შინაარსზე გადასვლა

ელა ბჰატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელა ბჰატი
ჰინ. इला भट्ट

დაბადების თარიღი 7 სექტემბერი, 1933(1933-09-07)[1]
დაბადების ადგილი აჰმადაბადი[1]
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 2022(2022-11-02)[2] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი აჰმადაბადი
მოქალაქეობა  ინდოეთი
განათლება Gujarat University
ჯილდოები Ramon Magsaysay Award, Padma Bhushan, ინდირა განდის პრემია, Four Freedoms Award – Freedom from Want, პრემია ცხოვრების სწორი წესისთვის, Padma Shri in social work, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Niwano Peace Prize, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[3] და Radcliffe Medal[4]

ელა რამეშ ბჰატი (ჰინ. Ela Ramesh Bhatt, დ. 7 სექტემბერი, 1933, აჰმადაბადი – გ. 2 ნოემბერი, 2022, აჰმადაბადი) — ინდოელი კოოპერაციული ორგანიზატორი, აქტივისტი და განდისტი.[5] 1972 წელს მან დააარსა თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია ინდოეთში (SEWA) და 1972 წლიდან 1996 წლამდე მისი გენერალური მდივანი იყო. 2015 წლის 7 მარტიდან 2022 წლის 19 ოქტომბრამდე კი გუჯარათ ვიდიაპითის კანცლერის თანამდებობას იკავებდა.[6] პროფესიით იურისტი ბჰატი აქტიურად იყო ჩართული შრომის, კოოპერაციულ, ქალთა და მიკროდაფინანსების საერთაშორისო მოძრაობებში და მოიგო რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის რამონ მაგსაისაის პრემია (1977), „სწორი საარსებო წყაროს ჯილდო“ (1984) „სახლში მომუშავე მწარმოებლების კეთილდღეობისა და თვითშეფასების ორგანიზებაში დახმარებისთვის“ და პადმა ბჰუშანი (1986).[7]

ელა ბჰატი დაიბადა ინდოეთში, ქალაქ აჰმადაბადში.

მისი მამა, სუმანტრაი ბჰატი, წარმატებული ადვოკატი იყო, ხოლო დედა, ვანალილა ვიასი, აქტიურად იყო ჩართული ქალთა მოძრაობაში და ასევე იყო ინდოეთის ქალთა კონფერენციის მდივანი, რომელიც თავის მხრივ კამალადევი ჩატოპადჰიაიმი დააარსა. ის სამი დიდან შუათანა შვილი იყო. ბავშვობა გაატარა სურატში, სადაც 1940 წლიდან 1948 წლამდე სარვაჯანიკის გოგონათა უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. 1952 წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში M.T.B. კოლეჯში (სამხრეთ გუჯარათის უნივერსიტეტი) სურატში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა შაჰის იურიდიულ კოლეჯში აჰმადაბადში. 1954 წელს მან მიიღო იურიდიული ხარისხი და ოქროს მედალი ინდუისტურ სამართალზე მუშაობისთვის.[8]

ელა ბჰატმა კარიერა დაიწყო მცირე ხნით ინგლისური ენის მასწავლებლად SNDT ქალთა უნივერსიტეტში (უფრო ცნობილი როგორც SNDT), მუმბაიში. 1955 წელს ის შეუერთდა ტექსტილის მუშაკთა ასოციაციის (TLA) — ინდოეთის ტექსტილის მუშაკთა უძველესი პროფკავშირის — იურიდიულ განყოფილებას აჰმადაბადში.[9]

1956 წელს ელა ბჰატი რამეშ ბჰატზე დაქორწინდა (ამჟამად გარდაცვლილი). გუჯარათის მთავრობაში მცირე ხნით მუშაობის შემდეგ, TLA-მ (ტექსტილის მუშაკთა ასოციაციამ) ელას 1968 წელს შესთავაზა მისი ქალთა ფრთის ხელმძღვანელობა. ის გაემგზავრა ისრაელში, სადაც სამი თვის განმავლობაში სწავლობდა შრომისა და კოოპერატივების აფრო-აზიურ ინსტიტუტში თელ-ავივში, სადაც 1971 წელს შრომისა და კოოპერატივების საერთაშორისო დიპლომი მიიღო.

ელამ კარგად იცოდა, რომ ათასობით ქალი ტექსტილის მუშა სხვაგან მუშაობდა ოჯახის შემოსავლის შესავსებად, მაგრამ სახელმწიფო კანონები იცავდა მხოლოდ ინდუსტრიულ მუშაკებს და არა ამ თვითდასაქმებულ ქალებს.

TLA-ს მაშინდელი პრეზიდენტის, არვინდ ბაშის, თანამშრომლობით, მან ითავა ამ თვითდასაქმებული ქალების გაერთიანება პროფკავშირში, TLA-ს ქალთა ფრთის ეგიდით. შემდეგ, 1972 წელს, დაარსდა თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია (SEWA), რომლის პრეზიდენტი გახდა ბჰატი და ის მსახურობდა მის გენერალურ მდივნად 1972 წლიდან 1996 წლამდე.

2007 წლის 18 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, ნელსონ მანდელამ, გრასა მაშელმა და დეზმონდ ტუტუმ მოიწვიეს მსოფლიო ლიდერების ჯგუფი, რათა მათ თავიანთი სიბრძნე, დამოუკიდებელი ლიდერობა და პატიოსნება მიეძღვნათ მსოფლიოს ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად. მანდელამ ამ ახალი ჯგუფის, „უხუცესების“ (The Elders), შექმნის შესახებ განაცხადა თავის 89-ე დაბადების დღეზე წარმოთქმული სიტყვის დროს.

კოფი ანანი მსახურობდა „უხუცესების“ თავმჯდომარედ, ხოლო გრო ჰარლემ ბრუნდტლანდი — თავმჯდომარის მოადგილედ.

„უხუცესები“ მუშაობენ გლობალურად, როგორც თემატურ, ისე გეოგრაფიულად სპეციფიკურ საკითხებზე. მათი პრიორიტეტული საკითხები მოიცავს: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, კორეის ნახევარკუნძულს, სუდანსა და სამხრეთ სუდანს, მდგრად განვითარებას და თანასწორობას გოგონებისა და ქალებისთვის[10]

ელა ბჰატი განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული „უხუცესების“ (The Elders) ინიციატივაში ქალთა და გოგონათა თანასწორობის შესახებ, მათ შორის ბავშვთა ქორწინების საკითხში.

2012 წლის თებერვალში ბჰატი, სხვა „უხუცესებთან“ – დეზმონდ ტუტუსთან, გრო ჰარლემ ბრუნდტლანდთან და მერი რობინსონთან – ერთად გაემგზავრა ინდოეთში, ბიჰარის შტატში. ერთობლივად, „უხუცესები“ ეწვივნენ „ჯაგრიტის“ – ახალგაზრდების მიერ მართულ პროექტს, რომელიც ბავშვთა ქორწინების პრევენციას ისახავდა მიზნად, და მხარი დაუჭირეს შტატის მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის მოსაგვარებლად[11][12]

როგორც განდისტული არაძალადობის პრაქტიკოსი, ელა ბჰატმა ასევე იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში „უხუცესების“ დელეგაციებთან ერთად 2009 წლის აგვისტოში[13] და 2010 წლის ოქტომბერში.[14][15]

2010 წლის ოქტომბერში ღაზის სექტორში ჯგუფის ვიზიტის შემდეგ, ელა ბჰატმა „უხუცესების“ ვებსაიტისთვის დაწერილ ბლოგპოსტში განაცხადა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ არაძალადობრივი ბრძოლა „ჩხუბზე მეტ შრომას“ მოითხოვს და რომ „იარაღს მშიშარა იყენებს“.[16]

„უხუცესები“ დამოუკიდებლად ფინანსდებიან ისეთი დონორების მიერ, როგორებიც არიან: სერ რიჩარდ ბრენსონი და ჯინ ოელვანგი, პიტერ გაბრიელი (პიტერ გაბრიელის ფონდი), ქეთი ბუშკინ კელვინი (გაეროს ფონდი), ჯერემი კოლერი და ლულიტ სოლომონი, ნიკლას კელშტრომ-მატსეკე (შვედეთის საფოსტო კოდის ლატარია), ჯეფ სკოლი და სალი ოსბერგი, და მარიკე ვან შაიკი (ნიდერლანდების საფოსტო კოდის ლატარია).

მებელ ვან ორანჟი, „უხუცესების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, საკონსულტაციო საბჭოს წევრია, როგორც „გოგონები და არა პატარძლები: გლობალური პარტნიორობა ბავშვთა ქორწინების დასასრულებლად“ საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე.[17]

ოჯახი და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელა ბჰატი რამეშ ბჰატზე 1956 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი შეეძინათ: ამიმაიი (დ. 1958) და მიჰირი (დ. 1959). ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აჰმადაბადში, გუჯარათის შტატში.

ელა ბჰატი გარდაიცვალა 2022 წლის 2 ნოემბერს, 89 წლის ასაკში.[18]

ელა ბჰატი იყო ქალთა მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ესთერ ოკლოუსთან და მიკაელა უოლშთან ერთად 1979 წელს და მსახურობდა მის თავმჯდომარედ 1980 წლიდან 1998 წლამდე. ის ასევე იყო „SEWA“ კოოპერატიული ბანკის თავმჯდომარე, „HomeNet“-ის თავმჯდომარე, ქუჩის მოვაჭრეთა საერთაშორისო ალიანსის თავმჯდომარე[19] და ადრე შედიოდა WIEGO-ს (ქალთა არაფორმალური დასაქმების გლობალური ქსელი) დირექტორთა საბჭოში.[20]

ელა ბჰატს ინდოეთის მთავრობის მიერ მიენიჭა სამოქალაქო ჯილდო პადმა შრი 1985 წელს, ხოლო პადმა ბჰუშანი 1986 წელს.

ელა ბჰატი ნივანოს მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა 2010 წელს ინდოეთში ღარიბი ქალების გაძლიერების მიმართულებით გაწეული მუშაობისთვის.

2010 წლის ნოემბერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ელა ბჰატს გადასცა გლობალური სამართლიანობის ინიციატივის ჯილდო, იმის აღსანიშნავად, რომ მან ხელი შეუწყო ინდოეთში მილიონზე მეტი ღარიბი ქალის ღირსეული და დამოუკიდებელი პოზიციის მოპოვებას.

ელა ბჰატს პატივი მიაგეს პრესტიჟული რედკლიფის მედლით 2011 წლის 27 მაისს, რედკლიფის დღეს, ქალების გაძლიერებაში შეტანილი ძალისხმევისთვის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.[21]

2011 წლის ნოემბერში, ელა ბჰატი არჩეულ იქნა ინდირა განდის პრემიის 2011 წლის ლაურეატად, ქალების ფართო მასშტაბის მეწარმეობის მეშვეობით გაძლიერებაში შეტანილი მთელი ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.[22]

2012 წლის ივნისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ელა ბჰატი თავის ერთ-ერთ „გმირ ქალად“ დაასახელა. მან განაცხადა: „მე მყავს ბევრი გმირი ქალი და მამაკაცი მთელ მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია ელა ბჰატი, რომელმაც მრავალი წლის წინ ინდოეთში დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაცია (SEWA)“.[23]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #141696044 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. https://www.thehindu.com/news/national/other-states/sewa-founder-ela-bhatt-dies/article66086421.ece
  3. https://www.hindustantimes.com/india/ela-bhatt-swaminathan-to-receive-french-awards/story-ozHVjvBvmZhKQLCm26SMkJ.html
  4. https://www.radcliffe.harvard.edu/about-the-institute/radcliffe-medalists
  5. Duncan, Natricia (27 June 2014). „Empowering Indian women through employment“. The Guardian.
  6. Chancellors of Gujarat Vidyapith. ციტირების თარიღი: 2 November 2022
  7. Padma Awards. Ministry of Home Affairs, Government of India (2015). ციტირების თარიღი: 21 July 2015
  8. Awardees Biography. Ramon Magsaysay Award Foundation. ციტირების თარიღი: 15 December 2013
  9. Ela Bhatt | Biography & Facts | Britannica en. ციტირების თარიღი: 2022-11-12
  10. The Elders: Our Work. TheElders.org. ციტირების თარიღი: 7 March 2013
  11. The Elders: Momentum is building to tackle child marriage in India. TheElders.org (9 February 2012). ციტირების თარიღი: 7 March 2013
  12. Ela Bhatt. (6 February 2012) Welcoming my fellow Elders to India. TheElders.org. ციტირების თარიღი: 7 March 2013
  13. Ethan Bronner (28 August 2009). „In Village, Palestinians See Model for Their Cause“. New York Times. ციტირების თარიღი: 7 March 2013.
  14. East Jerusalem residents, 'Elders' meet. CNN.com (21 October 2010). ციტირების თარიღი: 7 March 2013
  15. 'The Elders' call to lift Gaza blockade. Jerusalem Post (17 October 2010). ციტირების თარიღი: 7 March 2013
  16. Ela Bhatt. (19 October 2010) What would Gandhi say?. TheElders.org. ციტირების თარიღი: 7 March 2013
  17. Donors. TheElders.org. ციტირების თარიღი: 7 March 2013
  18. „SEWA founder Elaben Bhatt passes away“. Desh Gujarat. 2 November 2022. ციტირების თარიღი: 2 November 2022.
  19. International Alliance of Street Vendors. ციტირების თარიღი: 30 October 2017
  20. WIEGO Board of Directors Bios. WIEGO. ციტირების თარიღი: 15 December 2013
  21. Ela R. Bhatt to Receive Radcliffe Medal en (2011-04-28). ციტირების თარიღი: 2022-11-09
  22. Ela Bhatt selected for Indira Gandhi Prize Times of India. 20 November 2011.
  23. Ela Bhatt is Hillary Clinton's 'heroine' Times of India. 22 June 2012.