შინაარსზე გადასვლა

ელაგინის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელაგინის სასახლე
Елагин дворец
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სასახლე
ქვეყანა რუსეთი
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
კოორდინატები 59°58′45″ ჩ. გ. 30°16′12″ ა. გ. / 59.979306° ჩ. გ. 30.270000° ა. გ. / 59.979306; 30.270000
დაიწყო 1780
დასრულდა 1785-1790
არქიტექტორ(ებ)ი ჯაკომო კვარენგი, კარლ როსი

ელაგინის სასახლე (რუს. Елагин дворец) — სანქტ-პეტერბურგში, ელაგინის კუნძულზე მდებარე საზაფხულო საიმპერატორო სასახლე. სახელი დაერქვა მისი პირველი მფლობელის პატივსაცემად, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ პერიოდში მრავალი სხვადასხვა მფლობელი ჰყავდა. სასახლეს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც: „ელაგინსკი“ და „ელაგინოოსტროვსკი“.

მშენებლობა და ინტერიერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია სასახლის არქიტექტორი ჯაკომო კვარინგია, რომელსაც ეს სასახლე ივან ელაგინისთვის აუშენებია. თუმცაღა სასახლის პირვანდელმა სახემ ჩვენამდე ვერ მოაღწია, რადგან XIX საუკუნეში სასახლე ალექსანდრე პირველს გამოუსყიდია დედამისისთვის. ელაგინის სასახლის გარდაქმნა დაევალა ცნობილ რუს არქიტექტორს კარლ როსის. როსიმ კუნძულზე სწრაფადვე ააშენა რამდენიმე შენობა: სამსართულიანი, გუმბათიანი სასახლის გარდა, მან კიდევ ააშენა რამდენიმე პავილიონი, ასევე სამზარეულო და საჯინიბო. სასახლის შიდა ნაწილისა თუ ცალკეული პავილიონების გაფორმებაზე ზრუნავდნენ, ისეთი ცნობილი სკულპტორები, როგორებიც იყვნენ: სტეფან პიმენოვი და ვასილი დემუტ-მალინოვსკი, ასევე მხატვარ-დეკორატორები: ჯოვანი სკოტი, ა. ვიგი და ბ. მედიში. სასახლის ოვალური დარბაზი მორთულია კარიადიტული და იონური ნახევარკოლონებით, გუმბათი მოხატულია უცნაური გრაფიკული ორნამენტებით, კედლების დიდი ნაწილი მარმარილოთია მოპირკეთებული. ერთ-ერთი ოთახის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ხელოვნური შავ-თეთრი მასალა, რომელიც ძალიან ჰგავს მარმარილოს, სწორედ ამიტომ ამ ოთახს „მარმარილოს კაბინეტი“ ჰქვია. მარმარილოს კედლები მოხატულია ყვავილებით, ორნამენტებითა და ანტიკური მითოლოგიის სხვადასხვა სცენებით, ხოლო ჭერზე გამოსახულია კუპიდონების ჯგუფი. ქვრივი იმპერატრიცა და მისი სტუმრები განსაკუთრებით აღაფრთოვანა სასახლის პირველ სართულზე არსებულმა კარმა, რომლის გაფორმებაშიც თვითონ კარლ როსი მონაწილეობდა. ელაგინის სასახლეში არსებული ოცივე კარი თავისმხრივ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს: კარები მოპირკეთებულია ხის ძვირფასი ქანებით, რომელიც დამშვენებულია წვრილი მოოქროვილი კუთხვილებით. ხოლო მეორე სართულზე მდებარე ალექსანდრე პირველის კაბინეტი მორთულია ბრინჯაოთი.

მარია ფიოდოროვნას სიკვდილის შემდეგ სასახლემ, თანდათან შეიცვალა ფორმა, იგი აღარ იყო დამხმარე საიმპერატორო რეზიდენცია, რომელსაც იმპერატორები არც თუ იშვიათად სტუმრობდნენ. XX საუკუნის დასაწყისში ელაგინის სასახლემ შეიცვალა ფუნქცია და სამეფო რეზიდენციიდან უკვე რუსეთის პრემიერ-მინისტრების დასასვენებელ ადგილად იქცა. სასახლეში ერთ დროს ისვენებდნენ: სერგეი ვიტე, პეტრე სტოლიპინი, ვლადიმერ კოკოვცოვი და ივან გორემიკინი.

რევოლუციის შემდგომ პერიოდში სასახლემ მუზეუმის სტატუსი მიიღო, გაიხსნა ყოფაცხოვრების მუზეუმი. ახალი საუკუნის დასაწყისისთის სანქტ-პეტერბურგში მრავალი ამგვარი მუზეუმი იყო, თუმცა მალევე მათი უმრავლესობა დაიხურა ან კიდევ სხვა კულტურულ ან საზოგადოებრივ დაწესებულებად გარდაიქმნა. ასე მოხდა ელაგინის სასახლის შემთხვევაშიც, მასში მოგვიანებით კულტურულ-აღმზრდელობითი ცენტრი გაიხსნა.

მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე ძლიერ დაზიანდა — მის საკვამურს ერთი ჭურვი მოხვდა, რომელმაც ხანძარი გააჩინა. ამ ომში გამარჯვებიდან მალევე არქიტექტორმა ვ.მ სავკოვმა სასახლის რესტავრაციისთვის მზადება დაიწყო, შეაგროვეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე გადარჩენილი მარმარილოს ნატეხები, ნაძერწი ნივთები და მოხატულობები. ამ გადარჩენილი ნივთების ფრაგმენტების მოგროვებით რესტავრატორებმა ელაგინის სასახლის შიდა საცავის ერთი მხარე აღადგინეს. არქიტექტორ მ.მ პლოტნიკოვის ხელმძღვანელობით აღდგენილი ელაგინის სასახლე, კვლავ მუზეუმი გახდა, რომელშიც განთავსდა მინის, ფაიფურის, ხისა და სხვადასხვა მეტალისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები.

მას შემდეგ რაც ე.წ „გადახალისების“ პოლიტიკა დაიწყო, ლენინგრადის ხელოვნური მინის მუზეუმი დაიკეტა, მასში დაცული ექსპონატები კი ელაგინის კუნძულის მუზეუმში გადაიტანეს. დღესდღეობით ელაგინის სასახლეში სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშების დროებითი გამოფენები ტარდება, ასევე ეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები პეტრეს, ელიზავეტასა და ეკატერინეს სტილის მიხედვით. სასახლის წინ, კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, ტურისტებისთვის ღია ცის ქვეშ ეწყობა პიკნიკები, ფურშეტები და სხვადასხვა ღონისძიებები.

ელაგინის კუნძული და სასახლე
ელაგინის კუნძული და სასახლე
  • Пилявский В. И. Зодчий Росси. М.-Л.: ГИАиГ, 1951

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]