შინაარსზე გადასვლა

ელენე (ერეკლე I-ის ასული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელენე, ელენე-ბეგუმი (დ. 1687 — გ. 27 აპრილი, 1750, მოსკოვი) — ქართლის დედოფალი, მეფე იესეს (ალიყული-ხანის) მეუღლე, ერეკლე I-ის და ანა ჩოლოყაშვილის ასული.

დაიბადა ირანში. 1691 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. კახეთისა და ქართლის სამეფოთა კავშირის განმტკიცების მიზნით იგი მეფე იესეზე დააქორწინეს 1715 ოქტომბერში. მფარველობდა სამშობლოსა თუ უცხოეთში არსებულ ქართული კულტურის კერებს. მან 1716 წყალობის სიგელით სიონის ტაძარი გაათავისუფლა გადასახადისგან, რომელსაც ეკლესია ქართლის დედოფალს უხდიდა. თავისი ფულადი შემოსავლის მეათედი მან დოდოს მონასტერს დაუნიშნა, ამასთან ამ კერის ტაძრებს საეკლესიო ინვენტარით, სამშენებლო მასალითა და ხელოსნებით დაეხმარა. მისი დაკვეთით მრავალი ხელნაწერი გადაინუსხა.

1718 წელს იესესა და ელენეს შეეძინათ ვაჟი, თეიმურაზი (შემდეგში კათოლიკოსი ანტონ I), რომელსაც სამეფოდ ამზადებდნენ. ყიზილბაშობის პერიოდში ამ განზრახვის შესასრულებლად ელისაბედის სახელით მონაზვნად შემდგარი ელენე ვაჟთან ერთად რუსეთში გაემგზავრა; 1738 წელს ასტრახანში ჩავიდა, მაგრამ აქედან მოსკოვში გამგზავრება გაჭიანურდა და თეიმურაზი სამშობლოში დაბრუნდა, ელენემ კი მოსკოვში ჩასვლა მაინც მოახერხა, სადაც 1739 წლიდან მამიდაშვილის დარეჯან ბატონიშვილის (არჩილის ასული) სახლში ცხოვრობდა. მალე რუსეთის იმპერატორის ბრძანებით მას საცხოვრებლად მიუჩინეს ნოვოდევიჩის მონასტერი. აქ შეიტყო იმერეთში გადასული თეიმურაზის ბერად აღკვეცის ამბავი, რამაც ძლიერ დაამწუხრა. ანტონ I-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ელენემ გამოუგზავნა საკუთარი ხელით მოქსოვილი და მორთული, ძვირადღირებული საპატრიარქო ქუდი. ელენე რუსეთიდანაც მზრუნველობდა დავითგარეჯასა და სხვა ქართულ მონასტრებს. 1745 წელს ანტონ I-მა მოსკოვს წარგზავნა ბერი ზენონი და გიორგი ბატონიშვილს (ვახტანგ VI-ის ძე) სთხოვა დახმარება დედის სამშობლოში გამოსამგზავრებლად. მისი დაბრუნება არ მოხერხდა, რადგან მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია დონის მონასტერში.