მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ელბაქიძის დაღმართი)
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერა
წინა სახელები პირველი დაღმართი, ვერის დაღმართი, ვერის ხიდის ქუჩა, არკადი ელბაქიძის დაღმართი

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა — ისტორიული ქუჩა თბილისში, მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, ვერის უბანში. ვარდების რევოლუციის მოედნიდან გალაკტიონის ხიდამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც პირველი დაღმართი, 1897 წლის გეგმაზე — როგორც ვერის დაღმართი, 1910 წლის გეგმაზე — როგორც ვერის ხიდის ქუჩა. 1923 წლიდან არკადი ელბაქიძის დაღმართი დაერქვა. 1995 წელს მიხეილ ჯავახიშვილის სახელი ეწოდა (იგი 1931–1937 წლებში ამ ქუჩაზე ცხოვრობდა). ქუჩაზე განთავსებულია მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუჩის ადრეული სახელია ვერის დაღმართი. ვერის დაღმართის გაჭრის შემდეგ გაიზარდა ვერის ხიდის მნიშვნელობა. ამ გზით თულუხჩები ქალაქში წყალს ეზიდებოდნენ, ხოლო გზის მიმდებარე ფერდობები ნაგავსაყრელად იყო გამოყენებული. ვერის ახლანდელი გალაკტიონის ხიდის აგების შემდეგ გაიყვანეს „კონკის“ ხაზი. 1905 წლიდან — ტრამვაის ხაზი. 1932 წელს დაღმართი გაფართოვდა, აიგო მრავალი შენობა და იგი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ მძლავრი განივი მაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთად იქცა. ამით უახლოესი კავშირი დამყარდა გოლოვინის პროსპექტს (ახლანდ. რუსთაველის გამზირი), ვერის უბანსა და რკინიგზის სადგურს შორის. ამ დაღმართზე იდგა თბილისის ცირკის ძველი შენობა.

1919 წლის 13 სექტემბერს ვერის დაღმართზე არკადი ელბაქიძის მიერ მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ბარათოვი. ტერორისტულ აქტში არკადი ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ვასილ (ვასიკო) წივწივაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, დანდუროვი და სხვ. ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა თვით არკადი ელბაქიძეც.

1922 წლის 14 ივლისის ღამით რევოლუცინერ კამოს (სიმონ ტერ-პეტროსიანი) ველოსიპედი დაეჯახა ცარიელ ავტომობილს, რომელმაც იგი გადაისროლა ველოსიპედიდან ქვაფენილზე. კამო ჩავარდა უგონო მდგომარეობაში, რომლიდანაც გარდაცვალებამდე, რომელიც მოჰყვა ორი საათის შემდეგ, განსვენებული ვეღარ გამოვიდა.

2015 წელს ქუჩა ჩაინგრა, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ქუჩაზე არსებული ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ქვაფენილი მოდიფიცირებული ასფალტით შეიცვალა. ქუჩაზეა ღვინის ქარხანა „ვერე+“. ქუჩის დასაწყისში, ყოფილ ბაზრის ადგილას გაშენებულ სკვერში დგას სკულპტურული კომპოზიცია „სამაია“ (მოქანდაკეები: თ. ჭყონია, გ. ქართველიშვილი, ნელი ალექსიძე. არქიტექტორი ზ. თავართქილაძე). გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში (სახელი მიენიჭა 2014 წელს[1]) 2015 წელს დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი);[2] მანამდე ამ კვარცხლბეკზე იდგა მარი ბროსეს ბიუსტი (1994, ბრინჯაო), რომელიც 2004 წელს მოიპარეს.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „თბილისში რამდენიმე ქუჩას ახალი სახელი მიენიჭა“. www.ambebi.ge. 21 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „თბილისში გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი გაიხსნა“. tbilisi.gov.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი მარი ბროსეს ძეგლის კვარცხლბეკზე დადგეს - საზოგადოების მწვავე შეფასება და მერიის განმარტება“. www.ambebi.ge. 29 სექტემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)