ელეფთერ ღვალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელეფთერ ღვალაძე (დ. 1879, სოფელი მორძგვეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 1955, თბილისი) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, გამოჩენილი მეცნიერ-ბიოქიმიკოსის, პროფესორ ვარლამ ღვალაძის (1893-1944) უფროსი ძმა.

დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ მორძგვეთში, სადაც მსახურობდა მამამისი, დეკანოზი ზაქარია ღვალაძე. წარმოშობით ელეფთერ ღვალაძე იყო სოფელ სვერიდან (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

1900 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია და იმავე წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. იგი იყო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი (ამ სასწავლებელში ასწავლიდნენ ცნობილი პედაგოგები და საზოგადო მოღვაწეები ივანე (ვანო) გომელაური, ნიკო ჯაყელი, ანტონ ჟორჟოლიანი და სხვ.). ელ. ღვალაძე არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და ამ საზოგადოების ჭიათურის განყოფილების მდივნად. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან, აკაკი წერეთელთან, ვასილ წერეთელთან, კიტა აბაშიძესთან, გიორგი ზდანოვიჩთან (მაიაშვილი) და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან. 1907 წელს ხელმძღვანელობდა ჭიათურის პედაგოგთა დელეგაციას ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე.

1920–იანი წლების დამლევიდან მოღვაწეობდა თბილისში. არჩეული იყო საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების წევრად.