შინაარსზე გადასვლა

ელენა ნათანაელი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელენა ნათანაელი (ბერძ. Έλενα Ναθαναήλ, დ. 19 იანვარი, 1947 — გ. 4 მარტი, 2008) — ბერძენი კინომსახიობი.

სრული სახელი ელენი დელივასილი-ნათანაელი [1]. ელენა ნათანაელი დაიბადა ნეა ფილადელფიაში, ათენის მახლობლად მდებარე ქალაქში, შეძლებულ ოჯახში. დელივასილი იყო მამამისის გვარი, ხოლო ნათანაელი — დედის. მსახიობმა ორივე გვარი შეინარჩუნა ოფიციალურად, თუმცა ცნობილი გახდა, როგორც ნათანაელი. მამამისი იყო ტექსტილის დიზაინერი და მწარმოებელი, მცირე აზიელი ბერძენი აივალიდან, ხოლო დედა იყო მანიოტი. მან დრამატული ხელოვნება შეისწავლა პელოს კაცელისის დრამატულ სკოლაში.

ელენა ნათანაელის შთამბეჭდავმა გარეგნობამ 1960-იან წლებში მიიქცია მაშინდელი აყვავებული ბერძნული კინემატოგრაფის პროდიუსერებისა და რეჟისორების ყურადღება. პირველად კინოში გამოჩნდა 1964 წელს ფილმში „კატი ნა კაიეი“, რომელიც იანის დალიანიდისმა დადგა. მისი მეორე ეკრანული როლი 1965 წელს იყო გერმანულ ფილმში „ვალსუნგების სისხლი“, რეჟისორი — როლფ ტილე. კინოსურათი თომას მანის ნოველაზე იყო დაფუძნებული. 60-იანი წლების ბოლოს ბერძნულ ფილმებში კიდევ რამდენიმე როლი შეასრულა. უმეტეს შემთხვევაში განასახიერებდა განებუვრებულ, მდიდარ ოჯახში დაბადებულ გოგონას.

1968 წელს ელენა ნათანაელმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის თესალონიკის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მთავარი ჯილდო ფილმში „შეხვედრა უცნობთან“ შესრულებული როლისთვის. 1970-იანი წლების დასაწყისში მან დაიმკვიდრა ეკრანული სახე, როგორც თავისუფალი სულის მქონე, ლამაზმა ახალგაზრდა ქალმა და მოდის ხატებადაც იქცა. ამავე ათწლეულში ბერძნული კომერციული კინემატოგრაფის მკვეთრმა დაკნინებამ ელენა ნათანაელის კარიერაზე არასათანადოდ იმოქმედა, მისი პოპულარობაც დაეცა, რაც უცხო არ იყო იმ პერიოდის ბერძენი კინოვარსკვლავებისთვის.

ბერძნული კინემატოგრაფიიდან შვიდწლიანი გაუჩინარების შემდეგ მან ის დაბრუნდა რამდენიმე პირდაპირ ვიდეოზე გადაღებული ფილმით, სტანდარტული, არაფრით გამორჩეული მსუბუქი კომედიებით. ამის შემდეგ იგი გაქრა და მხოლოდ რამდენიმეჯერ გამოჩნდა ეკრანებზე სპეციალური მიწვევით. მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული როლი იყო ჯულიას პერსონაჟი წარმატებულ სატელევიზიო სერიალში „აგიგმა ფსიხის“, 1998 წელს. ამ როლმა სრულად წარმოაჩინა მისი სილამაზე და სამსახიობო შესაძლებლობები.

ელენა ნათანაელის ერთ-ერთი ბოლო გამოჩენა ეკრანებზე უკავშირდება მაია ჰუვერის როლს Mega Channel-ზე გასულ პოპულარულ სატელევიზიო სერიალში „გორგონები“, 2007 წელს, და მისი დაბრუნება მაყურებელმა ძალიან თბილად მიიღო.

ელენა ნათანაელს ჰქონდა ურთიერთობა გიორგოს ცაგკარისთან, რომლისგანაც 1973 წელს შეეძინა ქალიშვილი, სახელად ინკა. პენსიაზე გასვლის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა თავის ფერმაში ევბეაში, თავის პარტნიორთან, ტასოს მიტროპულოსთან, საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიაკოსის“ ვეტერან ფეხბურთელთან ერთად. ევბეაში მან ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი. ელენა ნათანაელი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 2008 წლის 4 მარტს. გარდაცვალების დღეებში ბერძნული პრესა მას მოიხსენიებდა, როგორც „ბერძნული კინემატოგრაფის ჯადოქარს“ (Γόησσα του ελληνικού κινηματογράφου). ის დაკრძალეს 5 მარტს, ნეა ფილადელფიის სასაფლაოზე, სადაც ბევრი ადამიანი მივიდა გამოსამშვიდობებლად.

  1. https://www.liberopoulos.gr/kallitexnes_boytyro_sto_pswmi_toy_reporter-article-77.html}}