ელეონორა სიცილიელი
ელეონორა სიცილიელი | |
---|---|
| |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აგვისტო, 1349 |
მმართ. დასასრული: | 20 აპრილი, 1375 |
წინამორბედი: | ლეონორ პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | სიბილა დე ფორტია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1325 |
დაბ. ადგილი: | პატერნო, სიცილია, იტალია |
გარდ. თარიღი: | 20 აპრილი, 1375 (49-50 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლერიდა, კატალონია, ესპანეთი |
მეუღლე: | პედრო IV, არაგონის მეფე |
შვილები: |
ხუან I, არაგონის მეფე მარტინი, არაგონის მეფე ელეონორა, კასტილიის დედოფალი |
დინასტია: | ბარსელონელები |
მამა: | პიეტრო II, სიცილიის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ კარინტიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ელეონორა სიცილიელი (იტალ. Eleonora di Sicilia, ესპ. Leonor de Sicilia; დ. 1325, პატერნო, სიცილია, იტალია – გ. 20 აპრილი, 1375, ლერიდა, კატალონია, ესპანეთი) — ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. სიცილიის მეფე პიეტრო II-ის ასული. არაგონის მეფე პედრო IV-ის მესამე ცოლი 1349-1375 წლებში. არაგონის ორი მეფის: ხუან I-ისა და მარტინის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელეონორა დაიბადა 1325 წელს სიცილიის სამეფოს ქალაქ პატერნოში. იგი სიცილიის მეფე პიეტრო II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეთ კარინტიელის მეორე შვილი იყო.
1349 წლის 27 აგვისტოს ქალაქ ვალენსიაში ელეონორა დაქორწინდა არაგონის მეფე პედრო IV-ზე, რომელიც უკვე ორჯერ იყო დაქვრივებული. ელეონორასთან ქორწინება მას სიცილიის ტახტზე საკუთარი უფლებების განმტკიცებაში ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ქორწინებიდან მეფე პედროს ორი ქალიშვილი ჰყავდა: კონსტანსია და ხუანა, თუმცა არცერთი ვაჟი, რის გამოც მემკვიდრის გაჩენის პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრა.
ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში ელეონორამ თავისი პირველი შვილი, ინფანტი ხუანი გააჩინა, რამაც არაგონის სამეფო კარზე მისი პოზიციები გაამყარა. მეორე ვაჟის გაჩენის შემდეგ დედოფალი ელეონორა სამეფო კარზე საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე პირად ჩამოყალიბდა და სულ მალე მეფის პირველი მრჩეველი, ბერნარდო დე კაბრერაც ჩაანაცვლა.
ელეონორას შუამავლობით მისმა ძმამ, სიცილიის მეფე ფედერიკო III-მ ცოლად ელეონორას გერი, კონსტანსია შეირთო. 1357 წელს ფედერიკომ არაგონის სამეფოს შესთავაზა ათენისა და ნეაპოლიტანიის საჰერცოგოების გადაცემა, თუკი მეფე პედრო მას ჯარებით დაეხმარებოდა სიცილიის დაცვაში, თუმცა მისი თხოვნა მეფემ უარყო.
1373 წელს ელეონორას უფროსი ვაჟი ძლევამოსილი ფრანგი ჰერცოგის ასულ მარტა არმანიაკზე დაქორწინდა. ცნობილია, რომ მარტა მშვიდი და დამყოლი ხასიათით გამოირჩეოდა, რომელიც დედოფალმა ელეონორამ საკუთარი შვილივით მიიღო.
1374 წელს დედოფალმა ელეონორამ ქალაქ ტერუელში ღატაკთა დახმარების ცენტრი დააფუძნა და წლიურ დაფინანსებად 20,000 სუსი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ამ ცენტრში ელეონორას ბრძანებით მუდმივად იმყოფებოდა 15-20 მონაზონი, რომლებიც ყოველდღიურად მისი განსვენებული მშობლების სულთა ცხონებისათვის ლოცულობდნენ.
ემპორდაში არსებულ საკუთარ რეზიდენციაში ყოფნისას ელეონორა განსაკუთრებით დაუახლოვდა ადგილობრივი დიდებულის ასულ სიბილა დე ფორტიას, რომელიც თავის სეფექალად დანიშნა და სამეფო კარზე წაიყვანა.
1375 წლის 20 აპრილს დედოფალი ელეონორა უცნობი მიზეზით გარდაიცვალა. მესამედ დაქვრივებულმა პედრომ 1377 წელს ცოლად ელეონორას სეფექალი, სიბილა დე ფორტია შეირთო, რამაც მეფესა და მთელს სამეფო ოჯახს შორის დიდი განხეთქილება წარმოქმნა, რადგანაც სიბილა არა მხოლოდ არ იყო შესაბამისი წრიდან, არამედ მეფეზე 30 წლით უმცროსიც იყო. აღსანიშნავია, რომ ელეონორას შვილებს განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ დედინაცვალთან წლების განმავლობაში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პედროსა და ელეონორას ოთხი შვილი შეეძინათ:
- ხუან I (1350-1396), არაგონის მეფე. იქორწინა ორჯერ და შეეძინა ცამეტი შვილი, თუმცა მათგან უმრავლესობა ჩვილობაშივე გარდაიცვალა და მხოლოდ ერთმა ქალიშვილმა, იოლანდამ მიაღწია ზრდასრულობამდე, რომელიც ნეაპოლის დედოფალი გახდა;
- მარტინი (1356-1410), არაგონის მეფე, იქორწინა ორჯერ, თუმცა მისი ერთადერთი ვაჟი მამაზე ადრე გარდაიცვალა, რის გამოც არაგონის ტახტი მისმა დისწულმა, კასტილიელმა ინფანტმა ფერდინანდ I-მა დაიკავა;
- ელეონორა (1358-1382), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან I-ს, რომელთანაც შეეძინა კასტილიის მეფე ენრიკე III და არაგონის მეფე ფერდინანდ I;
- ალფონსო (1362-1364), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hulme, Edward Maslin (1915). The Renaissance, The Protestant Revolution and the Catholic Reformation in Continental Europe. The Century Co.
- Jaspert, Nikolas (2019). "Testaments, Burials and Bequests. Tracing the 'Franciscanism' of Aragonese Queens and Princesses". In Jaspert, Nikolas; Just, Imke (eds.). Queens, Princesses and Mendicants: Close Relations in a European Perspective. LIT Verlag.
- Kagay, Donald J. (2021). Elionor of Sicily, 1325–1375: A Mediterranean Queen of Two Worlds. Palgrave Macmillan.
- Matilla, Enrique Rodríguez-Picavea (1999). La Corona de Aragón (in Spanish). Ediciones Akal, S.A.
- Roebert, Sebastian (2020). Die Königin im Zentrum der Macht. Reginale Herrschaft in der Krone Aragón am Beispiel Eleonores von Sizilien (1349-1375). Berlin: de Gruyter. ISBN 978-3-11-064081-6.
|