стили в искусстве. В 3-х т. — СПб.: Кольна. Т. 2. — Словарь имён, 1996. — С. 198
- ↑ Власов В. Г. Россика — деятельность иностранных мастеров в России // Власов В. Г. Искусство России в пространстве Евразии. — В 3-х т. — СПб.: Дмитрий Буланин, 2012. — Т. 2. — C. 253
- ↑ Госпожа Виже-Лебрен в России. Извлечение из её воспоминаний // Древняя и Новая Россия. 1876, № 10. — С. 187—193
- ↑ Наше наследие. 1992. — № 25; 1993, № 26
- ↑ Мюллер А. П. Быт иностранных художников в России. — Л.: ACADEMIA, 1927