შინაარსზე გადასვლა

ელეასარ ლოპეს კონტრერასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეასარ ლოპეს კონტრერასი ესპ. Eleazar López Contreras
ელეასარ ლოპეს კონტრერასი ესპ. Eleazar López Contreras
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1935  1941
წინამორბედიხუან ვისენტე გომესი
მემკვიდრეისაიას მედინა ანტარიგა

დაბადებული5 მაისი; 1883
ტაჩირის შტატი
გარდაცვლილი2 იანვარი; 1973
კარაკასი, ვენესუელა
საქმიანობაპრეზიდენტი; გენერალი

ელეასარ ლოპეს კონტრერასი (ესპ. Eleazar López Contreras; დ. 5 მაისი, 1883, კენიკია, ტაჩირის შტატი — გ. 2 იანვარი, 1973, კარაკასი) — ვენესუელელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ვენესუელის პრეზიდენტი 1935–1941 წლებში. მისი მმართველობა აღნიშნავს გარდამავალ პერიოდს ხუან ვისენტე გომესის მკაცრი დიქტატურიდან ქვეყნის თანამედროვე დემოკრატიულ მოწყობამდე.

ლოპეს კონტრერასი დაიბადა ტაჩირის შტატში. მიუხედავად იმისა, რომ მას მედიცინის შესწავლა სურდა, 1899 წელს, 16 წლის ასაკში, შეუერთდა სიპრიანო კასტროს „ლიბერალურ სარესტავრაციო რევოლუციას“. ბრძოლის დროს იგი მარცხენა ხელში დაიჭრა, რის გამოც მას ამ ხელზე პულსი აღარ ესინჯებოდა.[1]

1899 წელს კასტროს ძალებთან ერთად შევიდა კარაკასში და მოკლე დროში მაღალი სამხედრო წოდებები მიიღო. მსახურობდა სხვადასხვა გარნიზონსა და ადმინისტრაციულ პოზიციებზე, მონაწილეობდა აჯანყებების ჩახშობაში. 1902 წლის მოვლენების შემდეგ პუერტო კაბელოში ციხის თანაშემწე კომენდანტად დაინიშნა. კასტროსა და ხუან ვისენტე გომესის დაპირისპირების პერიოდში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, თუმცა გომესის მმართველობის დასაწყისში ნაკლებად პრესტიჟულ თანამდებობებზე მსახურობდა. 1914 წლიდან სამხედრო წარმატებების შედეგად კვლავ დაწინაურდა.

1919 წელს დაინიშნა საზღვაო ძალების სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად. 1920–1921 წლებში სპეციალური მისიებით ევროპასა და ამერიკაში ხელმძღვანელობდა არმიისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას, მონაწილეობდა სამხედრო რეფორმებსა და საგანმანათლებლო სტრუქტურების შექმნაში. 1923 წელს ბრიგადის გენერალი გახდა და კარაკასის გარნიზონს ჩაუდგა სათავეში. 1928 წლის ანტისამთავრობო გამოსვლებისა და სამხედრო აჯანყების ჩახშობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 1931 წელს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად და ეს თანამდებობა გომესის გარდაცვალებამდე ეკავა.[2]

1935 წელს, პრეზიდენტ ხუან ვისენტე გომესის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, მის გარემოცვაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა გამწვავდა. მთავარ კანდიდატებად ეუსტოკიო გომესი და თავდაცვის მინისტრი ელეაზარ ლოპეს კონტრერასი მიიჩნეოდნენ. ლოპესმა წინასწარი ზომები მიიღო: გააძლიერა მეთვალყურეობა გომესის ოჯახის წევრებზე, დააპატიმრა გავლენიანი ფიგურა ელოი ტარაზონა და განაიარაღა პრეზიდენტის დაცვა. დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ ლოპეს კონტრერასი დროებით პრეზიდენტად გამოცხადდა. ეუსტოკიო გომესი დაპატიმრების მცდელობისას დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა, რის შედეგადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა ლოპესის გამარჯვებით დასრულდა.[2]

პრეზიდენტად მოსვლისას ელეაზარ ლოპეს კონტრერასი ძირითადად სამხედრო ძალაზე დაყრდნობით მართავდა ქვეყანას, სადაც ხანგრძლივი სამხედრო კარიერის შედეგად მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა. ინტელიგენციის ნდობითაც სარგებლობდა, როგორც ისტორიული ნაშრომების ავტორი. გომესის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური აქტიურობის ფონზე მან გამოაცხადა ამნისტია პოლიტპატიმრებისა და ემიგრანტებისთვის და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილობრივი დემოკრატიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგა.

მისი მმართველობა თავდაპირველად „ძველი გვარდიის“ მკაცრი პოლიტიკისა და რეფორმატორული ძალების მოთხოვნებს შორის ბალანსირების მცდელობით ხასიათდებოდა. მან დაშალა გომესის საიდუმლო პოლიცია, თუმცა 1936 წლის დასაწყისში საზოგადოებრივი არეულობის გამო კონსტიტუციური გარანტიები დროებით შეაჩერა, გაამკაცრა ცენზურა და პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვები, რამაც მასობრივი პროტესტები და სისხლიანი შეტაკებები გამოიწვია.[3]

დემონსტრაციების შემდეგ პრეზიდენტმა დათმობებზე წასვლა და პოლიტიკური თავისუფლებების აღდგენა გამოაცხადა. მან წარადგინა „თებერვლის გეგმა“, რომელიც სამართლებრივ რეფორმებს, მუნიციპალური თვითმმართველობის აღდგენას, სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს ითვალისწინებდა. მიუხედავად კრიტიკისა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ძალების მხრიდან, ლოპეს კონტრერასმა გააგრძელა ზომიერი კურსი და კონსტიტუციის რეფორმა წამოიწყო, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა შემცირდა და განმეორებითი არჩევა აიკრძალა.[4]

ლოპეს კონტრერასის მმართველობის პერიოდში მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ გააფართოვა სიტყვის თავისუფლება და ვენესუელის ისტორიაში პირველად აღიარა სოციალური უფლებები, დააწესა მონოპოლიების აკრძალვა და საკუთრების უფლებების შეზღუდვა. ამავე დროს, 32-ე მუხლით აიკრძალა კომუნისტური და ანარქისტული იდეოლოგიები. 1936 წლის 25 აპრილს პარლამენტმა იგი პრეზიდენტად აირჩია.[2]

მემარცხენე ოპოზიციის აქტიურობის ზრდის ფონზე ხელისუფლებამ გაამკაცრა კონტროლი: დააკავა ოპოზიციური ლიდერები, მიიღო საზოგადოებრივი წესრიგის მკაცრი კანონი და მოგვიანებით დაშალა მსხვილი პროფკავშირები და პარტიები. პარალელურად გატარდა სოციალური რეფორმები — ახალი შრომის კანონმა განსაზღვრა მინიმალური ხელფასი, სოციალური შეღავათები და ვენესუელელი მუშახელის კვოტა; პროფკავშირები ფორმალურად დაშვებული იყო, თუმცა ხშირად რეპრესირდებოდა.

ლოპესმა უარი თქვა მმართველი პარტიის შექმნაზე და ქვეყნის მასშტაბით ჩამოაყალიბა „სამოქალაქო ბოლივარიული საზოგადოებები“, რომლებიც ადმინისტრაციული კონტროლის ინსტრუმენტად იქცა. ეკონომიკურ სფეროში მთავრობამ სცადა უცხოური ნავთობის მონოპოლიების შეზღუდვა: გაიზარდა გადასახადები, გაფართოვდა სახელმწიფო მონაწილეობა ნავთობის სექტორში და გაძლიერდა ეკოლოგიური რეგულაციები, მათ შორის წყლის ობიექტების დაბინძურების აკრძალვა და გეოლოგიური კვლევების განვითარება.[2]

პრეზიდენტობის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოპეს კონტრერასის მმართველობის პერიოდში ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი გაიზარდა. 1936 წლის „საბაჟო გადასახადების შესახებ“ კანონმა გაამარტივა სატარიფო პოლიტიკა და შესაძლებელი გახადა ექსპორტის გადასახადების გაზრდა. შეიქმნა ნახევრადავტონომიური სახელმწიფო კორპორაციები (ნავიგაცია, საჰაერო ფოსტა, სოციალური უზრუნველყოფა, ენერგეტიკა და სხვ.), აღდგა ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური ბანკი, ხოლო ცენტრალური რკინიგზა და ლა გუაირას პორტი სახელმწიფოს გადაეცა. 1938 წელს წარმოდგენილმა სამწლიანი განვითარების გეგმამ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს დაუდო საფუძველი, თუმცა ქვეყანა კვლავ იმპორტზე დამოკიდებული დარჩა.

სოციალურ სფეროში გაიზარდა განათლების ხელმისაწვდომობა, გაფართოვდა სკოლებისა და მასწავლებლების რაოდენობა და 1940 წელს მიიღეს განათლების კანონი. დაიწყო ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და დაავადებებთან, განსაკუთრებით მალარიასთან, ბრძოლა. სამხედრო რეფორმებმა შექმნა ეროვნული გვარდია, გააძლიერა პროფესიონალიზაცია და პოლიციური ფუნქციები არმიას ჩამოართვა.

1939 წელს ვენესუელამ მიიღო ევროპიდან, მათ შორის ნაცისტური გერმანიიდან, ლტოლვილები. ლოპეს კონტრერასმა 1941 წელს ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცა მემკვიდრეს, ისაიას მედინა ანგარიტას. შემდგომში გარკვეული პერიოდი ემიგრაციაში გაატარა და სამშობლოში დაბრუნდა. 1973 წელს კარაკასში გარდაიცვალა.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Guerra, Jorge Ramos. (2026-02-10) Eleazar López Contreras y el Estado social de derecho venezolano es. ციტირების თარიღი: 2026-02-11
  2. 1 2 3 4 #Documental - El General López Contreras. La Transición
  3. Rodriguez, Javier. (2017-11-14) Un héroe de la transición es. ციტირების თარიღი: 2026-02-11
  4. „Eleazar López Contreras | president of Venezuela | Britannica“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2026-02-11.