ეკონომიკური კრიზისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეკონომიკური კრიზისი — კვლავწარმოების ციკლის ერთ-ერთი ფაზა, ღრმა წინააღმდეგობათა ყველაზე მძაფრი და დამანგრეველი გამოვლინება, როდესაც მკვეთრად უარესდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ახასიათებს წარმოების მკვეთრი დაცემა, ირღვევა ჩამოყალიბებული საწარმოო კავშირები, კოტრდება საწარმოები, სწრაფად იზრდება უმუშევრობა რის შედეგადაც ეცემა მოსახლეობის ცხოვრების დონე. ეკონომიკური კრიზისი მოიცავს საკუთრივ კრიზისს, დეპრესიას, გამოცოცხლებას და აღმავლობას.

წარმოების შემცირება და უმუშევრობის ზრდა გადაჯაჭვულია აგრარულ, საბირჟო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, ფინანსურ კრიზისებთან, რაც განსაკუთრებულად ამძაფრებს ინფლაციის პროცესს, რომელიც უფრო და უფრო უმართავი ხდება. ამასთან, კრიზისი პოტენციურად დადებითი თვისებების მატარებელიც არის. იგი განვითარების გარკვეული ეტაპისათვის არა მხოლოდ კრიტიკული წერტილი, არამედ ახალი, უფრო მაღალი ეტაპის წანამძღვარი და საწყისია. ე. კ-ში იგულისხმება აგრეთვე გაყინვა (უძრაობა, სტაგნაცია), შეჩერება, დამთავრება და იმავე დროს გამოცოცხლების, მოძრაობის დაწყების წანამძღვრებიც.

ეკონომიკური კრიზისის სახეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია ეკონომიკური კრიზისის ორი ძირითადი სახეობა: ჭარბწარმოებისა და ნაკლწარმოების.

ჭარბწარმოების ეკონომიკური კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭარბწარმოების ეკონომიკური კრიზისი ეს არის კრიზისი, როდესაც წარმოების მეტობაა მოთხოვნასთან შედარებით. ახასიათებს პროდუქციის გასაღების სიძნელეთა უკიდურესი გამწვავება, არარეალიზებული პროდუქციის მარაგის ზრდა, მოწყობილობებსა და მშენებლობაზე შეკვეთების მკვეთრი შემცირება, სავაჭრო და სამრეწველო ფირმების მასობრივი გაკოტრება, საკრედიტო-ფინანსური სისტემის მოშლა, საქონლის წარმოების შეწყვეტა ან მნიშვნელოვანი შემცირება, რაც იწვევს უმუშევართა რაოდენობის სწრაფ ზრდასა და ხელფასის შემცირებას, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობის მკვეთრ დაქვეითებას. ჭარბწარმოების ეკონომიკური კრიზისი პერიოდულობით ხასიათდება. პირველი კრიზისი მოხდა ინგლისში 1825 წელს, სადაც ყველაზე ადრე განვითარდა კაპიტალისტური ურთიერთობანი. მას შემდეგ მეორე მსოფლიო ომამდე ეკონომიკური კრიზისი მეორდებოდა ყოველ 8–10–12 წელიწადში, ომის შემდგომ კი მისი პერიოდულობა შემცირდა (3–5 წელიწადში ერთხელ) და კრიზისი ნაკლებად მწვავე გახდა. ომის შემდგომ წლებში ჭარბწარმოების ეკონომიკური კრიზისი წარმოიშვა აშშ-ში (1948–1949, 1953–1954, 1957–1958, 1960–1961, 1969–1970, 1973–1975 და ა. შ.) და სხვადასხვა დროს – რიგ სხვა ქვეყნებში.

ნაკლწარმოების ეკონომიკური კრიზისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპიტალისტური ქვეყნებისაგან განსხვავებით, სოციალისტური ორიენტაციის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი იყო ნაკლწარმოების კრიზისი (წარმოების ჩამორჩენა მოთხოვნასთან შედარებით), რაც გამოიხატებოდა მოთხოვნასთან შედარებით მიწოდების ჩამორჩენით, ამასთან, მოთხოვნა მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარიანობის გამო მკვეთრად ჩამორჩებოდა მოსახლეობის რეალურ მოთხოვნილებებს. ყოველივე ამას განაპირობებდა მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორი. კერძოდ: წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრების აბსოლუტური ბატონობა; სამეურნეო საქმიანობის ზღვარდაუდებელი ცენტრალიზაცია, კონცენტრაცია და ბიუროკრატიზაცია სახელმწიფოს ხელში; კერძო საკუთრების, პირადი დაინტერესებისა და ინიციატივის, თავისუფალი კონკურენციისა და მეწარმეობის არარსებობა ან მაქსიმალური შეზღუდვა; ეკონომიკის საბაზრო თვითრეგულირების თითქმის მთლიანად ჩანაცვლება არაეფექტური, წარმოების განვითარების ბუნებრივი პროცესების შემაფერხებელი ფაქტორებით. სახელმწფო ცდილობდა ეკონომიკური განვითარების აღურიცხავი პროცესები და მაჩვენებლები ცენტრალიზებული წესით თვითონ განესაზღვრა, რაც რეალურად ყოვლად შეუძლებელი იყო. არსებითად ბიუროკრატიული აპარატის მუშაობა, როგორც წესი, უფრო ხელს უშლიდა, ვიდრე უწყობდა ეკონომიკაში ბუნებრივად მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების განვითარებას. ეს იყო მეურნეობრიობის საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი პარადოქსი, რომლისაგანაც თავის დაღწევის აუცილებელი პირობა იყო თვით საბჭოთა სისტემის შეცვლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიაში ცნობილია მრავალი ეკონომკური კრიზისი, რომელთაგან ძირითადად უნდა აღინიშნოს პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდგომი კრიზისები. პირველი მსოფლიო ეკონომკური კრიზისი იყო 1857 წელს. ყველაზე ღრმა, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მსოფლიო ეკონომკური კრიზისი მოხდა 1929–1933, რომელმაც შეარყია კაპიტალიზმის მსოფლიო ეკონომიკური სისტემა. ზოგიერთ ქვეყანაში სამრეწველო წარმოება შემცირდა 32–46 %, კომპანიების აქციების კურსი დაეცა 48–87 %. უზომოდ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი. 1933 წელს 32 დასავლურ ქვეყანაში 30 მლნ. უმუშევარი იყო, მ. შ. აშშ-ში – 14 მლნ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო ეკონომკური კრიზისი განმეორდა 1957–1958 და 1974–1975 წლებში, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებად მწვავე იყო. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანმა სახელმწიფო პროგრამირებამ, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელეს უმეტესმა დასავლურმა ქვეყნებმა, აგრეთვე ჯ. მ. კეინზის მიერ შემუშავებულმა ეკონომიკური კრიზისის რეგულირების თეორიამ და ამის საფუძველზე მთავრობათა მიერ განხორციელებულმა ანტიციკლურმა რეგულირებამ, გარკვეული მასტაბილიზებელი გავლენა მოახდინა დასავლური ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკური კრიზისები შემდგომ პერიოდშიც, მეტ-ნაკლები სიმწვავით მეორდებოდა, მაგრამ მათ უკანასკნელ დრომდე დიდი მასშტაბები არ მიუღიათ. 2008 წ. ზაფხულში აშშ-ში წარმოიშვა ფინანსური კრიზისი, რომელიც შემდგომ გადაიზარდა მსოფლიო ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისში. ყველაზე განვითარებულ 30 ქვეყანაში უმუშევრობის დონემ, 2009 წ. მონაცემებით, 8,5 %-ს მიაღწია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომიკებმა გლობალურ კრიზისთან საბრძოლველად 10 ტრილიონი დოლარი დახარჯეს. მთელი მსოფლიო 2008–2010 წწ. განმავლობაში წარმოების შემცირების, უმუშევრობის ზრდის, მოხმარების შეკვეცის, ინფლაციის ზრდის მომსწრე გახდა. მიმდინარე კრიზისი იმდენად ღრმა და მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მან ეჭვქვეშ დააყენა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობის საკითხი. 2011 წლიდან ფინანსურმა კრიზისმა განმეორებით იჩინა თავი ევროზონაში. სახელმწიფო ვალების ზრდისა და საბიუჯეტო დეფიციტის გაღრმავების შემდეგ დეფოლტის წინაშე აღმოჩნდნენ საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ამ ქვეყნებში მდგომარეობა 2012 წლისთვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა.

ეკონომიკური კრიზისი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა, მის პირველ ეტაპზე (1991–1994 წწ.) ღრმა, უმწვავესი კრიზისის მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი მიმდინარეობდა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი საქონლისა და მომსახურების არა ჭარბწარმოების ფონზე, არამედ უკიდურესი ნაკლწარმოების ბაზაზე, კერძოდ, მკვეთრად შემცირდა ეკონომიკის განვითარების დონის ამსახველი განმაზოგადებელი მაჩვენებლები და წარმოების მოცულობა, უკიდურესად მოიშალა საფინანსო სისტემა, ზღვარგადასულ მასშტაბებს მიაღწია ინფლაციამ, მინიმუმამდე დაქვეითდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების დონე. [[1994] წელს, 1990 წლის დონესთან შედარებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოება შემცირდა 72,5%-ით. გარეეკონომიკური კავშირების მოშლამ, სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მწვავე უკმარისობამ, სატრანსპორტო კომპლექსის პარალიზებამ ქვეყნის მეურნეობის ძირითადი დარგებიდან ყველაზე უარყოფითად მრეწველობაზე იმოქმედა. 1994 წელს სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის წარმოების მოცულობა შემცირდა 38,3%-ით.

გარდამავალი პერიოდის მეორე ეტაპზე (1995–2003 წწ.) ეკონომიკამ ნელ-ნელა იწყო გამოცოცხლება. 1995 წლის პირველ ნახევარში შეჩერდა მეურნეობის უკანსვლა, ხოლო მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა წარმოების ზრდის ტენდენცია, მაგრამ 1998 რუსეთსა და რიგ ქვეყნებში განვითარებული კრიზისის გამო საქართველოს ეკონომიკა კვლავ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაც წარმოების დაქვეითებასა და სამეურნეო აქტიურობის შემცირებით გამოიხატა. მომდევნო წლებში ეკონომიკას კვლავ დაეტყო გამოცოცხლება, თუმცა 2000 წლის მაჩვენებლები 1990 წლის დონეს არსებითად ჩამორჩებოდა. 2004 წლიდან დაიწყო მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეყნის ეკონომიკაში დაწყებულმა გამოცოცხლებამ მხოლოდ ნაწილობრივ გადაფარა 1991–1994 ეკონომიკის კატასტროფული უკუსვლა. ქართული ეკონომიკისთვის დარტყმა იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. 2009 წელს აღინიშნა 3,9 %-იანი კლება. აღნიშნული კრიზისის მთავარი მიზეზი იყო გადახდისუუნარო სუბიექტებზე დიდი მოცულობის იპოთეკური სესხების გაცემა. 2009 წლიდან საქართველოში დაიწყო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროცესი. 2011 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 7 %.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]