ელექტრული აკუმულატორი
ელექტრული აკუმულატორი — დენის ქიმიური მრავალჯერადი გამოყენების წყარო, რომელსაც აქვს უნარი დააგროვოს ელექტრული ენერგია (გადააქციოს ქიმიურად) და საჭიროებისას გასცეს იგი გარე წრედში. გამოიყენება სხვადასხვა ელექტრული მოწყობილობებში როგორც ავტონომიური კვების წყარო.
ელექტრული აკუმულატორის შესაქმნელად პირველი ცდები ჩაატარეს ვ. პეტროვმა და ი. რიტერმა XIX საუკუნის დასაწყისში. ელექტრული აკუმულატორის თვისებათა შესწავლასა და მისი ახალი კონსტრუქციების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერებს ე. ლენცს, უ. გროვს, გ. პლანტეს, დ. ლაჩინოვს, ე. ტვერიტინოვს, პ. იაბლოჩკოვს და სხვებს.
ელექტრული აკუმულატორი წარმოადგენს საიზოლაციო მასალისაგან (ებონიტი, პლასტმასა, მინა) დამზადებულ ჭურჭელს, რომელშიც ჩასხმულია ელექტროლიტი (მჟავა, ტუტე) და ჩადებულია ელექტროდები. გარე წრედთან ელექტროდების შერთვით აკუმულატორში დენი გაივლის და იგი განიმუხტება, ამავე დროს ქიმიური ენერგია გარდაიქმნება ელექტრულ ენერგიად. განმუხტული ელექტრული აკუმულატორი, რომ დაიმუხტოს და ელექტრული ენერგია, რომ ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნეს, მასში მუდმივი დენი უნდა გავატაროთ. განასხვავებენ ტყვიის (მჟავური), კადმიუმ-ნიკლის, რკინა-ნიკლის, ვერცხლ-ნიკლის, ვერცხლ-კადმიუმის (ტუტე) აკუმულატორებს.
ელექტრული აკუმულატორის მახასიათებლებია:
- მუშაობის ვადა (დამუხტვა-განმუხტვის შესაძლო ციკლთა რაოდენობა);
- ელექტრული ტევადობა (კულონებით, კილოკულონებით, ან ამპერ-საათებით), რომელსაც ის გასცემს განმუხტვის დროს;
- კუთრი ენერგია (ჯოულებით, კილოჯოულებით ან ვატ-საათებით), რომელიც აირთმევა 1 კგ მასიდან;
- გაცემული ენერგიის მიხედვით (მქკ) (1 ა·სთ=3600 კ; 1 ვტ·სთ=3600 ჯ.)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 119-120.