ელეონორა როის ცუ კოისტრიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ელეონორა როის ცუ კოისტრიცი
Елеонора Българска.jpg
ბულგარეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 28 თებერვალი, 1908
მმართ. დასასრული: 12 სექტემბერი, 1917
წინამორბედი: მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი
მემკვიდრე: ჯოვანა იტალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 აგვისტო, 1860
დაბ. ადგილი: ლუბუში, პრუსიის სამეფო
გარდ. თარიღი: 12 სექტემბერი, 1917, (57 წლის)
გარდ. ადგილი: ვარნა, ბულგარეთის სამეფო
მეუღლე: ფერდინანდ I, ბულგარეთის მეფე
სრული სახელი: ელეონორა კაროლინა გასპარინა ლუიზა
დინასტია: როის-კოისტრიცი
მამა: ჰაინრიხ IV, როის ცუ კოისტრიცის მთავარი
დედა: ლუიზა კაროლინა როის ცუ გრაიცი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ელეონორა როის ცუ კოისტრიცი (გერმ. Eleonore Reuß zu Köstritz), აგრეთვე ცნობილია როგორც ელეონორა ბულგარელი (ბულგ. Елеонора Българска; დ. 22 აგვისტო, 1860, ლუბუში, პოლონეთი — გ. 12 სექტემბერი, 1917, ვარნა, ბულგარეთი) — გერმანელი დიდგვაროვანი. ბულგარეთის დედოფალი 1908-1917 წლებში როგორც მეფე ფერდინანდ I-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორა დაიბადა 1860 წლის 22 აგვისტოს ლუბუშში, პრუსიის სამეფოში, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე. იგი იყო როის ცუ კოისტრიცის მთავარ ჰაინრიხ IV-ისა და მისი მეუღლის, ლუიზა კაროლინა როის ცუ გრაიცის შვილი. ელეონორა იყო როის ცუ კოისტრიცის მთავარ ჰაინრიხ XXIV-ის უმცროსი და და ჰერცოგინია მარია მეკლენბურგ-შვერინელის ბიძაშვილი (ელეონორას მამა და მარიას დედა და-ძმანი იყვნენ). ელეონორა აღწერილია, როგორც: „უბრალო, მაგრამ პრაქტიკული... კომუნიკაბელური და გულკეთილი ქალი.“

ჩვიდმეტი წლის ასაკში ელეონორა დანიშნეს რუს დიდგვაროვან მარკ ალექსანდროვიჩ ოსპენიზე. ნიშნობის შემდეგ მისი საქმრო რუსეთში დაბრუნდა, რათა რუსეთ-ოსმალეთის ომში წასულიყო. სოფელ თეშილთან ბრძოლისას თურქებმა ოსპენი მძიმედ დაჭრეს. მართალია ბრძოლას გადაურჩა, თუმცა მალევე გარდაიცვალა მიღებული ჭრილობისგან.

1899 წლის 31 იანვარს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა ბულგარეთის დედოფალი მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი. მიუხედავად იმისა, რომ მის ქვრივს, მეფე ფერდინანდ I-ს ცოლისაგან რამდენიმე მემკვიდრე დარჩა, მან მაინც გადაწყვიტა ხელახლა დაოჯახება. იგი ისეთ მეუღლეს ეძებდა, რომელიც გარეგნულადაც მოეწონებოდა და არისტოკრატიც იქნებოდა, თუმცა მას უკვე აღარ ევალებოდა ბავშვების გაჩენა. ამრიგად, მას მეუღლე უბრალოდ ყურადღებისა და სიყვარულისათვის სჭირდებოდა. მისი საცოლეების კანდიდატთა სია საკმაოდ გრძელი იყო, თუმცა ფერდინანდმა არჩევანი ელეონორაზე შეაჩერა, რომელმაც მალევე მოხიბლა თავისი გარეგნობითა და დახვეწილობით. 1908 წლის 28 თებერვალს შედგა ელეონორასა და ფერდინანდის ლუთერანული ჯვრისწერა, რის შემდეგაც იგი მართლმადიდებლად მონათლეს და იმავე წლის 1 მარტს მეორედ, უკვე მართლმადიდებლური წესებით დაიწერეს ჯვარი. იმავე წლის 5 ოქტომბერს ბულგარეთმა ოსმალეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რითაც ელეონორა ბულგარეთის დედოფალი გახდა.

ელეონორა მთელ დროსა და ენერგიას გერების აღზრდა-განათლებასა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაზე ხარჯავდა. ბალკანეთისა და პირველი მსოფლიო ომის პერიოდში დედოფალმა ელეონორამ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო და თავად დადიოდა დაჭრილთა მოსავლელად ბანაკებში, როგორც მედდა. როგორც ცნობილია, იგი არა მხოლოდ ფიზიკურად ეხმარებოდა ჯარისკაცებს გამოჯანრმთელებაში, არამედ მათ მორალურადაც ეხმარებოდა და მომაკვდავებს საშუალებას აძლევდათ უკანასკნელად ზიარებოდნენ.

პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელ ეტაპზე ელეონორა ძლიერ დაავადდა. მალევე, 1917 წლის 12 სექტემბერს, 57 წლის დედოფალი ელეონორა გარდაიცვალა ვარნაში. მისი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ბიონიის XII სუკუნის დროინდელ ეკლესიაში დაეკრძალათ, სოფიასთან ახლოს. მოგვიანებით, კომუნისტური წყობის დამყარების შემდეგ ბულგარელებმა გაძარცვეს მისი საფლავი და მოიპარეს მთელი ძვირფასეულობა, რაც ჩააყოლეს. 1989 წელს განხორციელებული დემოკრატიული ცვლილებების პირობებში მისი საფლავი პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stéphane Groueff, Crown of Thorns: The Reign of King Boris III of Bulgaria, 1918-1943, Madison Books, 1998.
  • Aronson, T. (1986) Crowns in conflict: the triumph and the tragedy of European monarchy, 1910–1918, J. Murray, London. ISBN 0-7195-4279-0
  • Constant, S. (1979) Foxy Ferdinand, 1861–1948, Tsar of Bulgaria, Sidgwick and Jackson, London. ISBN 0-283-98515-1